საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას:
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხადრ მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დროებით აიღო, მდინარაძემ უპასუხა, რომ “იქ ყველაფერი გარკვეულია და გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს.”
“გუნდის სახელით ჯერ ვერ ვილაპარაკებ, ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, თუმცა არ მგონია, რომ გუნდს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ. ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება იმიტომ, რომ ეს არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი. თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი არის დროებითი და თანამდებობის დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი. როგორც ღირსეულს და თავისი საქმის პროფესიონალს, მე მას მხარს დავუჭერ”
კომენტარები