ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
„სახელმწიფოთა შორის მეგობრობა ნაკლებად არსებობს, არსებობს ინტერესთა კვეთა და ინტერესთა კვეთით გამოწვეული ურთიერთსარგებელი.
თანამედროვე სახელმწიფო ამავდროულად არის რაღაც მთლიანის ნაწილი, იმ მთლიანობისა, რომლისკენაც მიილტვის.
თანამედროვე მსოფლიო თანხმდება, რომ არსებობს რამდენიმე სივრცე ამგვარი მთლიანობისა – ერთი მხრივ, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოების (+ ჩრდილოატლანტიკური) სივრცე და ავტორიტარული სახელმწიფოების სივრცე.
თანამედროვე ეპოქაში სუვერენობის პირდაპირი მაჩვენებელი არ გააჩნია არცერთ სახელმწიფოს, არც პატარას და არც დიდს, რადგან სახელმწიფოები ურთიერთობენ და ერთმანეთის ინეტერესებს ითვალისწინებენ საკუთარი ინტერესების შექმნისთვის, შესაბამისად, დღევანდელობაში, პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მეტი სუვერენობის პირობა სწორედ ამ სუვერენობის შეზღუდვაა.
საქართველო შეიძლება იყოს ან დემოკრატიული სახელმწიფოების სივრცის ნაწილი (ევროკავშირი, აშშ), ან ავტორიტარული სახელმწიფოების სივრცის ნაწილი (რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ა.შ.). საქართველო თავისთავად, თავისთვის ვერ იარსებებს, რადგან საკუთარ თავთან ერთად ამ ერთობლიობის, მთლიანობის ნაწილიცაა.
ერთის უარყოფა მეორის თანხმობაა, უპირისპირდები დემოკრატიას, ეთანხმები დიქტატს – უპირისპირდები დიქტატს, ეთანხმები დემოკრატიას.
დღეს ჩვენი ქვეყანა უპირისპირდება დემოკრატიის, დემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობის იდეას და ამით თანაარსებობს დიქტატორული სახელმწიფოების და დიქტატის იდეაში. ამის ერთ-ერთი ინდიკატორია, როგორ ურთიერთობს საქართველოს ხელისუფლება ამა თუ იმ ქვეყნების წარმომადგენლობებთან, სადაც დემოკრატიულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს უპირისპირდებიან, ხოლო დიქტატორული სახელმწიფოების წარმომადგენლებს უახლოვდებიან.
ის, თუ სად არის დღეს ჩვენი ხელისუფლება (მათ შორის ფიზიკურადაც), მარტივად ამჟღავნებს იმას, რომელი მთლიანობის ნაწილადაც განიხილავენ თავს და რისკენაც ისწრაფვიან.
ჰო, ხელისუფლების რიტორიკაში ტრიალებს გაუჩერებლად “ქართული ფასეულობების” რიტორიკა, სად მოიძია ჩვენმა ხელისუფლებამ ეროვნულ ფასეულობებში, ჩამოსულ სტუმარს კარი მიუკეტოს და არ შეხვდეს, მაშინ როდესაც თითქოსდა მისკენ მიილტვის, გაუგებარია.
ხელისუფლების არაეთიკურობა პარტნიორ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან დემარშისა აჩვენებს სწორედ ფასეულობებზე აპელირების საკუთარ სიყალბეს.
ასეთ პირობებში, დიქტატორულ სახელმწიფოებთან ჩვენი ხელისუფლების მეგობრობა საკუთარი მოქალაქეების დათრგუნვას და მოქალაქეთა წინააღმდეგ სვლის პროცესია, დღეს ხელისუფლება უპირისპირდება ყველას, ვინც არ ეთანხმება შიგნით თუ გარეთ. ხვალ ხელისუფლება დაგიპირისპირდებათ დანარჩენ ადამიანებს, მოქალაქეებს, ვინც დღეს გვერდით უდგახართ ხელისუფლებას, რადგან არ არსებობს დიქტატი, სადაც დიქტატორი ხელისუფლება მოქალაქეებთან, თუნდაც ნაწილთან მეგობრობს, დიქტატი თავისთავად ნიშნავს, მტრობას მოქალაქეებთან.“
კომენტარები