ფსიქიატრმა გიორგი გოგინავამ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ მიმდინარე პროცესზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის კითხვას, საერთოდ აქვთ თუ არა პატიმრებს მაჯის საათის ტარების უფლება, ასე უპასუხა:
“ბატონო გელა, თქვენ გამოცდილი უფლებადამცველი ბრძანდებით და კარგად იცით, რომ წამება კასკადური მოვლენაა – ეს არაა მხოლოდ შეურაცხყოფა, ჯაჯგური, ფრჩხილების დაძრობა. რაც შეეხება მაჯის საათს, მისი ქონის უფლება მიხეილ სააკაშვილს არც ამ ინციდენტის ღამეს ჰქონდა არც მანამდე. რატომღაც აქტუალური ეს გახდა იმის შემდეგ, როდესაც მისი გადაყვანა არ მოხდა. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ამ უმძიმესი ეპიზოდის გადატანის შემდეგ, ამ ადამიანს ეს მაჯის საათი ჩამორთმეოდა მაშინ, როდესაც ის გამოიღვიძებდა, მაგრამ ღამის 12:30-დან 01:00-ის შუალედში შევარდნა და ამ მაჯის საათის წართმევა, ჩვენს მიერ, როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერ, ასევე, მარიამ ჯიშკარიანის მიერ შეფასებულია, როგორც არასათანადო მოპყრობა“
ამასთან, სიტყვა “შევარდნა“ გააპროტესტეს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ, თქვა:
“რაც არ გინახავთ ტყუილად ნუ ლაპარაკობთ, თორემ გაგახსენებთ კიდევ სხვა რაღაცებს, რაც გინახავთ პირადად ჩემთან. თქვენ და ქალბატონი მარიამი ისხედით ჩემთან კაბინეტში, ყავას მიირთმევდით და იქ გამიჟღერეთ და თქვენი ხითხითიც კარგად მახსოვს, რომ თუ თქვენ დროულად არ შეგვიყვანთ ბატონ მიხეილთანო, ახლა ავდგებით და გავავრცელებთ ჭორს, რომ ნეიროლეფსიური წამება გქონდათ აქო, გახსოვთ ეს კარგად ? მე ძალიან კარგად მახსოვს. ხითხითიც ხომ კარგად გახსოვთ?“
კომენტარები