ალიას ესაუბრება ნოდარ ჩხიკვაძე, ქირურგი, ონკოლოგი, ლაპარასკოპისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით საქართველოს წამყვან კლინიკებში, წამყვან ექიმებთან ერთად. გაიარა სპეციალიზაცია ლაპარასკოპიულ–ონკოლოგიურ ქირურგიაში, ქალაქ სანკ–პეტერბურგში, ნაციონალურ ონკოლოგიურ ცენტრში, ასევე გაიარა სპეციალიზაცია ღვიძლის, პანკრეასის ქირურგიაში ქალაქ კიევში, ქირურგიისა და ტრანსპლანტაციის ნაციონალურ ცენტრში.
გვიყვება, რომ ბავშვობიდან სურდა ზოგადად ექიმობა კი არა, კონკრეტულად ქირურგობა. რაც შეეხება ონკო–ქირურგიას, რომელიც მედიცინაში ერთ–ერთი ყველაზე რთული, მასშტაბური, მოცულობითი დარგია, ასევე საინტერესო, საპასუხისმგებლო და პროგრესული, ამ დარგით მაშინ დაინტერესდა, როცა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლისას, პირველად ნახა ონკო–ქირურგიული ოპერაცია. იმ დღესვე, იმ ოპერაციის მსვლელობისას უკვე იცოდა, რომ კონკრეტულად ონკო ქირურგი იქნებოდა. გვეუბნება, რომ სწორედ იმ დღიდან დაიწყო თავდაუზოგავი შრომა, სვლა ამ მიზნის მისაღწევად.
–რა არის კოლორექტული კიბო და ვის შეიძლება დაემართოს?
–კოლორექტული კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება მსხვილი ან სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში. კოლორექტული კიბოთი ყველაზე ხშირად ავადდებიან ადამიანები 50 წლის ზემოთ ასაკიდან. თუმცა, ბოლო 15 წლის განმავლობაში 39–დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში, მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებული ადამიანების წილი ყოველწლიურად, დაახლოებით 1,5 პროცენტით იზრდება.
რაც შეეხება რისკ ფაქტორებს, შეგვიძლია რისკ ფაქტორები გავყოთ 2 ნაწილად: რისკები, რომლებიც შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან და რისკები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან.
რისკები, რომლებიც შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან, შემდეგია:
თამბაქოს მოხმარება – თამბაქოს პროდუქტების, მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს;
ალკოჰოლის მოხმარება – აუცილებელია რომ მოხდეს ალკოჰოლური სასმელების მიღების შემცირება, ალკოჰოლის იშვიათმა მიღებამაც კი შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი;
უმოძრაობა – მოძრაობამ შეიძლება შეამციროს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი;
ჭარბი წონა – ცხიმიანი, მაღალკალორიული საკვების მიღება, გარდა იმისა, რომ ახდენს გავლენას სხეულის წონაზე, ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს;
კვება, რომელშიც შედის წითელი და დამუშავებული ხორცი – სოსისი, ბეკონი, ძეხვი და ა.შ. ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წითელი და დამუშავებული ხორცის მიღება, კვირაში 2 პორციამდე შევზღუდოთ.
რისკები, რომლებიც არ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან, ესენია:
გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასევე გარკვეული გენეტიკური სინდრომები, როგორებიცაა, ლინჩის სინდრომი და მემკვიდრული ადენომატოზური პოლიკოზი, ასევე მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ასევე პოლიპების ოჯახური ანამნეზი, თუ მშობელს და ან და–ძმას გამოუვლინდა გვიანი სტადიის პოლიპი, თქვენ შესაძლოა იმყოფებით მსხვილი ნაწლავის კიბოს მომატებული რისკის ქვეშ.
–როგორია დაავადების გავრცელება? რა რისკები ახლავს თან და რამდენად მძიმედ მიმდინარეობს?
–ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, კოლორექტული კიბო სიხშირით არის მესამე ადგილზე, ხოლო სიკვდილიანობით – მეორე ადგილზე. ყოველ წელს 2 მილიონამდე ადამიანი ავადდება კოლორექტული კიბოთი, საიდანაც 950 000 ადამიანამდე, სამწუხაროდ, კვდება. ყოველწლიურად იზრდება კოლორექტული კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2040 წელს კოლორექტული კიბოთი ყოველწლიური ავადობა გაიზრდება 2–3,5 მილიონ ადამიანამდე. კოლორექტული კიბოთი, მამაკაცები, 30 პროცენტით უფრო ხშირად ავადდებიან. რაც შეეხება საქართველოს, ყოველწლიურად გვაქვს 700–მდე პირველადი შემთხვევა. კიბოს სიხშირის მიხედვით კაცებში უკავია მეოთხე ადგილი, ხოლო ქალებში – უკავია მესამე ადგილი.
