ფრანგი მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ კომბოსტო და ფერმენტირებული რძის ნაწარმი „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების რისკებს ამცირებდეს. ფრანგი მეცნიერები იკვლევდნენ კავშირს კორონავირუსით გარდაცვალებასა და კვებას შორის. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიეტა და სხვა ფაქტორები კორონავირუსის გავრცელებასა და დაავადების სიმძიმეზე შესაძლოა, თავის როლს თამაშობდნენ.
კვლევის შედეგები, რომელიც 25 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, მონპელიეს უნივერსიტეტის ფილტვის მედიცინის პროფესორის, ჟან ბუსკეს ხელმძღვანელობით ჩაატარა, ჟურნალში „კლინიკური და ტრანსნაციონალური ალერგია“ გამოქვეყნდა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირველ თვეებში გერმანიას, ავსტრიას, ხორვატიას, ჩეხეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და შვეიცარიის გერმანულენოვან კანტონებს სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, ასევე შვეიცარიის ფრანგულ და იტალიურენოვან კანტონებს. გარდა ამისა, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა ბულგარეთში, საბერძნეთში, რუმინეთსა და თურქეთში.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს კვების თავისებურებებით – ამ ქვეყნებში გავრცელებულია ახალი და დამჟავებული კომბოსტოს, ისევე, როგორც ფერმენტირებული რძის სასმელების – კეფირისა და იოგურტის გამოყენება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ საკვებმა შეიძლება, შეამციროს ფერმენტის „ეი-სი-ი 2“-ის (ACE2) აქტივობა, რომელსაც კორონავირუსი უჯრედებში შესასვლელად იყენებს.
„მე შევცვალე კვების რაციონი. ახლა კვირაში სამჯერ ვჭამ ნედლ კომბოსტოს და საუზმეზე კეფირს ვსვამ“, – განაცხადა პროფესორმა ბუსკემ.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
კომენტარები