ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,ხმების ქურდს, ბიძინა ივანიშვილს კი არ აქვს მხოლოდ პასუხი საგები, არამედ ოპოზიციასაც, საკუთარი უნიათობისა და ხალხის დაღალატების გამო.
ჟირაფი შორს ხედავს და ფეხებთან ვერ. ზუსტად ეგრეა ჩვენი პოლიტიკური კლასი, მაგრამ მათი “შორს” – ანუ თვალსაწიერი საკუთარი კეთილდღეობისა და მწირი პოლიტიკური ინტელექტის მიღმა არ არსებობს.
იცით, რას ვერ ხვდებით, ვინც ჩივით, „სად არიან ქართული გაზაფხულის შემოქმედნი?“, იმას, რომ თქვენ ფიქრობთ და ღმერთმა იცის რას ასკვნით, ისინი გრძნობენ.
ვერ გაგაგებინეთ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აი ჯენზებს რომ ეძახით, სხვა კოდი აქვთ, რაც მათთვის ბუნებრივია, უმეტესობას კი არ ესმის ეს რა არის. მათ იმის დასადასტურებლად, რომ ვიღაც “ჩათლახია” მისი დოსიეს წაკითხვა არ სჭირდებათ – ხვდებიან.
იცით რას ხვდებიან? ოპოზიციამ რომ მოატყუა, დააღალატა და ბოდიშიც არ მოუხადა.
მათმა უმეტესობამ “დაიტოვეში” კი არ დაწერა, ხმის მისაცემად გვინდა წასვლა და ფული მოგეცით ან საწვავი ჩაგვისხითო (ამაში დასაძრახი არაფერია თავისთავად, თუმცა გაუგებარია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ასპექტით), არამედ სპარში, ნიკორაში, ფრესკოში, 2 ნაბიჯში, სასტუმროების, რესტორნების, კაფეებისა თუ მომსახურების სხვა სფეროებში ხელებ, ფეხებ და ნერვებდაწყვეტილებმა ჩუმად და პატიოსნად, საკუთარი ხარჯით მოიხადეს ვალი.
ამ პრიზმაში რა ევალებოდათ პარტიებს? მათი ხმების დაცვა. და მითხარით, ვის გამოაპარებთ იმას, რომ რომელიღაც ოპოზიციური პარტიისგან კომისიაში მამალი ქოცი იყო წარდგენილი, მანდ ანგარება არ არის? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ამ ანგარების ავტორი, მათთვის ეს “ოპოზიციაა” – მორჩა და გათავდა.
ვინმემ მოუხადა ბოდიში ამომრჩეველს მათი დარწმუნებისთვის, რომ არჩევნები არ და ვერ გაყალბდებოდა და ახლა ისევ, მათგან ითხოვენ ხმების დაცვას? აქ ხომ ლოგიკა მარტივია, ძალიან მარტივი – მატყუარა-მატყუარაა, სულელი-სულელია, უვიცი-უვიცია და უმეტეს პოლიტიკოსებში ჩაბუდებული ამბიცია მარაზმს მიღმაა უკვე.
ახლა უფრო დეტალურად – მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ბოდიში მოსახდელი? აქვს! არა მხოლოდ ამომრჩევლისთვის, იმ საზიზღარი სიის გამო, რომელიც წარადგინა (!), არამედ საკუთარი პარტიის წევრებისა და მომხრეების მიმართ. მარტივი კითხვა მაქვს: სულ რამდენიმე, ერთ ხელზე ჩამოსათვლელი გამონაკლისის გარდა, წლების განმავლობაში პარლამენტში ყოფნით, რა კვალი დატოვეს იმ ადამიანებმა სახელმწიფოს და გნებავთ პარტიის წარმატებაში, რომლებიც ამ არჩევნებზე სიის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ? ანუ, ვიღაცას არ სჯეროდა არა მხოლოდ ოპოზიციის, პარტიის წარმატებისაც კი და თავი მოიკლეს გამსვლელ სიაში „ჩაჯდომის“ გამო.