–ახასიათებს თუ არა დაავადებას საწყის ეტაპზე სიმპტომები და როგორია ისინი?
–როგორც წესი, მისი მიმდინარეობა ადრეულ ეტაპზე არის თითქმის უსიმპტომო, მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით არ ხასიათდება. სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი იწყებს ადგილობრივად ზრდას, ან უკვე მეტასტაზირებს მეზობელ ორგანოებში. შესაძლოა სიმსივნურმა ზრდამ გამოიწვიოს ნაწლავის სანათურის დახშობა, რაც იწვევს გაუვალობას, პერიტონიტს და ა.შ. რაც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ასევე გამოყოფენ მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ფლანგის სიმსივნეებს, რომელიც ხასიათდება ტოქსიკო–ანემიური ფონით, პაციენტებს აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული რკინადეფიციტური ანემია, არც თუ იშვიათად მხვდებიან პაციენტები, რომლებსაც თვეების განმავლობაში უტარდება სიმპტომური მკურნალობა რკინის პრეპარატებით, მაგრამ მიზეზი, სამწუხაროდ, მსხვილი ნაწლავის კიბოა. ამიტომ, საჭიროა დროულად იქნას ამოცნობილი და დადგენილი ანემიის ზუსტი მიზეზი და მას ვუმკურნალოთ.
–გამოდის დროულ დიაგნოსტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაინც რა სიმპტომები შესაძლოა ჰქონდეს, საწყისი ეტაპის გავლის შემდეგ დაავადებას? და როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?
–კოლორექტული კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია, დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება მუცლის მიდამოში, წონაში კლება უმიზეზოდ, დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, სისხლიანი დეფეკაცია, ცრუ დეფეკაციის მოთხოვნა, ანემია. კოლორექტული კიბოს დიაგნოსტირება კომპლექსურია და იგი მოიცავს რადიოლოგიურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ ჰოსპიტალსში ყველა საჭირო კვლევა დანერგილია და მუშაობს გამართულად. კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკის პირველი რიგის მეთოდებია ფიბროკორონოსკოპია, რა დროსაც, დრეკადი მილით, ვიდეოგამოსახულების საშუალებით ხდება სწორი და მსხვილი ნაწლავის დათვალიერება, სიმსივნური პროცესის აღმოჩენის შემთხვევაში, სიმსივნური უბნებიდან ქსოვილის აღება და შემდგომში მათი მორფოლოგიური შესწავლა.
ასევე პირველი რიგის მეთოდია, კომპიუტერული ტომოგრაფია, რისი საშუალებითაც ხდება სიმსივნის ადგილობრივი ზრდის და გავრცელების შემჩნევა. დროული დიაგნოსტირება, ისევე, როგორც ყველა ონკოლოგიური პათოლოგიისას, უაღრესად მნიშვნელოვანია, დროულად აღმოჩენილ ონკოლოგიურ დიაგნოზს, უმეტესად აქვს საიმედო გამოსავალი.
–თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, არ არის რიკს ჯგუფში, რა შემთხვევაშია მისთვის ოპტიმალური გეგმიური კვლევის ჩატარება კოლორექტული კიბოს გამოსარიცხად?
–თუ ადამიანი არ იმყოფება რისკ–ჯგუფში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და არ აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, ასეთ შემთხვევაში, ყველა ადამიანმა, განურჩევლად სქესისა, საჭიროა, 50 წლის ასაკის ზემოთ გაიკეთოს კოლორექტული კიბოს სკრინინგი, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე ანალიზს ფარულ სისხლდენაზე, ანალიზი დადებითი პასუხის შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს ფიბროკორონოსკოპია და სწორი და მსხვილი ნაწლავის ვიზუალური დათვალიერება. როგორც აღვნიშნე, 39–49 წლის ადამიანებშიც, კოლორექტული კიბოს შემთხვევები მთელ მსოფლიოში იზრდება, ამიტომაც, ბევრ ქვეყანაში კოლორექტული კიბოს სკრინინგი იწყება 40 წლიდან. აქვე ვიტყვი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე ერთის, ან რამდენიმეს არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ცხადია, სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს, აუცილებლად კოლორექტული კიბოს არსებობას, მაგრამ გავიმეორებ, დროული დიაგნოსტირება თითქმის ყველა დაავადებისთვის მნიშვნელოვანია და ონკო დაავადებისთვის, უმეტესად, გადამწყვეტი.
–მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსში?
–ნიუ ჰოსიტალსში კოლორექტული კიბოს მკურნალობის თითქმის სრული სპექტრია წარმოდგენილი, კოლორექტული კიბოს მკურნალობა კომპლექსურია, მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, სხივურ თერაპიას სწორი ნაწლავის კიბოს დროს, ადგილობრივ მკურნალობას, როგორიცაა მაგალითად ტრანსარტერიული გემოემბოლიზაცია, რადიოსიხშირული და რადიოტალღული აბლაცია, ასევე სისტემური მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილი მკურნალობის ყველა მეთოდი განსხვავებულია, მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ქირურგიული მეთოდი გამოიყენება ადრეულ სტადიაზე. ჩვენ კლინიკაში, ოპერაციები ტარდება როგორც ტრადიციული მეთოდით, ასევე მცირე ინვაზიური, ანუ ლაპარასკოპიული მეთოდით.
–რას გულისხმობს ლაპარასკოპიული ქირურგია? რა უპირატესობა აქვს?
–ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს, ქირურგიული ჩარევა ამა თუ იმ ორგანოზე ხდება მუცელკვეთის გარეშე, ლაპარასკოპიულ ოპერაციას, თავის მხრივ, აქვს ბევრი დადებითი მხარე, ესენია, შემცირებული ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, შემცირებული ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტის ნაადრევი გააქტიურება, უკეთესი კოსმეტიკური ეფექტი, ქსოვილების უკეთესი ვიზუალიზაცია ოპერაციის მსვლელობისას და ა.შ. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური და ყველა პაციენტთან უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა. როგორც წესი, ლაპარასკოპიული ქირურგიის შემდეგ, ეს იქნება ოპერაცია მსხვილ, თუ სწორ ნაწლავზე, პაციენტის გააქტიურება ხდება ოპერაციიდან პირველივე დღეს და კლინიკაში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია შეადგენს 4–5 დღეს. კლინიკიდან გაწერის შემდგომ, პაციენტებს არ აქვთ არანაირი მძიმე და განსაკუთრებული რეჟიმი მხოლოდ მცირე დიეტა და მძიმე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა.
–რა მითები არსებობს კიბოზე და როგორია რეალობა?
–ონკოლოგიაში ძალიან ბევრი მითი არსებობს და ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურ პრაქტიკაში. გამოვყოფ ყველაზე ხშირ და აქტუალურ მითებს.
პირველი – კიბო განაჩენია? – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მითია ის, რომ კიბო განაჩენია. მართალია, ის სიცოცხლისთვის ძალიან საშიში და ვერაგი დაავადებაა, მაგრამ თუ მოხდება დროული დიაგნოსტირება და შემდეგ
მკურნალობაც წარიმართება ადეკვატურად, გამოსავალი ინება კეთილსაიმედო.
დღევანდელი მსოფლიოს მიღწევების და გამოცდილების შესაბამისად,
ყოველწლიურად ონკოლოგიური პაციენტის გადარჩენადობა–გამოჯანმრთელება
მკვეთრად იზრდება.
მეორე ყველაზე გავრცელებული მითი არის ის, რომ კიბოს ამარცხებს, რომელიმე სუპერ დიეტა, მცენარის, ზოგიერთი პროდუქტების ნახარშები, საკვები სოდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესა თუ ის საკვები შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს და სასარგებლო მოქმედებებიც აქვს, მაგრამ ხაზს გავუსვამ – არ არსებობს არანაირი საკვები, თუ დიეტა, რომელიც კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ გამოიყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია დაუჯეროთ პროფესიონალ ექიმებს და მივიღოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მკურნალობა.
მესამე მითი, რაც ასევე ძალიან გავრცელებულია, არის ის, რომ ბიოფსია, ან ქირურგია, როგორც ყველაზე ხშირად გამოთქვამენ ხოლმე, „დანა“ იწვევს კიბოს გაღიზიანება და გავრცელებას, რეალურად, ესეც მტკნარი სიცრუეა და არც ბიოფსია და არ ქირურგია არ იწვევს კიბოს გაღიზიანებას.
მეოთხე მითი ლაპარასკოპიას უკავშირდება, გავრცელებულია მითი, რომ ოპერაცია ლაზერით კეთდება და ქირურგი თუ ხელით არ შეეხო რომელიმე ორგანოს ლაზერით გაკეთებული ოპერაცია არ ვარგა. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ქირურგიული ჩარევის მეთოდი, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, კოლორექტული ოპერაციების დაახლოებით 90 პროცენტი კეთდება ლაპარასკოპიული მეთოდით.
კომენტარები