ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს შეუწყვიტა გაზის მიწოდება, რადგან გაზის საფასურს რუბლში არ იხდიან. სამაგიეროდ, უნგრეთმა გადაწყვიტა, რუსეთის გაზი რუბლში იყიდოს…
– უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი პუტინის ძმაკაცია და ეს ყველამ იცის. ამბობს, ჩემს ხალხს უკრაინის გამო არ შევამცივნებო. გეგონება, ვინც რუსეთისგან გაზს ყიდულობს, იმ ქვეყნების ხელისუფლებებს საკუთარი ხალხი ფეხებზე ჰკიდია. პოლონეთმა და ბულგარეთმა უარი განაცხადეს გაზში რუბლის გადახდაზე. პოლონეთსაც და უნგრეთსაც გერმანიამ მიაწოდა გაზი. თან, პოლონეთსაც და ბულგარეთსაც აქვს რეზერვები და თუ რუსეთი უნგრეთისგან რუბლში ნაყიდი გაზით რუბლს გაამყარებს, პოლონეთიდან და ბულგარეთიდან დიდ შემოსავალს დაკარგავს. აქ უკვე პრინციპების საკითხი დგას. გაზი რუსეთისთვის ყოველთვის ევროპის შანტაჟის საშუალება იყო. ბოლო წლებში, ორჯერ შეუწყვიტა ევროპის ქვეყნებს გაზი შუა ზამთარში და მაშინ უკრაინაში ომი არ იყო. ამ შანტაჟს ევროპა ნელ–ნელა დააღწევს თავს. 2–3 წელიწადში, ევროპა მთლიანად დაეხსნება რუსეთის გაზს. 1 წელი გაუჭირდებათ რუსეთის გაზის გარეშე, მაგრამ მერე რუსეთის საქმე იქნება ცუდად. დღეს რუსეთი ევროპისგან დღეში 200–დან 800 მილიონამდე ევროს იღებს სეზონის მიხედვით, დღეს მარტო ეს ფული ეყოფა ყველაფერში, ისე, რომ ქვეყანამ იფუნქციონეროს და ხალხში უკმაყოფილება არ იყოს. აი, მერე ამ ფულს დაკარგავს და რუსეთს დედა ეტირება. კი, რაღაც ნაწილს გაყიდის ამ გაზისას, მაგრამ არა იმ ფასში, ევროპელები რომ იხდიან. მაგალითად, ევროპა უკვე ყატართან აგვარებს ურთიერთობას, გერმანიამ უკვე გააფორმა კონტრაქტი ყატართან გაზის შეძენაზე, სხვა ქვეყნების გააფორმებენ. ამერიკა იმ თხევად გაზსაც მიაწვდის ევროპას და ასე, ეტაპობრივად, ევროპაზე შანტაჟის ამ იარაღს დაკარგავს რუსეთი.
– გამოდის, პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, საკუთარ თავს დაარტყა რუსეთმა. ამით დააშინა ევროპის სხვა ქვეყნები? თუ დაგვიპირისპირდებით, თქვენც შეგიწყვეტთ გაზსო? რუსეთი იზარალებს, მეტი არავინ. ვინ ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებებს?
– კი, პოლონეთისა და ბულგარეთის მაგალითი შანტაჟი იყო ევროპის ქვეყნებისთვის, უკრაინას თუ დაეხმარებით, თქვენც არ მოგცემთ გაზსო. პუტინი ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებებს, სხვა არავინ. ახლა ერთ რამეს გეტყვი, გაზს თავი დავანებოთ. 63 ქვეყანა ეხმარება უკრაინას სხვა და სხვა ფორმით და აქ არ არიან ის ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიან უკრაინას. ნუთუ, 63–მა ქვეყანამ ერთად, ერთი ქვეყანა ვერ უნდა დაამარცხოს? თან სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყანა? ჩინეთიც განუდგა ამ ეტაპზე რუსეთს, არც იარაღი მიაწოდა, არც ნავთობი იყიდა რუსეთისგან. ახლა კი, „დრონების“ მწარმოებელი ქარხანა დახურა. ამ ქარხანაში გაკეთებულ „დრონებს“ ჩინეთი რუსეთსაც აწვდიდა და უკრაინასთან. ახლა დახურა და განზე გადგა. უკრაინას სხვა ქვეყნები კი მიაწვდიან „დრონებს“, მაგრამ რუსეთს ვინ მიაწვდის? რომელი ქვეყანა ჩაანაცვლებს ჩინეთის „დრონებს“? რუსეთს უკვე „დრონებიც“ აღარ აქვს. სამხედრო ტექნიკის, სამხედრო და სამოქალაქო გემების სათადარიგო ნაწილები უთავდება, ჩიპები, ნახევარგამტარები, სხვა და სხვა სახის ელექტრონული სქემები, რომელთაც რუსეთში არ აწარმოებენ. მარიუპოლს ახლა რუსეთი ნახევარი საუკუნის წინანდელი ბომბებით ბომბავს, რომლებსაც ჯი–პი–ეს–ით ვერ დაუმიზნებს სამიზნეს ბომბდამშენის პილოტი და სადაც დიდ შენობას ხედავს, იმის თავზე აგდებს ბომბს. შედეგიც შესაბამისია. თითქმის 60% ჩამოყრილი ამგვარი ბომბებისა ან მიზანს სცდება, ან არ ფეთქდება. რაც კარგი აქვს რუსეთს, თვითდამიზნებადი ბომბები, თითო ჯდება 124–130 ათასი დოლარი. დღეში ოთხმოცამდე ასეთ ბომბს ისვრის უკვე 2 თვეა და დათვალე ახლა. ამ ძველი ბომბების გამოყენება იმიტომ დაიწყეს, რომ უკვე დეფიციტია აქვს ამ თანამედროვე ბომბებისა და არც მიმწოდებელი ჰყავს ვინმე და ვერც თვითონ აწარმოებს, რადგან იმ ბომბის შემადგენელი კომპონენტების ნაწილს უცხოეთში ყიდულობდა და ახლა ვერ ყიდულობს. რუსეთში ყველაზე დიდი ტანკების მწარმოებელი ურალის ქარხანა, 2 კვირაა გაჩერებულია, რადგან ოპტიკური სამიზნეები და ლულის დეტალები აღარ აქვს ქარხანას, რომელთაც საფრანგეთი აწვდიდა. ასეთ დღეში ჩავარდებიან მალე სხვა სატანკო ქარხნებიც. იმავე დღეში აღმოჩნდებიან სამხედრო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და სხვა ტექნიკის მწარმოებელი ქარხნები.