აბსოლუტურად შეგნებულად შევიკავებ თავს ცალკეული კონკრეტიკისგან და იმ ზიანზე საუბრისგან რაც სააკაშვილმა და არა მხოლოდ მან, რა თქმა უნდა, ენმ-ს და მთლიანად საარჩევნო პროცესს მიაყენეს. ეს სია და საარჩევნო კამპანია იყო იმის დასტური, რომ ხეჭეჭურის ნერგითაც (ნახეთ ფილმი „ნერგები“ და მიხვდებით ამ ალეგორიას) კი გაჭირდება ახლა პარტიის ამოყვანა იმ ვითარებიდან, რომელშიც იმყოფება. და კიდევ, ისევ მიშა სააკაშვილს და პარტიის ხელმძღვანელობას ვეკითხები: ამ 12 წელს კი არა, მიშას ცხრა წლის განმავლობაში რომ იყვნენ ადგილებზე ლიდერები, ისევ ისინი რომ არიან და პარტიაში არაფერი იცვლება ეგ როგორ ხდება? განახლება და ცვლა მხოლოდ ხელისუფლებებს ესაჭიროებათ? “მოძრაობა და მოძრაობა” მართლა თერგისთვის კი არ დაწერა ილია ჭავჭავაძემ. აქ არ შევჩერდები რეალობის აღქმის იმ პრობლემაზე, რომელიც დგას სატუსაღოში მყოფი ადამიანისთვის. არც იმაზე, თუ როგორ ჩაარტყა ზურგში დანა პარტიას ეროვნული კომიტეტის შექმნით. (ამ გადაწყვეტილებით, რომელი ერთი ამოცანა შესრულდა? „ერთიანობის“ თუ მთავარი არხის კარი გაიხსნა ენმ-სთვის? რაც შესრულდა ის იყო, რომ ინტრიგების და ვაჭრობის არეალი გაიზარდა პარტიაში. კი, ეს ნამდვილად მოხდა. არ გავაგრძელებ, კიდევ ბევრია სათქმელი. მაგრამ ეს ბევრი საერთოდ არ აინტერესებს ამომრჩეველს და მხარდამჭერს, მან იხილა დასუსტებული ენმ-ს, რომლის წევრების უმეტესობას (რომელსაც საკუთარ გუნებაში სიაში წინ ჰქონდა ადგილი დაგულებული და ვერ მოხვდა) 25 სექტემბრის შემდეგ ხელი არ გაუნძრევია პარტიის სასარგებლოდ. ნუ, ვინც წინ ჩაწერეს, არც მათი უმეტესობა გარჯილა ხეირიანად.
რადგან დაწერილი მაქვს ამიტომ გავიმეორებ. პარტიამ საარჩევნო კამპანია იმ სტრატეგიით აწარმოვა, რომელიც ასე თუ ისე, 2020 წელს იყო მისაღები. თუმცა ვერც მისი ტაქტიკური რეალიზება შეძლო.
ახლა რა პროცესიც მიდის პარტიაში, ეს კიდევ უფრო პრობლემურია დღევანდელი გადასახედიდან, მომავლის პერსპექტივაში.
საარჩევნო სიის 4 ნომერზე რა ვთქვა? არაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ აქ ყველაფერი დღესავით არის ნათელი. ნათელი იმათთვის, ვინც ფიქრობს. ვინც გრძნობს ფაქტების გარეშე, იმათთვის საერთოდ სავალალოა.
თვით ხაზარაძეც კი მართალი იყო 4 ნომერთან, კოალიციის ჩაშლაში. ივანიშვილის პირდაპირ გაგრძელებას – გილაურს რომ დაასახელებ პრემიერობის კანდიდატად, მანდ უკვე დიდი პრობლემაა, თუნდაც ქმედება გულწრფელი იყოს. და ახლა მაქვს კითხვა „აჰლებთან“: ბატონი გილაური – პრემიერობის კანდიდატი, მიიჩნევს არჩევნებს გაყალბებულად? იქნებ ვინმემ ისიც თქვას, რომ პრემიერობის კანდიდატი პოლიტიკური ფიგურა არ არის. ვინმესთვის უცნობია, რომ არჩევნებზე შავი ფული ტრიალებს და ის ხშირ შემთხვევაში თეთრ ფულზე ორჯერ მეტია. და თეთრი ფული მილიონები საიდან პარტიას, იმ ქვეყანაში, სადაც „ბუტკის“ დადგმაც კი ბიძინას ნებით ხდება? სხვა დანარჩენი, თუნდაც ახლანდელი პროცესი – ბელეტრისტიკაა. მით უფრო მაშინ, როდესაც პარტიის ლიდერმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისას, პირველი ემოცია იმით გამოხატა, ოპოზიციაში ყველას ვაჯობეთო. ისე ფული, მხოლოდ ბიძინასთვის კი არ ანათებს ჯოჯოხეთს, ანათებს რა… და ეგაა )). ჰო, აქ ბოდიშს არავინ მოიხდის, თუნდაც „არჩევნები არ გაყალბდება“ კონტექსტში – თუმცა, ხალხს თვალებში „აჰალი“ სინათლე აშკარად შეუვიდა.
