ხელოვნების მუზეუმში დაცული ფერწერული ნამუშევრები საფრთხეშია. უნიკალური ნახატები, სავარაუდოდ, მუზეუმის საპირფარეშოდან გაჟონილი წყლით დაინესტა და ზიანდება.
„პირველებს“ ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, გია მარსაგიშვილი უყვება, რომ სველი წერტილიდან მოხდა წყლის გაჟონვა, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო. თუმცა, რატომ განთავსდა ფერწერული ტილოები ისეთ ოთახში, რომელიც დაცული არ იყო, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ:
მაშინ, მე ფეხის ოპერაცია მქონდა გაკეთებული, არ დავდიოდი, ისე ვიცი, რომ იქიდან გაჟონა წყალმა, სად ჩავიდა და რა ჩავიდა, ეგ არ ვიცი. გაჟონა სველი წერტილიდან,“ – ამბობს გია მარსაგიშვილი.
ხელოვნებათმცოდნეებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული. ახლა ყველა თეა წულუკიანის უწყებისგან ითხოვს განმარტებებს, რა ხდება მუზეუმში და რა მდგომარეობაშია ფერწერული ტილოები.
„ლელოს“ წევრი დეა მეტრეველი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს სადეპუტატო კითხვითაც მიმართეს, თუმცა უწყებიდან პასუხი არ მიუღიათ.
პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სადეპუტატო კითხვით მიმართა კულტურის სამინისტროს და კულტურის მინისტრს. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ თავის ჩვეულ სტილში დაარღვია კანონი, უგულებელყო პარლამენტის რეგლამენტი და ასევე, კონსტიტუციის 43-ე მუხლი, არ გასცა აღნიშნული ინფორმაცია. გვინდა, მივმართოთ კულტურის სამინისტროს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ხელოვნების მუზეუმში, იმიტომ, რომ აღნიშნული ინფორმაციის დამალვით, ერთგვარად უტყუარი ხდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მუზეუმში ნამდვილად საგანგაშო ვითარებაა და ადგილი ჰქონდა ნამდვილად აღნიშნული ფერწერული ნამუშევრების დაზიანებას,“ – ამბობს დეა მეტრეველი.
ეკა კიკნაძის ინფორმაციით, დაზიანებულია ათეულობით ექსპონატი.
კულტურის სამინისტრო არის აბსოლუტურად დახურული უწყება, იქიდან ინფორმაციის მიღება არის შეუძლებელი, ამიტომ ჩვენ როგორც ვიცით, ეს არის ფერწერის საცავში გახეთქილი წყლის მილი და ათეულობით დაზიანებული ექსპონატი. წულუკიანის გუნდს, რომელსაც ასეთი ფართო სპექტრი კომპეტენციების არ აქვს, წავიდა კოსმეტიკური რემონტის გზით, რაც არის დამღუპველი ხელოვნების მუზეუმისთვის და მე ძალიან ვშიშობ, რომ ჩვენ ხელოვნების მუზეუმის საკითხს მივიღებთ ისეთივე შედეგით, როგორც გვქონდა გელათი, ანუ ბიუჯეტიდან დაიხარჯება მილიონობით ლარი არასწორ მართვაში,“ – ამბობს ეკა კიკნაძე.
კომენტარები