გრიგოლ ხურცილავამ დაადასტურა მისი პოზიცია – მან გაიმეორა თავისი აღიარებითი ჩვენება, რომ ნამდვილად ის არის ამ დანაშაულის განმახორციელებელი, ისე, როგორც გამორიცხა ყველა სხვა შესაძლო ვერსიის არსებობა, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი სანაიას მკვლელობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ჯერ კიდევ 2001 წელს განიხილებოდა.
„ამ ვერსიებს შორის იყო ორი ვერსია: ხომ არ უკავშირდებოდა ეს მკვლელობა ვიდეოკასეტის გადაცემის საკითხს და მეორე, ხომ არ იყო დანაშაული განხორციელებული სხვა პირის მიერ და არა გრიგოლ ხურცილავას მიერ და როგორც კონსტანტინე ციხისთავი ამბობს თავის ჩვენებაში, ხომ არ აიღო მან საკუთარ თავზე ამ დანაშაულის ჩადენა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინე ციხისთავის მიერ დასახელებული ყველა გარემოება გადამოწმებას დაექვემდებარა გამოძიების მიერ და ამ ეტაპზე რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე ამ ვერსიის სისწორეს იმ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომლითაც მოხდა კონსტანტინე ციხისთავის ჩვენების გადამოწმება, ბუნებრივია არ დასტურდება“, – განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები