ჩინეთი განზრახ მალავდა ან ანადგურებდა კორონავირუსის ეპიდაფექთების მტკიცებულებებს, – ამის შესახებ ნათქვამია 15-გვერდიან ანგარიშში, რომელიც „ხუთი თვალის“ სადაზვერვო ალიანსმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია) მოამზადა. ანგარიშზე წვდომა გამოცემა The Daily Telegraph-მა მოიპოვა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის არსებობის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას მალავდა, ახდენდა ზეწოლას ექიმებზე და ანადგურებდა ლაბორატორიებში არსებულ მტკიცებულებებს, რითაც საფრთხე შეუქმნა სხვა ქვეყნებს.
ანგარიშის ავტორთა აზრით, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში ოფიციალური პეკინისთვის ცნობილი იყო, რომ კორონავირუსი გადამდებია, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ 21 იანვარს დაადასტურა. მანამდე კი, 3 აპრილს, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა კორონავირუსის ნიმუშების განადგურებისა და უცნობი ინფექციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე აკრძალვის დაწესების ბრძანება გასცა.
ამასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ავსტრალიის მთავრობა აფინანსებდა და ასწავლიდა ჩინელ მეცნიერებს, რომლებიც იკვლევდნენ გენეტიკურად მოდიფიცირებულ კორონავირუსებს, რომლებიც ღამურებიდან ადამიანზე ვრცელდება და მკურნალობას არ ექვემდებარება. საუბარია უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფზე, რომელმაც 2013 წელს იუნანის პროვინციაში ღამურების ფეკალიების ნიმუშები გამოიკვლია. მაშინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნიმუშებში აღმოჩენილი 50 ვირუსიდან სულ მცირე ერთი 96%-ით ჰგავს SARS-CoV-2-ის ვირუსს.
თუმცა, Daily Telegraph-ის ცნობით, „ხუთი თვალის“ ალიანსში შემავალ სპეცსამსახურებს შორის კორონავირუსის წარმომავლობის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ავსტრალიური დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირუსი უხანის ბაზრობაზე გაჩნდა, ხოლო ამერიკული სპეცსამსახურები, მათ შორის CIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) და FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო) ავსტრალიური მხარის პოზიციაში ეჭვი შეაქვთ.
კომენტარები