“დავრწმუნდი, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი იარაღია! ჯარს ჰყავდა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ერთადერთი ექსპერტი კაცი, რომელიც თინა ხიდაშელმა გააგდო! ეს ადამიანია მოსაძებნი და დასაბრუნებელი, მან ბევრი რამ იცის”
“ხედავთ ახლა, სამხედრო რესურსი სად ყოფილა საჭირო? ხედავთ, რომ შეიარაღებულ ძალებში ჩადებული ფული, მარტო ომისთვის არ არის გამოსაყენებელი და ჯარი იმიტომ არ უნდა ინახო მარტო, რომ მან საჭირო დროს იომოს?”
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური დევნილი, „არასამთავრობო ორგანიზაციის „არმიის სამოქალაქო კონტროლი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, დავით ნემსაძე, რომელიც საფრანგეში იმყოფება.
– დათო, რა ხდება საფრანგეთში? თავად როგორ ხარ და სხვა ქართველი ემიგრანტები როგორ არიან?
– მე და ჩემი ოჯახი მარსელში ვართ და ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის. მსოფლიოში პანდემიური მოცემულობაა. 66 მილიონიანი ქვეყანაა საფრანგეთი და თავისთავად, საქართველოსთან მისი მასშტაბების შედარება არ შეიძლება. რაც მთავარია, აქ პანიკური ვითარება არ არის. მთავრობა ატარებს კარგად გათვლილ, გეგმიურ ღონისძიებებს. ეს არის შეგნებული საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემასთან. ხელისუფლება იძლევა რეკომენდაციებს და საზოგადოება განუხრელად ასრულებს მათ. ხელისუფლებას აბსოლუტურად მობილიზებულია საზოგადოების დასახმარებლად. პირველი ეტაპი იყო რეკომენდაციები, რა დროს როგორ უნდა მოიქცე. შემდეგ შეიზღუდა მოძრაობა, მხოლოდ საავადმყოფოში, აფთიაქსა და და მაღაზიაში წასვლის უფლება აქვთ საფრანგეთის ტეროტორიაზე მყოფ ადამიანებს. სხვა დანარჩენი დაწესებულებები გაჩერდა, მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სამსახურები მუშაობს. ჩვენ დაგვირიგდა სპეციალური დოკუმენტები, ივსება ეს დოკუმენტები და მხოლოდ მისი მეშვეობით გვაქვს გადაადგილების უფლება, ოღონდ, დოკუმენტი პასპორტთან ერთად უნდა გვქონდეს თან. რამდენიმე დღის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საფრანგეთში. ქუჩაში გამოვიდა ჯარი, შემოიღეს კომენდანტის საათი – საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება საერთოდ აკრძალულია. საქმეში ჩართულია სამხედრო ავიაცია, გაიშალა საველე ჰოსპიტალები. რაც შეეხება სამედიცინო მიდგომას, მკურნალობა ხდება დაავადების აღმოჩენისთანავე, მყისიერად. დროის მოგების და სხვა მიზეზებითაც, უმეტესად, ვერტმფრენებით გადაჰყავთ დაავადებულები სამედიცინო დაწესებულებებში. არ ჩერდება ვერტმფრენები, არ ჩერდება სამედიცინო პერსონალი, ყველაფერი კეთდება დაავადებულთა სამკურნალოდ და სახლში დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად. არაფერზე ფასები არ მომატებულა, არც დეფიციტია კვების პროდუქტებისა, მედიკამენტებისა, საწვავისა, სხვა პროდუქტებისა… მხოლოდ ერთ დღეს იყო პანიკის მაგვარი სიტუაცია, რიგები, შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ერთ მეტრიანი დისტანციებით დგას ხალხი აფთიაქებსა და მარკეტებში. ქალაქიდან ქალაქში ვერ გადახვალ, შეზღუდულია. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გაგიშვებენ ქალაქიდან. კომუნალურ გადასახადებს 3 თვე ხელისუფლება გადაუხდის ხალხს.
