ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– 24 ივნისს მოგვცემენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? ხელისუფლებას ეს არ უნდა, მაგრამ ხალხს უნდა. გაგვწირავს ევროპა უპერსპექტივობისთვის, რასაც რუსეთის პარტნიორობა ჰქვია და ჩაგვირაზავს კარს კარგა ხნით, თუ სამუდამოდ არა?
– ჩვენ ევროპამ ცალსახად განგვიცხადა – ან ირჩევთ ევროპულ, ქრისტიანულ ცივილიზაციას, დემოკრატიას და თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და სოციალური პასუხისმგებლობის ევროპულ სტანდარტებს, ან ირჩევთ ბიძინა ივანიშვილს. დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციის მიმართ არჩევანი ათასწლეულების უკან გააკეთა ჩვენმა ქვეყანამ. თუმცა, არ ველი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გავხდებით. მეტიც, პრაქტიკულად ეს გამორიცხულია. ეს პერსპექტივა დაგვაკარგინა ივანიშვილის რეჟიმმა. ამ ეტაპზე ასეა. თუმცა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ევროპა მოვიყვანოთ აქ. ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, ევროპული სამართლებრივი სისტემა და სოციალური დაცულობის ის სისტემა, რომელიც ადამიანის ბედნიერებას განაპირობებს. ერთხელ ვჩნდებით ამ ქვეყანაზე და ადამიანური ცხოვრების სრული უფლება გვაქვს. ევროპული ცივილიზაცია იქამდე დიდი ხანია მივიდა, რომ პოლიტიკური სისტემის მთავარი სამიზნე ადამიანი და მისი ბედნიერებაა.
ჩვენ, შესაძლოა, არა მარტო ევროკავშირის კანდიდატობა ვერ მივიღოთ, უვიზო მიმოსვლაც შეიძლება დავკარგოთ და სხვა სიკეთეებიც, რაც ევროლიბერალიზაციამ მოგვიტანა. აღარაფერს ვამბობ იმ ფინანსურ დახმარებაზე, იმ დაბალპროცენტიან კრედიტებზე, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები თუ მისი წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად გვაძლევდნენ. კოვიდ-კრიზისის დროს 10 მილიარდი დოლარი დასავლეთიდან მივიღეთ. კი, ამ ხელისუფლებამ ეს ფული შეჭამა, საკუთარი და ახლობლების ბიზნესებში ჩაყარეს, სასტუმროებში, კლინიკებში, მაგრამ დასავლეთმა ხომ მოგვცა? ჩვენს მეტ-ნაკლებ სტაბილურობას ხომ დასავლეთი განაპირობებს, ფინანსურს და სხვა სახისას. ცივილურად, ცნობიერად, პრინციპულად უნდა ავირჩიოთ ევროპა. თუ არ გინდა ევროპა, მაშინ უარი თქვი იმ სიკეთეებზე, რასაც ევროპიდან იღებ. ევროპა არ უნდათ ამათ, მაგრამ ბევრმა ხელისუფლებიდან ევროპის ქვეყნებში ისწავლეს და შვილებსაც იქ ასწავლიან. საქართველოში, ევროპული სკოლები რომ არის გახსნილი, იქ ასწავლიან შვილებს და არა კერძო სკოლებში. ევროპა არ უნდათ, მაგრამ ევროპის ქალაქებში დადიან შოპინგებზე. ევროპაში მკურნალობენ და ტურისტებად ევროპაში დადიან. უარი თქვან ამ ყველაფერზე და გავიგებთ. კომოს ტბაზე კი ნუ დადიან დასასვენებლად და თმის შესაკრეჭად მილანში, ტამბოვში და ნიჟნი-ნოვგოროდში წავიდნენ და კისლოვოდსკსა და გელენჯიკში დაისვენონ.
კომენტარები