“ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი 50% ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა დანამატების გაცემა აღნიშნულ თანამშრომლებზე. რიგითი თანამშრომლების წახალისება მოხდა მარტის თვეში, თუმცა ვიაზრებთ რა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში” – ასე გვიპასუხეს ხულოს მერიაში TV25.GE-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
ხულოს მერია არ გვაწვდის ინფორმაციას თუ ვინ მიიღო პრემია. უწყება არც იმ მტკიცებულებას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც თანხების უკან დაბრუნების ფაქტი დადასტურდება.
ცნობისთვის, ხულოს მერიაში თანამშრომელებმა პრემია აიღეს – ამის შესახებ ინფორმაცია TV25.GE-ს უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ თანხა ამჯერად 17-მდე დასაქმებულს ჩაერიცხა. მათ შორისაა მუნიციპალიტეტის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.
TV25.GE-ს ზარებს არც მუნიციპალიტეტის პირველი პირი და მოადგილეები პასუხობენ.
ჩვენს ზარებს არც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს.
კანცელარიის თანამშრომელი, რომელსაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით პრემია ჩაერიცხა უწყების პრესცენტრისკენ გადაგვამისამართა. გურანდა თავართქილაძემ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ დასაქმებულებმა პრემია მიიღეს.
კომენტარები