აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ბონი გლიკმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აშშ-დან კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა:
„ვიცი, ქართველ ხალხში დიდ ინტერესს იწვევს ის, თუ რა ხდება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში, მაშინ, როცა არიან ადამიანები აშშ-ის კონგრესში, რომლებიც წერილებს უგზავნიან პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც განვითარებულ, ჩვენნაირ დემოკრატიას ახასიათებს ან დემოკრატიას საქართველოში, არის ის, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც ძალიან აინტერესებს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ. აშშ-სა და ჩვენს კონგრესში არის უზარმაზარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს დიდი წინსვლა დემოკრატიის მიმართულებით, რომ იქცეს განვითარებულ დემოკრატიად, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე მთავრობის პოლიტიკის შექმნაში. აშშ-ში გვაქვს განვითარებული დემოკრატია და ხელისუფლების სამი თვალსაჩინო შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები. ჩვენი საკანონმდებლო შტო წარმოდგენილია კონგრესმენებისა და სენატორების მიერ, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები აშშ-სა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობებისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მიერ კარგი, მყარი პოლიტიკის განხორციელების ადვოკატირებაში.
ისინი მოქმედებენ დამოუკიდებლად და განცალკევებით აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომელსაც მე წარმოვადგენ, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში“. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კონგრესის წარმომადგენლებს აწუხებთ საქართველოში მიმდინარე პროცესების ბუნება. მათი ეს ინტერესი კი გაპირობებულია მათი და მათი ამომრჩევლების ინტერესით. აღმასრულებელი შტო დამოუკიდებლად მოქმედებს და ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ჩვენი გზები გვაქვს, რომელთაც დიდწილად წარმართავს ჩვენი საელჩო თბილისში და ჩვენი ახალი ელჩი, რომელიც მიმდინარე კვირაში შეუდგა მუშაობას.“
კომენტარები