2021 წლის 1 იანვრიდან ჰოსპიტალურ სექტორისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე სტაციონალურ დაწესებულებებს თავიანთი ინფრასტრუქტურის და ტექნიკური მხარის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოუწევთ. მათ შორის დადგენილებით განსაზღვრულია რამდენი ბოქსირებული პალატა უნდა გააჩნდეს კლინიკას საწოლფონდის გათვალისწინებით, ასევე, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი პალატები და სტაციონარი.
კლინიკები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება სოლიდურ ინვესტიციას საჭიროებს. პანდემიის პირობებში კი, ახალი ფინანსური ვალდებულების აღება რთული იქნება, ამიტომ მიმართავენ მთავრობას 2021 წლიდან ასამოქმედებელი სტანდარტები 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდეს.
ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ რეგულაცია ძირითადად ჰოსპიტლების ინფრასტრუქტურის ცვლილებას ეხება, თუმცა დღეს, როცა კლინიკებს პანდემიის პირობებში უწევთ საქმიანობა, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება ბევრისთვის ძალიან რთული იქნება.
„ამ რეგულაციის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია, მაშინ ყველა სივრცე უნდა დაიცალოს. ამ წუთას ამის ფუფუნება არ არის, რომ რემონტში გადავიდეთ, ამიტომ ვითხოვთ რეგულაციის გადავადებას, რადგან ფორსმაჟორია ქვეყანაში. ფორსმასჟორი კი, როგორც წესი, მოიცავს მსგავსი მოთხოვნების გადავადებას. ამ საკითხზე სამწუხაროდ, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია ჯანდაცვის სამინისტროსთან. შესაბამისად, არ ვიცით, 1 იანვარს რა რეაგირება მოჰყვება არსებულ დადგენილებას.
მარტო სავენტილაციო სისტემის მოწყობას მინიმუმ 100 000 ლარი სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ არსებულ სივრცეში განლაგებული სერვისები რომ ფიზიკურად გადავიტანოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაგანაც რემონტის გაკეთება გვიწევს, რომ იქ გადაავადგილოთ სხვა მომსახურებები. ამ რეგულაციის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია საქმიანობა შეგვიჩერდეს, თუ სრულად არა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაციენტების მომსახურების ნაწილში მაინც… არ მგონია, ქვეყანას ამის ფუფუნება აქვს. გარდა ინფრასტრუქტურისა, გვიწევს გადაუდებელი მომსახურების დეპარტამენტიც გადავაიარაღოთ. ამ რეგულაციაში ჩადებულია მოსაცდელი სივრცის, სველი წერტილების, სავენტილაციო სისტემის მოწყობა. ბოქსირებული პალატების შემთხვევაში თუ ადრე ერთი იყო, ახლა ორია მოთხოვნა. ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიურ გამართვას ითხოვს“, – აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი.
როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის და კლინიკების არგუმენტების გათვალისწინებას არ გეგმავს. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ჰოსპიტალური სექტორისთვის რეგულაციის ერთი წლით გადავადება არ განიხილება.
„კოვიდ პანდემიამ ცალსახად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის სწორი და ხარისხიანი მოწყობა. ნათლად გამოჩნდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის არსებული ხარვეზები. სწორედ ამიტომ, არც ერთი ცვლილება, რომელიც მიმართული იქნება პაციენტის ინტერესის საზიანოდ, არ განხორციელდება“, – განგვიცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ახალ რეგულაციებზე გადასაწყობად კლინიკებს ორ თვეზე ცოტა დრო რჩებათ, თუმცა როგორც ჯანდაცვის ბიზნესი აცხადებს, ამ დრომდე სამინისტროსა და კლინიკებს შორის ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა.
წყარო – bm.ge
კომენტარები