– მართლა მთელი ცივილიზებული სამყარო დაუპირისპირდა რუსეთს და უკრაინაში ვერ უნდა გააჩერონ მისი აგრესია?
– უნდა გააჩერონ, რადგან მესამე მსოფლიო ომი არ უნდა ამ ცივილიზებულ სამყაროს. კი, 63 ქვეყანა ბევრია, მათი დახმარება, მათ შორის სამხედრო, ძალიან სოლიდურია უკვე და აქ „ლენს ლიზიც“ დაამატე, ყველაზე დიდი დახმარება ამერიკიდან წამოვა, მაგრამ აუცილებელია, გაზსა და ნავთობზე ემბარგო დაუწესონ რუსეთს. ვიდრე საბოლოოდ უარს იტყვის ევროპა რუსულ გაზსა და ნავთობზე, მანამდე ემბარგო უნდა დაუწესოს. თან რუსულ ნავთობს მარტო ევროპა არ ყიდულობს. ნავთობზე შედარებით იოლია ემბარგოს დაწესება, რადგან ნავთობის ბაზარი გლობალურია, ნავთობს მოიპოვებს და ჰყიდის ორმოცდაათამდე ქვეყანა. გაზის ბაზარი შეზღუდულია, რადგან 4–5 ქვეყანა ჰყიდის გაზს. გაზზე ისე დიდია მოთხოვნილება, რომ 5 და 10 წლიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული მყიდველ–გამყიდველ ქვეყნებს ერთმანეთთან. თუ ემბარგო დაადეს, თავის ნავთობს რუსეთი ვერსად ვერ გაჰყიდის. ძირითადად ტანკერებით ჰყიდის და არა მილსადენებით. 200 დიდი ტანკერი აქვს ნაქირავები საბერძნეთისგან. ვნახოთ, ევროკავშირი ამზადებს ახალ პაკეტს, რომლითაც საბერძნეთს აეკრძალება რუსეთისთვის ტანკერების მიქირავება. ეს თუ ნავთობზე ემბარგო არ იქნება, მაგრამ არც ნაკლები იქნება. რუსეთმა უკვე დაიწყო ნავთობის მოპოვების შემცირება. ჩინეთმა და ინდოეთმა უკვე გააფრთხილეს რუსეთი, იმ ფასში აღარ ვიყიდით ნავთობს რა ფასადაც ევროპა ყიდულობდა, გააიაფეთო. ხომ ხედავ, ყველა სარგებლობს რუსეთის მძიმე მდგომარეობით, ყველა სარგებელს ეძებს ამ ვითარებაში. თან რუსული ნავთობი, ეს ყველაზე ხარისხიანი რაც აქვთ „ურალი“, არ არის რეალურად ხარისხიანი, პარაფინი ურევია ბევრი. მაღალხარისხიანია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობი, „ბრენტი“ ძალიან, ძალიან მაღალი ხარისხისაა. „ურალსა“ და „ბრენტს“ შორის ფასში განსხვავება ადრე იყო ერთ ბარელში 2–3$. ახლა სხვაობა 30$ გახდა ანუ, 30 დოლარით გაიაფდა რუსული ნავთობი. ეს ჩინეთისა და ინდოეთის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მერე, იმხელა ქვეყნებია, ორივეს მოსახლეობა ერთად დედამიწის მოსახლეობის მეოთხედია. წარმოიდგინე ახლა, რამდენ რუსულ ნავთობს მოიხმარდნენ ორივენი და ახლა ის დათვალე, ერთ ბარელს 30 დოლარზე იაფად რომ გაჰყიდის, რამდენს იზარალებს რუსეთი. ევროპა და ამერიკა რომ საერთოდ აღარ იყიდიან რუსულ ნავთობს, ეგ ზარალიც მიათვალე. კი, რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა რუსული გაზის რუბლში ყიდვა, მათ შორის, ავსტრია და სლოვენიაც არიან უნგრეთთან ერთად. ამან რუბლი გაამყარა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. გრძელვადიან პერსესპექტივაში რუსეთის ეკონომიკა ჩამოინგრევა. ეგ დროის ამბავია.
კომენტარები