,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,აბა ომი გვინდა?
მახსოვს შევარდნაძის დროს შალვა რამიშვილის სკეჩი, რომელსაც “სტაბილურობა” ერქვა და სადაც მაშინდელი ხელისუფლების მთავარი მიღწევის “სტაბილურობის” გაშარჟება იყო. ისტორია დღესაც მეორდება, ოღონდ ამჯერად “სტაბილურობის” ნაცვლად სიტყვა “ომი” ფიგურირებს და ახლაც მუშაობს ქვეყანაში არსებული ღრმა კრიზისის საპირწონედ.
რა თქმა უნდა ომის მოსურნე მხოლოდ სულელი შეიძლება იყოს, მაგრამ დავფიქრდეთ რამდენად მოსალოდნელი და რეალურია ეს სცენარი?
უკრაინას ბუნებრივია აწყობს და ჩვენც მათ ადგილზე რომ ვიყოთ ასევე გვენდომებოდა სხვა ქვეყანასაც რომ ეომა მტერთან, მაგრამ ამ მიზნისთვის საქართველო ყველაზე ნაკლებად სასურველი ქვეყნაა, რადგან ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობის (ეკონომიკური, სამხედრო, მორალური, რიცხოვნული, ტერიტორიული…) გათვალისწინებით, ეს ომი ხომ მოკლევადიანი იქნება და საქართველოს სრული ანექსიითა და განადგურებით დასრულდება? ჩვენ რომ ძლიერი ქვეყანა ვიყოთ და რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეგვეძლოს კი ბატონო, მაშინ რეალური იქნებოდა დასავლეთსაც ჩვენი ომში ჩართვა რომ სდომოდათ, მაგრამ, რუსეთის უკრაინასთან წარუმატებლობის ფონზე, რუსეთის საქართველოსთან მოსალოდნელი წარმატება, რომელ ქვეყანას შეიძლება სურდეს? ალბათ არცერთს!
აბა ომი გვინდა? არა, ომი არ გვინდა, მაგრამ არც ასეთი მშვიდობაა კარგი, სადაც: ქვეყანა ხალხისგან დაცლილია, დემოგრაფიულად გადაშენების პირას ვართ, ქარხანა–ფაბრიკებს ვინ ჩივის, ჩვენი სამყოფი კიტრი და პომიდორი ვერ მოგვიყვანია, 600 000 კაცი სოციალურად დაუცველია, განათლება და ჯანდაცვა მოშლილია, ყველა სტრატეგიული ობიექტი გაყიდულია, ხალხი საბანკო კაბალაშია, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი განარკომანებულია და უმრავლესობას ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი, აზარტული ბიზნესი აყვავებულია, მშენებარე ბინების დიდი ნაწილი უცხოელებზე გაყიდულია, ტელემედია სიცრუის სამსახურშია, პოლიტიკაში ვაჭრუკანების დოღია, ქვეყანა ემიგრანტების გზავნილებსა და ტურისტების იმედზეა…
ამ რეალობაში კი, შევარდნაძის დროინდელი რიტორიკა მეორდება და თუ მაშინ სიტყვა სტაბილურობა იყო ყველაფრის გამართლება–გადაფარვის “წამალი”, დღეს ასეთი სიტყვა ომია.
შესაბამისად, ხელისუფლების, რომელსაც 11 წელი ჰქონდა აღმშენებლობისთვის და ფაქტობრივად ღირებული არაფერი გაუკეთებია გარდა ერთისა, წინა ხელისუფლების მსგავსად ხალხი არ უტერორებია, მისი კურსის ფარული მხარდაჭერა გინდა “სტაბილურობით” და გინდა “ომით”, რბილად რომ ვთქვათ არასწორია!”
კომენტარები