ხაზარაძეს მაინც არ ეყო პოლიტიკური ალღო პროცესები „მინდას“ პრიზმის გარეთ გაეყვანა. ალღო, თორემ მისგან პოლიტიკოსობას არც არავინ ითხოვდა და ითხოვს. პირდაპირ ვიტყვი – საშინელი საარჩევნო კამპანია „ეროვნულ-პატრიოტული“ ღირებულებების საპირწონედ. გესაუბრებიან მშვიდობაზე, ოჯახზე და უპასუხებ ათასი ლარით… არა და კონსერვატორულ ნიშაში ხაზარაძეს ნამდვილად შეეძლო ბევრად მეტის მიღწევა და გახარიასთან ალიანსის შემთხვევაში, ორივე პარტია ამ მოცემულობაში მართლაც გახდებოდა მთავარი ოპოზიციური ძალა კი არა, მომავალი სამთავრობო კოალიციის მთავარი აქტორი. გაერთიანების შემთხვევაში პროცენტული დისპროპორცია ბევრად სხვა იქნებოდა, თუნდაც გაყალბების პრიზმაში. და არც უშველიდა ბიძინას ის, რაც აკეთა.
გახარიამ ერთის შეხედვით ყველაზე გონივრულად ითამაშა სტრატეგიულ კონტექსტში, რადგან მის გარეშე, სულ რომ 8 ადამიანი გაეყვანა პარლამენტში, კოალიცია ვერ შედგებოდა. მაგრამ აქაც აშკარა იყო პერსონალური – პიროვნული ფაქტორი. ვაღიარებ, ამ შემთხვევაში გახარიასი გადასარევად მესმის. ვინ-ვინ და მან შემწვარ-მოხარშულად იცის ოპოზიციის ლიდერების ვნებებიც და ბევრი სხვა რამ. შესაძლოა, უდიდეს შეცდომას ვუშვებ, თუმცა ამ ვითარებაში ყველაზე მეტად მისი მჯერა, უფრო სწორად იმის, რომ ის და მისი გუნდა პარლამენტში არ შევლენ. რაც შეეხება გახარიას საარჩევნო კამპანიას, აქაც იყო დიდი შეცდომები. ვერც მან მოძებნა მშვიდობისა და ოჯახური ღირებულებების თემების არა თუ გადასაფარი, გასანეიტრალებელი ფორმულები. ისე, ხაზარაძესთან ჩაშლილ მოლაპარაკებებში არც გახარიაა უმწიკვლო. ასევე, გახარიას გუნდიც იძლეოდა პირობას – ვის მისცემთ ხმას ვერავინ გაიგებსო. ვერც გახარიას დაიცვა საკუთარი ამომრჩევლის ხმა და არც არჩევნების შემდეგი დღეს წარმოუთქვამს – „მოდით დავიწყოთ ბოდიშით…“.
ეს ყველაფერი ზემოთ დევს იმათთვის ,ვინც კრიტიკულად ვფიქრობთ და ცალკეული ფაქტებიც ვიცით. ვინც არ იცის – „გრძნობს“ – გესმით? გრძნობს, რომ მორიგჯერ მოატყუეს, უღალატეს და ახლაც არ უნდა გაბითურებული აღმოჩნდეს სააკაშვილისგან, მელია-გვარამიასგან, ხაზარაძისგან, გახარიასგან…
ამიტომ, სად არის ხალხი არ არის რელევანტური კითხვა. ხალხი იქნება ის და მაშინ როდესაც თავად გადაწყვეტს. სწორი კითხვაა – სად იყავით თქვენ და სად იქნებით თქვენ ხვალ – პარლამენტში? მთავრობაში? რის და ვის ხარჯზე?
ჯერაც არ არის გვიანი – უთხარით ხალხს ბოდიში ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ნაცვლად. რასაც თქვენ მათ მიკროფონებიდან ეუბნებით, იმაზე მეტი იციან. ისიც იციან ვინ ეუბნება. ამას აქვე მნიშვნელობა. სენეკას და ნიცშეს მიაპყარით ყურადღება – მნიშვნელოვანია ვინ ამბობს და მერე – რას ამბობს.
რაც არ დავწერე ჩათვალეთ დაგინდეთ. მაგრამ ეგ დროებით.
ჰო, ბარემ ამასაც ვიტყვი – ჩვენს ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “ბოდიში” სისუსტეა. ბოდიშის მერე პასუხიც უნდა აგო. აი ეს კი, არავის უნდა. საქართველოში პოლიტიკოსების დანაშაულებისა და შეცდომების გამო სასჯელს და საფასურს მხოლოდ ხალხი იხდის.“
კომენტარები