რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს:
„საბჭო, რა თქმა უნდა, მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას, შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის მაგალითად:
საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ისე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.
ყველა ეს არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ მეზობელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“
დააწესებს თუ არა მთავრობა კომენდანტის საათს? – როგორც “ალიას” მკითხველმა იცის, მთავრობა ვერ დააწესებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კომენდანტის საათს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შეიტანა ცვლილებები ჯანმრთელობის შესახებ კანონში, მას ყველაფრის დაწესება შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გარეშე, ოღონდ სხვა სახელით, მაგალითად, არ დაარქმევს კომენდანტის საათს, მაგრამ, დააწესებს საღამოს და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას. ამის უფლება მან თავის თავს უკვე მისცა, ჯერ კიდევ 6 თვის წინ. მას კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, შეუძლია გადაადგილების, მუშაობის, საკუთრების და სხვათა უფლებების შეზღუდვა.
მაშინ რა საჭიროა კონსტიტუცია? თუ კონსტიტუციურ უფლებებს ჯანმრთელობის შესახებ კანონით შევზღუდავთ? – კითხულობენ იურისტები, თუმცა, მათ ამ კითხვას არავინ პასუხობს.
ფაქტი ერთია, მთავრობას არ სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნების პირველი ან მეორე ტურის გადადება, მას უბრალოდ ინსტრუმენტი სჭირდება, კონსტიტუციური უფლებების საგანგებო მდგომარეობის გარეშე შესაზღუდად – რაზეც “ალია” თვეებია წერს და მათ ეს ინსტრუმენტი, რომელსაც კიდევ არაერთხელ გამოიყენებენ, სამწუხაროდ, მიიღეს.
კომენტარები