– ვინც პოლიტიკური და სხვა სახის თავშესაფრის მაძიებლები ხართ, სოციალური პაკეტი ხომ არ შეგიმცირდათ?
– არა, არაფერი არ შეგვმცირებია. პირიქით, შეგვიმცირეს კი არა, ვინ როგორ დაგვეხმაროს, იმას ფიქრობს. ვინც თავშესაფრის მაძიებელია, ასევე, სხვა მიზეზით საფრანგეთში ჩამოსულ უცხოელებს, ვისაც საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა გასდიოდა, 3 თვით გაუგრძელეს ეს ვადა, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. სახელმწიფო დაწესებულებების დიდი ნაწილი დახურულია. ამ ხალხს კი სხვა და სხვაგვარი დოკუმენტი ჰქონდა მოსაპოვებელი, რომელთა გარეშეც, შესაძლოა, მათ დარჩენას საფრანგეთში საფრთხე შექმნოდა. ამ ხალხს ხელი შეუწყეს, რომ შემდგომში მოიპოვონ საჭირო დოკუმენტები თუ გაიარონ სხვა და სხვა სახის პროცედურები.
– ქართველები მუშაობენ საფრანგეთში. მათი მდგომარეობა როგორია? ეს ხალხი ხომ უმუშევარი დარჩა?
– თუ ვინმე არალეგალურად არის ჩამოსული და დასაქმებული, მათ შესახებ ვერაფერს გეტყვით. შრომის კანონმდებლობა აქ უმაღლეს დონეზეა დაცული, დასაქმებულთა უფლებებს სახელმწიფო კბილებით იცავს. თუ ვინმე ოფიციალურად დასაქმებულია, მათ საფრთხე არ ემუქრებათ, სახლში იჯდებიან და დამსაქმებლები ხელფასს გადაუხდიან. საბერძნეთისგან განსხვავებით, აქ თუ ოფიციალური რეგისტრაცია და მუშაობის უფლება არ გაქვს, მუშაობას ვერ დაიწყებ.
– რა განწყობაა საზოგადოებაში? რა ვარაუდები აქვთ? ეპიდემიის მასშტაბებმა თუ მოიმატა და ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რას აპირებენ?
– საზოგადოებას აქვს ნდობა სახელმწიფოს მიმართ. საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელების მიმართ ნდობა და პატივისცემა აქვთ. საკუთარი შეიარაღებული ძალები, კვალიფიციური ექიმები, ხალხი კეთილდღეობისთვის შექმნილი კანონები, რომლებიც განუხრელად სრულდება… მოქალაქეები არ კარგავენ ღირსებას, თავს გრძნობენ ამაყად, რადგან იციან, რომ დაცულები არიან. სახელმწიფო ენდობა თავის მოქალაქეებს და მოქალაქეები ენდობიან სახელმწიფოს.
– საქართველოში არსებულ ვითარებაზე რას იტყვით?
