ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქიდან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, თეორიული რისკია, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.
„მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არსად შეჩერებულა, არც იმ ქვეყნებში, სადაც პიკი გადაიარეს და საიდანაც ეს დაავადება წამოვიდა. არც ერთი ფაქტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული არ არის ამ ვირუსის სურსათისმიერი გადაცემის. როგორც იმპორტით შემოდის სურსათი, ასევე საქართველოს შიდა ტერიტორიაზე – თბილისიდან საკარანტინო ზონაში, ბოლნისსა და მარნეულში შედის პროდუქცია და იქიდანაც სხვადასხვა პროდუქტი გამოდის ჩვეულებრივად. ეს არის ხილი და ბოსტნეული. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში ბევრი საწარმოა, ეს არის ხილ-ბოსტნეულის წარმოება, რძის წარმოება, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასახვა ტერიტორიაზე. თუმცა, კონტროლზე არიან აყვანილი თვითონ პიროვნებები. როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და არა სხვა ნივთებიდან და სურსათით. ამიტომ გაკონტროლებულები არიან ადამიანები და მათი ნაკადის მოძრაობა. როგორც მძღოლები, ასევე დისტრიბუტორები უნდა იყვნენ ეკიპირებული, აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით. მათ გადაადგილებას აკონტროლებს პატრული. ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამიტომ ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები“, – განაცხადა კალანდაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლებმა ხილი და ბოსტნეული საპნით უნდა გარეცხონ.
„ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ხილ-ბოსტნეული გაირეცხოს საპნით, რომ ჩამოვაშოროთ ბაქტერიები. სასურველია ასევე, რომ პროდუქტმა გაიაროს თერმული დამუშავება. პროდუქტი, რომელსაც უმად მივირთმევთ, კარგად უნდა გავრეცხოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ. უმი ბოსტნეული – სტაფილო და ჭარხალი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, უნდა გავრეცხოთ, გავთალოთ და კვლავ გავრეცხოთ. ამ შემთხვევაში ის რისკს არ წარმოადგენს“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებად არის აგრარულ ბაზრებზე. ამასთან, კალანდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა ღია და დახურულ აგრარულ ბაზარს მისცა რეკომენდაცია, კონკრეტული წესები დაიცვან.
კომენტარები