ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას მიმართ განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
გუგა ბარბაქაძის უფლებადამცველის განცხადებით, სამართლებრივად არ არის გამორიცხული, განაჩენის გამოცხადება გადადონ. მისი თქმით, მთელი რიგი მტკიცებულებები აქვს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბარბაქაძის უდანაშაულობას.
რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება უკვე მიღწეულია.
„დღეს კონკრეტულად განიხილება ჩემი საკასაციო საჩივარი ლევან დადუნაშვილის ბრალდების ნაწილში. წინა სასამართლო სხდომაზე განვიხილეთ პროკურორის საკასაციო საჩივარი დავით სარალიძის ეპიზოდთან დაკავშირებით. დღესვე აქვს მოსამართლეს განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა, თუმცა სამართლებრივად ისიც არის შესაძლებელი, რომ განაჩენის გამოტანა გადაიდოს. მაქვს მთელი რიგი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებს გუგა ბარბაქაძის უდანაშაულობაში. ზოგადად, არაერთხელ მითქვამს, რომ აღნიშნულ საქმეს რომ მოვაშოროთ პოლიტიკური და საზოგადოების დიდი ინტერესი, სამართლებრივად მე რა მტკიცებულბათა ერთობლიობაც მაქვს, ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბარბაქაძის უდანაშაულობაში. ბრალდების მხარე ედავება როგორც დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, ასევე მე მაქვს გასაჩივრებული ლევან დადუნაშვილის ეპიზოდი, სადაც ბარბაქაძეს 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარებული. არ არის საუბარი ერთ და ორ მტკიცებულებაზე, მაქვს მთელი რიგი მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გუგა ბარბაქაძის დანით სასიკვდილო ჭრილობა არ არის მიყენებული“, – განაცხადა გიორგი ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს, გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.
კომენტარები