9 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის რიგით მე-12 მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდია განხილული.
მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ე.წ. კვლავ “კლანური მმართველობაა“. ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომ ამან, პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატების და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს.
ევროკომისიის რეკომენდაციაში საუბარია მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ რეფორმაზე, თუმცა შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ზედაპირული ხასიათის იყო და სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების მოგვარებას არ ემსახურებოდა.
სისტემაში არსებული საქმეთა გაჭიანურებისა და მოსამართლეთა ვაკანსიების მაღალი რიცხვის მიუხედავად იუსტიციის საბჭოს 2023 წელს პირველ და მეორე ინსტანციაში კონკურსი არ გამოუცხადებია. სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე, მათ გადანაწილებაზე კოლეგია/პალატებში სრული კონტროლი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარი ბერკეტია მის ხელში.
კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში ე.წ. თავმჯდომარეების კვოტის არსებობა. საანგარიშო პერიოდში საბჭოს არჩეული 8 წევრიდან 4 იმავდროულად კოლეგია/პალატის თავმჯდომარეობას ითავსებდა.
დღემდე ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოება – საანგარიშო პერიოდში იუსტიციის საბჭომ მხოლოდ 1 სადისციპლინო სხდომა ჩაატარა. საჩივრების სიმრავლის მიუხედავად, რომელთა უმეტესობაც გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას ეხება, საბჭო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც დისციპლინური სამართალწარმოების დროში გახანგრძლივების პირობებში ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ეფექტიანი ბერკეტია.
საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა. საიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, 2023 წელს საჯარო ინფორმაციის მისაღებად გაგზავნილ 8 წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ანგარიშის მიხედვით, პრობლემები სასამართლო სისტემაში არსებული კორპორატივიზმის მხრივაც იკვეთება. საია-ს თქმით, სასამართლო სისტემის მთავარი მაკონტროლებელი პირები გავლენიანი მოსამართლეები არიან, რომლებმაც, “ხელისუფლებასთან ალიანსში, სრულად მოირგეს მართლმსაჯულების სისტემა და ძირითადი ორგანო – იუსტიციის უმაღლესი საბჭო”.
ორგანიზაციამ მთავრობის მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა. მონიტორინგის შედეგებით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ზედაპირული ხასიათის იყო, სასამართლო სისტემის რეალური გამოწვევების მოგვარებას არ ემსახურებოდა და, შესაბამისად, ევროკომისიის რეკომენდაციას ვერ ასრულებდა.
კომენტარები