იურისტი ინა ბრეგვაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მთელი წლის მანძილზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის (იგივე სასწრაფო) შესასყიდი რაოდენობა იმ ყბადაღებული და არშემდგარი CON210000069 ტენდერიდან არის 790 000 წყვილი ხელთათმანი.
ამ ეტაპზე, როგორც მოხსენებით ბარათშია განმარტებული, ყიდულობენ გადაუდებელი შესყიდვით 300 000 წყვილ ხელთათმანს თებერვლის მარაგის შესავსებად. ღირებულება ამ გადაუდებელი შესყიდვის არის 174000 ლარი.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხელთათმანების შესასყიდად ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ტენდერი მოიგო ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის კომპანია “გეფამ”, (მთლიანობაში 8 მილიონამდე ღირებულების ტენდერებით) თუმცა, “გეფას” დისკვალიფიკაცია მისცეს. დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ რადგან კომსოლიდირებული ტენდერები უარყოფითი შედეგით დასრულდა, ამიტომ გადაუდებელი შესყიდვით უნდა შეისყიდონ, მაგრამ…. ამასობაში, გაგიკვირდებათ და, ბაზარი მოუკვლევიათ და აღმოუჩენიათ, რომ უტალკო ხელთათმანი ძვირია და გადაწყვიტეს არასტერილური ხელთათმანი იყიდონ და სწორედ, ამის ხარჯზე გააკეთოთ ეკონომია:
მართალია, ოფიციალური წერილების მიხედვით, თებერვლის მარაგია შესავსები და ასევე ვრცლად წერენ კიდევ იმაზეც, რომ ამ ხელთათმანების გარეშე ვერ შესძლებენ პაციენტებს მოემსახურონ სრულყოფილად, მაგრამ – ხელთათმანების მიწოდება, არც მეტი, არც ნაკლები მარტში მოხდება – ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თებერვალში “სასწრაფოს” თანამშრომლები ხელთათმანების მარაგის გარეშე იყვნენ დარჩენილნი?
მოხსენებით ბარათში ასევე საინტერესოა მსოფლიო ბანკის (WB IBRD 9113-GE) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB LO338A) მიერ COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში მისაღები პერსონალური დაცვის საშუალებების, მათ შორის 3 300 000 წყვილი ხელთათმანის გაურკვეველი ბედი, ეს ტვირთი ჯერ კიდევ ნოემბერში უნდა მიეღო ცენტრს და თებერვალი გადის არ მიუღია.
აღნიშულ პროექტს მაშინდელი ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე კურირებდა.
მას შემდეგ, რაც ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობდა დატოვა, 9 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრო წერილს უგზავნის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს და განმარტავს რატომ აგვიანდება კონკრეტულად ხელთათმანებს – და ამბობს რომ ხელთათმანების და რესპირატორების ინსპექტირება მიმდინარეობს და მის ჩამოსვლას დააგვიანდება რადგან ტვირთი მოდის გემით! 9 დეკემბრიდან 45 დღეც გავიდა და 78-იც, მაგრამ ხელთათმანები ისევ არ არის! ასევე უცნაურია ისიც, რომ ამ ხელთათმანთა ოდენობა ერთ წერილში 3 300 000-ია და მეორე წერილში 4 300 000.
ხომ არ არის ეს “შეფერხება” გამოწვეული იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ძმა თანამდებებობიდან მოხსნა ქალბატონმა ტიკარაძემ პირველ დეკემბერს?
ამ აზრს ამყარებს ის ფაქტი, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს ცენტრმა მიმართა სააგენტოს 500 000 წყვილი ხელთათმანის და 100 000 ცალი ერთჯერადი ხალათის გადაუდებლად შეძენის ნებართვისთვის, რის მიზეზადაც დასახელებულია ზემოთ აღნიშნული მსოფლიო და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკების მიერ საქონლის მოწოდების შეფერხება. დეკემბრის გადაუდებელი შესყიდვის ღირებულებაა 690 000 ლარი.
როგორ ხდება ცენტრის ბიუჯეტის მართვა, დაგეგმვა, იყო თუ არა დარღვევები ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობის დროს ცენტრის მუშაობაში, ამას უკვე ორი თვეა სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური. ასევე როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო აუდიტიც აპირებს დაინტერესდეს ცენტრის საქმიანობით.
როგორც ჩანს, წელს ხელთათმანების შეძენის, დაკარგვის, ჩუქების, გაჩუქების წელია. შარშან დაახლოებით იგივე ხდებოდა პირბადეებთნ დაკავშირებით.”
“ალია” კი შეგახსენებთ, რომ ავთანდილ თალკავაძის გათავისუფლების ფაქტს, ჯერ კიდევ მაშინვე მოჰყვა საუბრები კორუფციაზე და იგი შეფასდა “შეტევად ქვემდგომ კორუფციონერებზე”:
ლაშა ჩხარტიშვილი:
“ერთი საკითხია ვინ რა ვერ გაიყო კორუფციულად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბარტყების გადმოგდება, საკუთარი დანაშაულის ვერდაფარვა და გადაბრალება შედარებით ქვემდგომ კორუფციონერებზე, როგორიც არის ავთანდილ თალაკვაძე. დარწმუნებული ვარ, ამ მდომარეობაში მალე ტიკარაძესა და გახარიასაც ვიხილავთ”
ეკა ბესელია:
“მე პირადად ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს, თუმცა არ იზიარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც სამინისტრო ატარებს – ამ შემთხვევაშიც შესაძლოა ესაა დაპირისპირების მიზეზი”
ავთანდილ თალაკვაძის ბიზნესინტერესებზე “ალიაც” არაერთხელ წერდა. რაც შეეხება ხელთათანებს, რომლის მოგებული ტენდერიც ჯიბიდან ააცალეს გამყრელიძის ვაჟს არჩევნების მერე – მართლაც უცნაური ამბავია, სად გაქრა ტვირთი, რომელიც გემით მოჰქონდათ, როგორც გვიმტკიცებდნენ? რატომ გადაწყვიტეს ეკონომიის გაკეთება სამედიცინო პერსონალის აღჭურვილობაზე? რატომ ავსებენ თებერვლის მარაგს მარტში? იციან თუ არა, იმ ორგანიზაციებმა, ვინც ხელთათმანები გვაჩუქა, რომ ჯერ ისევ არ მიგვიღია?
ხელთათმანია, ქალბატონებო და ბატონებო, ვაქცინა ხომ არა? მეორეს მხრივ, ხელთათმანით თუ ვერ ვახერხებთ მედ. პერსონალის მომარაგებას, ვაქცინის იმედი რატომ უნდა გვქონდეს?
კომენტარები