მწერალი, “ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
“ანატორი” ჩააგდეს, არც წაიკითხეს და, თუ წაიკითხეს, ვერ გაიგეს, ან არ გაიგეს, ვინ არიან, რისი შემფასებლები, ქართული ლიტერატურა პრემიების სხვადასხვა გილიოტინაზე თავის წასხეპვის პროცესშია, ჯალათები ლიტერატორებად გვევლინებიან… შექმენი “ანატორი”, ტაბუდადებული მისტიკური ამბავი გააცოცხლე, ხევსურთა გმირული სულისკვეთება და ქართველთა სპარტანელთასებური თავგანწირვა პანდემიასთან ბრძოლასა და სიკვდილთან მაღალზნეობრივი, ადამიანური ჭიდილის მიძინებული მაგალითი ღირსების წარმოსაჩენად გააცოცხლე, ზოგადსაკაცობრიო თემატიკა, რომელიც მისაბაძია არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებისთვისაც სამზეოზე გამოიტანე, მერე რაა, ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ ხელოვნების უნებლიე ჯალათებს, უსირცხვილოებს, უჯიშოებს, არა ქართველებს, “ანატორი” ჩააგდეთ?..
აქ ავტორი არაფერ შუაშია, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ნაწარმოებს, რომელსაც, თუკი თქვენაირების ხელში სული არ დაღაფა ქართულმა ლიტერატურამ, გვერდს მაინც ვერ აუვლის ქართული მწერლობა “ანატორის” უკვდავ მაგალითს…
არა, ასე არ შეიძლება, ლიტერატურის მკვლელობის უფლებას ვეღარ მოგცემთ, თქვენ ამით კლავთ ხელოვნების ყველა დარგს, რადგან ოდითგანვე არსებული ლიტერატურის გარეშე ხელოვნების არცერთი სფერო არ განვითარდება. თქვენ კლავთ ქართულ ლიტერატურას მიზანმიმართულად თუ უგუნურებით, შედეგობრივი თვალსაზრისით ეს ჩემთვის ერთნაირად ჯალათობაა.
ავტორმა ყველაზე უკეთ იცის რას ქმნის, ვისთვის და რა მნიშვნელობისთვის ქმნის და თქვენ უდიერნო ხელი არ გიკანკალებთ, “ანატორის” მნიშვნელობას როცა აბათილებთ?…
მიმოიხედეთ, თქვე ბრუტიანნო, დედამიწაზე პანდემია მძვინვარებს, საქართველოში უხილავი სიკვდილი დათარეშობს და “ანატორი” სწორედ პანდემიაზეა, თანადროულია, სიყვარულისა და სიკვდილის შიშზე მაღალადამიანურობის მაგალითების გამოვლინებაზეა… ქართველმა მწერალმა სხვა რა უნდა ჰქნას, ატომური ბომბი ისროლოს? რას სთავაზობთ მომავალ თაობას, მკვდარ ხელოვნებას?.. თქვე სამარცხვინოებო, ეხებით და ხელებს აფათურებთ ისეთ სფეროში, რომლის არსისა და მნიშვნელობის აზრზე არა ხართ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობისა და ვიღაცის გულის მოგებისთვის იღწვით!..”
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, რამდენიმე ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა სახელმწიფო უწყებების მიერ, მათგან ერთი რეკორდულად იმდენად მცირე დროში, რომ არაერთი ავტორის აზრით, კონკურსზე წარდგენილი ლამის ასამდე წიგნის წაკითხვაც კი შეუძლებელია, ასეთ მცირე დროში, არათუ განხილვა.
კომენტარები