მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი დაიბარეს.
ეს ინფორმაცია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
“საქართველოს ელჩის საქმეთა დროებითი რწმუნებული მოლდოვაში დავით ბოჭორიშვილი იყო დაბარებული დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მოლდოვაზე გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.
მას აცნობეს მოლდოვის ღრმა უკმაყოფილება საქართველოს პრემიერის მიერ მოლდოვის რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესის დამახინჯებული და შეუსაბამო განხილვის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.
7 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა”. კერძოდ, მან თქვა:
“თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა. თქვენ იცით, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში როცა აგებ არჩევნებს, მერე თამამად აღარ უნდა ისაუბრო, იგივეა, როცა აგებ რეფერენდუმს, თან 45 პროცენტი აიღო მხოლოდ რეფერენდუმზე. პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას”, – თქვა მან. (ფორმულა)
კომენტარები