ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, თქვენი აზრით, რატომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და თან რაღა ახალი წლის წინ?
– კუჭავა გადადგა იმიტომ, რომ შიდა დაპირისპირებაა „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის. კუჭავამ ამ დაპირისპირებას თავი აარიდა, არც ერთის მხარეს არ დადგა და არც ერთი მხარე არ გააძლიერა. მით უმეტეს, პარლამენტში ის რადიკალი ვერ იქნებოდა, რაც კობახიძეს და მის გუნდს სურდათ.
კაცმა განაცხადა გადადგომისას, მე ყველას პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავიო და ასეც იყო. ფაქტია, დღეს საპარლამენტო ხელისუფლება ირაკლი კობახიძის გუნდის ხელშია და მათ აიძულეს კუჭავა გადამდგარიყო. ეს ხალხი ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, რა ხანია. ამას წინათ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში კობახიძემ კიდევ ორი თავისი მომხრე შეიყვანა – ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი და ცხადია, ეს გააკეთა თავისი გუნდის გასაძლიერებლად და ამ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აძლიერებს. სხვა მეტოქე მას არ ჰყავს. რეალურად, ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურები, კობახიძე და ღარიბაშვილი არიან „ქართულ ოცნებაში“. სხვები ან მათზე არიან დამოკიდებულნი, ან არინ ცალკე დაჯგუფებებად და არც ერთის მხარეს არ არიან, ჯერჯერობით. შალვა პაპუაშვილი კი კობახიძის გუნდის წევრად ითვლება და გამოდის, რომ ნეიტრალური კუჭავას გადადგომით და პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნით, ირაკლი კობახიძის გუნდი გაძლიერდა.
ისე, შალვა პაპუაშვილს ფესვები დედოფლისწყაროდან აქვს, საიდანაც ღარიბაშვილია და თუ გავითვალისწინებთ, ჩვენში კუთხურობას რამხელა ანგარიშს უწევენ, სამომავლოდ არ გამორიცხოთ, რომ პაპუაშვილი ღარიბაშვილის გუნდში აღმოჩნდეს. კი, კობახიძის ნარატივს აჟღერებდა პაპუაშვილი, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ და ბევრნი გვინახავს, დღეს ერთ გუნდში მოიაზრებიან და გაიხედავ და იმ გუნდთან დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდებიან. თუ ეს მოხდება, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი შესძლებს აღმსრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების კონცენტრირებას. კობახიძეს ისღა დარჩება, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში გაიძლიეროს პოზიციები, ასე დარჩეს პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად და პარტიის პოლიტსაბჭოში დაბლოკოს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივები. კობახიძე ვერასდროს ვერ იქნება საჯარო პოლიტიკოსი, ხალხს მისი ატანა არ აქვს და აღიზიანებს. ღარიბაშვილი, პირიქით, აბალანსებს გაუწონასწორებელ კობახიძეს და ამშვიდებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს.

კომენტარები