მრავალი წელია მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო ეფექტიანი წამლის შექმნას ცდილობენ, მაგრამ აქამდე არცერთ მედიკამენტს არ ჰქონია 100%-იანი შედეგი. ახლა კი, New England Journal of Medicine-ში 5 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ უკვე არსებობს იმუნოთერაპიული წამალი, რომელმაც 100%-იანი შედეგი აჩვენა, საზოგადოებას კი იმედი გაუჩინა, რომ მალე შესაძლოა, კიბოს სრული პრევენცია გახდეს შესაძლებელი.
- რა აჩვენა კვლევამ?
ნაშრომის მიხედვით ირკვევა, რომ ნიუ იორკის კვლევით ცენტრ Memorial Sloan Kettering-ში ჩატარებული მცირე კლინიკური ექსპერიმენტის თანახმად, იმუნოთერაპიულ მკურნალობაში მონაწილე ყველა პაციენტის ორგანიზმში სიმსივნე გაქრა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართულ ყველა ონკოპაციენტს ჰქონდა სწორი ნაწლავის კიბო, იშვიათი მუტაციით, თუმცა ადრეულ სტადიაში.
ექსპერიმენტში 16 ადამიანი მონაწილეობდა.
პაციენტებს ჩაუტარდათ მკურნალობის 6-თვიანი კურსი იმუნოთერაპიული წამლით, სახელად – დოსტარლიმაბი, რომლის მწარმოებელიც არის ფარმაცევტული კომპანია – GlaxoSmithKline.
ნაშრომის მიხედვით, პაციენტების განკურნებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, არცერთი მათგანის ორგანიზმში არ დაბრუნებულა სიმსივნური უჯრედები, თუმცა როგორც მეცნიერები ამბობენ, მათზე დაკვირვება ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
საყურადღებოა, რომ არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი გარდა დაღლილობის შეგრძნებისა და მცირე გამონაყარისა. მკვლევრები ამბობენ, რომ კიბოს მკურნალობის სხვა საშუალებებს, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია თან ახლავს არაერთი გვერდითი ეფექტი.
“ოპერაციას, ქიმიოთერაპიას მუდმივად აქვს გვერდითი ეფექტი, გავლენა ნაყოფიერებაზე, სექსუალურ ჯანმრთელობაზე, ნაწლავებისა და შარდის ბუშტის ფუნქციონირებაზე“, – ამბობს ექიმი ანდრეა სერჩეკი.
- რა ღირს იმუნოთერაპიული წამალი და როგორ მოქმედებს ის?
როგორც გამოცემა The Times-ი წერს, წამლის ერთი დოზა დაახლოებით 11 000 დოლარი ღირს. ის პაციენტმა უნდა მიიღოს ყოველ სამ კვირაში, ექვსი თვის განმავლობაში. წამალი მოქმედებს იმგვარად, რომ გამოავლინოს კიბოს უჯრედები, რათა იმუნურმა სისტემამ მარტივად შეძლოს მისი ამოცნობა და განადგურება.
- შეხედულებები და შემდგომი ნაბიჯები
მედიკოსები თანხმდებიან, რომ ახლა საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევის ჩატარება, რათა სურათი უფრო მკაფიო გახდეს. მათივე განმარტებით, მცირე კვლევა ფოკუსირებული იყო მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჰქონდათ ნაწლავის იშვიათი გენეტიკური მახასიათებლებით გამოვლენილი სიმსივნე, მაგრამ მათი ნაწილის თქმით, ასეთ პაციენტებში კიბოს სრული რემისია არის ძალიან პოზიტიური სიგნალი.
- ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის კიბოს ცენტრის ექიმი, ჰანა სანოფი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, თუმცა საუბარი ყველა პაციენტის განკურნებაზე ნაადრევად მიაჩნია, რადგანაც თვლის, რომ ჯერ კიდევ საკმაო დროა საჭირო იმისთვის, რომ ექსპერიმენტში ჩართული ონკოპაციენტების სრულ განკურნებაზე ვისაუბროთ. ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე 100%-იანი სიზუსტით თქმა, რომ აღნიშნული ადამიანები მართლაც განიკურნენ, ნაადრევია.
ჰანა სანოფის თქმით, სრული და ზუსტი სურათისთვის გარდა უფრო ფართო კვლევისა, ასევე საჭიროა ამ ადამიანებზე ხანგრძლივი დაკვირვება და ეტაპობრივად მათთვის სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარება.
ჰიუსტონის ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი სკოტ კოპეტსი კვლევის შედეგს ამ სფეროში “სოლიდურ წინსვლას” უწოდებს და თვლის, რომ შესაძლოა, იმუნოთერაპიის გამოყენება ონკოლოგიაში “თამაშის შემცვლელი” იყოს.
ასევე, ჯერჯერობით უცნობია, როგორი შედეგი ექნება იმუნოთერაპიულ წამალს სხვა ტიპის კიბოს პრევენციის კუთხით და ეს საკითხიც მეცნიერთა შემდგომი კვლევის საგანია.
წყარო: ამბები.ჯი
კომენტარები