კიევი საკუთარი თავის დაცვას განაგრძობს, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„კიევი განაგრძობს საკუთარი თავის დაცვას. რუსეთის დანაყოფები ქალაქში არ არიან, თუმცა აქ ჯერ კიდევ მოქმედებს ბევრი დივერსიული ჯგუფი. კიევში ღამის საათებში იყო შეტაკებები და ბრძოლები ქუჩებში, სამართალდამცველებმა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანეიტრალეს დივერსანტების დიდი ჯგუფები“, – განაცხადა კლიჩკომ.
მისი თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან კიევში მოკლულია ცხრა მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის, ერთი ბავშვი, ოთხი არაიდენტიფიცირებული პირი და 18 მებრძოლი. დაშავებულია 106 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
„სიტუაცია კიევში კონტროლის ქვეშ არის, ქალაქის საკვანძო ინფრასტრუქტურა ნორმალურ რეჟიმში მუშაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო გაჩერებულია. მიწისქვეშა მეტროსადგურები თავშესაფრებად გამოიყენება. საავადმყოფოები კიევში მუშაობს საომარი მდგომარეობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების სამედიცინო მომსახურებას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და დარჩეთ სახლებში ან თავშესაფრებში. არმია, პოლიცია და ეროვნული გვარდია, ასევე ტერიტორიული თავდაცვის ძალები და მოხალისეთა არმია იცავენ ქალაქს. ერთად ჩვენ გადავრჩებით! ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, – აღნიშნავს კლიჩკო.
კომენტარები