აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში წერს:
„კორონა მთელ მსოფლიოს ამოუვიდა ყელში. ყველას მობეზრდა. ვინც თავად იხილა და იგემა კორონა, სჯერა იმის რომ კორონა არსებობს; ვინც მხოლოდ შორიდან, ჯიუტად აჯერებს საკუთარ თავს, რომ კორონა არ არსებობს და ზუსტად ისეთივე განწყობა აქვს მის მიმართ, როგორც პამპლონაში ხარის წინ მორბენალ ბრბოს; იცის რომ ხარი თუ დაეტაკა, რქებზე ააცვამს, მაგრამ რა არის იმის ალბათობა რომ ხარი შენ გამოგარჩევს ბრბოში და თუ მაინცადამაინც გამოგარჩია, იმის ალბათობა, რომ სასიკვდილოდ დაგასახიჩრებს? ჰოდა, ამ ალბათობით მოგვრილი სითამამით აგრძელებს სირბილს ხარის წინ.
ბრბო ვერ და არ გაჩერდება. ბრბო იმისია რომ სიკვდილის ხილვით გაერთოს და იხალისოს, თავადაც გაეთამაშოს. სიკვდილთან შეთამაშება იშვიათი ფუფუნებაა და ბრბოს კრებით ენერგიას აქვს შიშის დროებითი გაქარწყლების უნარი, ამიტომ დარბიან პამპლონაში გადარეული ხარის წინ და ამიტომაც სულ ირბენენ.
საოცრად უგუნური უნდა იყო რომ პამპლონაში ხარის წინ მორბენალთ დაფიქრება მოსთხოვო. დაგცინებენ, ან ხარი მონაგონია, ისე გადაგთელავენ. ამიტომ, შორიდან უნდა უყურო და მერე მიეხმარო დასახიჩრებულების აკრეფაში. მათთვის ხარი ჰიპოთეტური საფრთხეა, გულწრფელად სჯერათ რომ ვერაფერს ავნებს და პრინციპში, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ბრბოში ხარის მიერ ინდივიდის გამორჩევის იშვიათ შანსს გააბათილებს, ამიტომ, კამათიც არ ღირს. ვისაც ხარის ეშინია, და ალბათობის საფრთხეს პატივს სცემს, ის არც დარბის პამპლონაში.
ამიტომ, ზოგი ირბენს ხარის წინ და ზოგიც გააგრძელებს მორბენლებზე შორიდან დაკვირვებას. არც ერთ მხარეს მოაკლდება მრევლი და არც მეორეს. ვერც მორიგდებიან ვერასოდეს, რადგან ერთადერთი რეალური არგუმენტი ნეკნებს შორის გაყრილი ხარის ალესილი რქებია, რომელიც თავად უნდა შეიგრძნო.
ამიტომ …“
კომენტარები