– თქვენ კარად იცით, ჩემი ინფორმირების ამბავი. მოუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ვარ, ნებისმიერი უწყებიდან ვფლობ ინფორმაციას. საქართველოს ხელისუფლებამ ამდენი ხნის მანძილზე ვერ უზრუნველყო საზღვრების დაკეტვა. უნდა აღინიშნოს, რომ სანდრო ბრეგაძე და „ქართული მარში“ დიდი ხანი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ჩაეკეტათ საზღვრები, უპირველესად, მთელ ევროპასთან და ირანთან, ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ და ყველა დაინფიცირებული, უცხოეთიდან შემოვიდა, ან მასთან იყო კონტაქტში. რამდენი ხანია ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ გამოიყვანე შეიარაღებული ძალები ქუჩაში და დააწესე კომენდანტის საათიო. გავაანალიზე შექმნილი ვითარება და რანაირად უნდა გამოიყვანონ შეიარაღებული ძალები, როდესაც სამხედრო განაწესში ხალხი არ ჰყოფნით, რომ სამორიგეოდ გაუშვან?! წარმოიდგინეთ ახლა, ადამიანური რესურსის რა დონის დეფიციტია არმიაში. ზოგს არ ჰყოფნის სამოქალაქო შეგნება, რომ თვითიზოლაციაში იყოს. სახელმწიფო ვერ დაეყრდნობა მოქალაქეთა თვითშეგნებას. ასეთ დროს, სახელმწიფო ეყრდნობა კონკრეტულ ანალიზებსა და ძალას. ვინც თვითიზოლაციას არღვევდა აქამდე უნდა ყოფილიყო მათთვის დაწესებული სანქციები. ეს ამგვარ ფაქტებს მინიმუმამდე დაიყვანდა ან, საერთოდ შეაჩერებდა. ასეულობით ფაქტი იყო ამგვარი და ვინც ეს თვითიზოლაცია დაარღვია, კაცმა არ იცის, მათგან რამდენს დაუდგინდება ვირუსი და რამდენი დააინფიცირეს. ერთი ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანი, შესაძლოა, ეპიდემიის აფეთქების მიზეზი გახდეს და ეს ვერ გააცნობიერეს ხელისუფლებაში.
ხელისუფლებას ეშინია პოლიტიკური კრიზისის დაწყებისა. ამ კრიზისს კი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვევს. უხელფასო შვებულებაში გაუშვეს უამრავი ადამიანი, მედიკოსები გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, რომლებიც პირველ რიგში უნდა ჰყავდეთ პრიორიტეტულები. წარმოგიდგენიათ?
– დათო, ჯარში რა მდგომარეობაა და უნდა ჰქონდეს თუ არა ჩვენს მოსახლეობას, კრიზისულ ვითარებაში ჯარის იმედი?
– მხოლოდ და მხოლოდ, საბრძოლო ქვედანაყოფები, ბრიგადები გადაიყვანეს 50 პროცენტიან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს, 50 პროცენტს კი მისცეს შვებულება. გავაკეთე ამის ანალიზი. ჩვენი ქვედანაყოფები ელოდებიან განკარგულებას გამოძახების შესახებ. საბრძოლო ქვედანაყოფებს თუ გამოიყვანენ ქუჩაში, ლოჯისტიკური ქვედანაყოფები რატომ არ უნდა იყვნენ მზად, რომლებიც შვებულებაში გაუშვეს? კი, მაგრამ საბრძოლო ქვედანაყოფებს მართვა არ უნდათ? ეს ხომ არ არის სამხედრო ოპერაცია, ეს არის სამაშველო ოპერაცია და ამაში ჩართული უნდა იყოს ეროვნული გვარდია. რატომ არ ხდება ეროვნული გვარდიის მობილიზება? ეს არის ხელისუფლების ისტერიული შიშის გამო. ხალხი დამშეულია და უარესად დაიმშევა, რომ არ მოხდეს მასობრივი პროტესტი. ამის ანალიზი მაქვს. სახელისუფლებო ჯგუფები, მოსახლეობის სახელით აგროვებენ ფულს და სურსათი მიაქვთ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. ამ ყველაფერს კურირებს სუს–ი, პირდაპირ ვაცხადებ. პირადად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კურირებს ამას, რომ შექმნას საზოგადოებრივი განწყობა, თითქოს მოსახლეობის შეგნების დონეა მაღალი, ხალხი ერთმანეთს ეხმარება და უშიშროების კონტროლირებადი მედია ამას აპიარებს, ქმნის ამ განწყობას. ეს იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებას არ აქვს თავი, დაეხმაროს უმუშევრად დარჩენილ ხალხს, სხვა დაუცველ სოციალურ ფენებს და ამით, ამ პრობლემის დროებით გადაფარვა ხდება. შეჩერდა უცხოეთიდან ტრანზაქციები, გაჩერდა ტურიზმი, ეს პირველ ეტაპზე და ახლა ყველაფერი გაჩერდა. ეკონომიკა განულდა, არ არის მარაგები და ეს თუ მცირე ხნით კიდევ გაგრძელდა, ხელისუფლება ვეღარ გასცემს პენსიებს, იმიტომ რომ არ იქნება ფული. თუ ფული დაბეჭდეს, ამას მოჰყვება ინფლაცია და აღმოვჩნდებით კატასტროფულ მდგომრეობაში. ასე იცის თანხების მოპარვამ ბიუჯეტიდან, ასე იცის ნეპოტიზმმა, ასე იცის, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების სასათბურე პირობებში ჩაყენებამ, ხალხის ფულით ფუფუნებაში ცხოვრებამ და ხალხის ფეხებზე დაკიდებამ. ისევ ჯარს დავუბრუნდები. თუ დასჭირდათ, რომელი სამხედრო ავიაცია უნდა გამოიყვანონ? რომელიც გაანადგურეს, უმაღლესი დონის სამხედრო მფრინავები გაყარეს სამსახურებიდან და ოჯახი რომ არჩინონ, კონგოსა და სხვა ცხელ წერტილებში დაფრინავენ, ზოგი კი იქ ჯუნგლებში დაიღუპა. გაყარეს ბორტექნიკოსები, რადიოინჟინრები… ავიაცია არ ჰყავს საქართველოს. შესაძლოა, მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გახდეს აუცილებელი, ათეულ ათასობით ადამიანისა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება. საფრანგეთს აქვს ძალიან სწრაფი რკინიგზა, მაგრამ ხალხის გადაყვანა საავადმყოფოებში, უმთავრესად, ხდება ვერტმფრენებით, რადგან ასე უფრო სწრაფია და მომგებიანი, ადამიანის სიცოცხლეა უპირატესი. ახლა მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ხედავთ ახლა, სამხედრო რესურსი სად ყოფილა საჭირო? ხედავთ, რომ შეიარაღებულ ძალებში ჩადებული ფული, მარტო ომისთვის არ არის გამოსაყენებელი და ჯარი იმიტომ არ უნდა ინახო მარტო, რომ მან საჭირო დროს იომოს? ჯარი უნდა შეინახო, ჯარის ყველა სახის ქვედანაყოფი უნდა გყავდეს და ყველა ღირსეულად შეინახო. შესაძლოა, ჯარი საერთოდ არ დაგჭირდეს ომისთვის, შესაძლოა, ქვეყანას ომი 100 და 200 წელი არ მოუწიოს, მაგრამ ის უნდა გყავდეს, რადგან კატასტროფების დროს, პანდემიების დროს დაგჭირდება, მის გარეშე უძლური ხარ უამრავი საფრთხის წინაშე. პოლიციური ძალები, სამოქალაქო სამაშველო სტრუქტურები ყველა შესაძლო პრობლემას ვერ გაუმკლავდებიან, რადგან არ არიან ამისთვის მზად და ეს არც არის მათი საქმე, ეს არის ჯარისკაცის საქმე. ბუნკერები გასაკეთებელია, საზოგადოებრივი სივრცეებია გასაკეთებელია, ერთი სამხედრო ჰოსპიტალი იყო ისანში და ისიც კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, გორში გადაიტანეს. კაი, ის გადაიტანე, მაგრამ თბილისში, სხვა ქალაქებში ააშენე სამხედრო ჰოსპიტალები, გიშველის ვინმე? წინ რატომ არ იყურები? ეს ყველაფერი რომ გვქონდეს, იქ გაკეთდებოდა საკარანტინო ზონები. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ რომ დაგვჭირდეს?
ერთიც მინდა ვთქვა. თინა ხიდაშელმა სამსახურიდან გაუშვა ვიცე–პოლკოვნიკი, ელგუჯა ურუშაძე, სამხედრო ქიმიკოსი და მასობრივი დაზიანების იარაღის სპეციალისტი. მას გასაუბრება კბილის ტექნიკოსმა ჩაუტარა, გაათავისუფლა და სამხედრო ქიმიკოსის შტატი დაიკავა იურისტმა. ელგუჯა ურუშაძე არის ავტორი წიგნისა „ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი~. დიახ, ბიოლოგიური! ის ბიოლოგიური იარაღის ექსპერტიც გახლავთ. კორონავირუსი სხვა არაფერია, თუ არა ბიოლოგიური იარაღი. ჩემი აზრით, ეს ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი, მასობრივი გავრცელების მოწყვლადი მოდების მოვლენაა. ის ატარებს საბრძოლო ვირუსის ნიშნებს. მაღალი ალბათობით, შექმნილია სამხედრო დანიშნულებისთვის, რომელიც გამოიყენება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად, მოწინააღმდეგის რიგებში პანიკის შესაქმნელად, ეკონომიკის გასანადგურებლად. შორს აღარ გავყვები, მაგრამ როდესაც ქვეყანაში პანდემიაა, ასეთი, ჯერ შეუსწავლელი ვირუსი ემუქრება ქვეყანას, აუცილებლად უნდა გყავდეს სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც მოგცემენ სწორ რეკომენდაციებს. მარტო სამოქალაქო ექიმები არ უნდა ებრძოდნენ ასეთ საფრთხეს. ექიმმა ჯანდაცვის კუთხით უნდა გააკეთოს დასკვნა, მაგრამ მასობრივი დაზიანების საფრთხეების განსაზღვრა, პრევენცია და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, სამხედრო სპეციალისტების საქმეა. საქართველოს გარდა, არ მეგულება მეტ–ნაკლებად განვითარებული ქვეყანა, სადაც არ ხდებოდეს ამ ვირუსის სამხედრო მეცნიერების მიერ შესწავლა თავდაცვის სამინისტროების ლაბორატორიებში და არ ჰქონდეთ გარკვეული დასკვნები მის შესახებ. ჩვენ არც ლაბორატორია გვაქვს და ერთი ექსპერტი გვყავდა და ისიც გაუშვეს სამსახურიდან. კარგი, ხიდაშელმა გაუშვა ელგუჯა ურუშაძე და, ის ქართული ჯარის დასანგრევად იყო მოსული მინისტრად, მაგრამ ჯარის ქომაგის იმიჯით მინისტრად მოსულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ჯარის აშენებლობას გპირდებოდა, რატომ არ მოიკითხა ელგუჯა ურუშაძე და რატომ არ დააბრუნა სამსახურში? ე.წ. სამხედრო განათლების სარდალმა, მალხაზ მაკარიძემ გააგდო ურუშაძე მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე მას ნიშანი არ დაუწერა. ოროსანი იყო მაკარიძე და იმიტომ არ დაუწერა ელგუჯა ურუშაძემ ნიშანი. ოროსანმა მოსწავლემ არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ვიცე–პოლკოვნიკი გააგდო. საჭირო რომ გახდეს, მალხაზ მაკარიძე დადებს პანდემიის დროს ევაკუაციის, განთავსების ან განლაგების გეგმებს? ვერ დადებს, რადგან არ იცის. ვერც სამხედრო ექიმები ვერ დადებენ ასეთ გეგმას, სამხედრო სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ ეს ყველაფერი გააზრებული და გაანალიზებული, გეგმებიც მათ უნდა დადონ. ბოდიშის მოხდით უნდა მიიყვანონ ელგუჯა ურუშაძე თავდაცვის სამინისტროში და დააბრუნონ თავის პოსტზე.
– დათო, თუ კრიზისული ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, სამოქალაქო ძალოვანმა სტრუქტურებმა ვეღარ შეძლეს პროცესების მართვა და სამხედროების ხელში გადავიდა მართვის სადავეები, გამოდის, რომ ვერც სამხედროები მართავენ პროცესებს?
– ვერა, სამწუხაროდ, სამხედროები ამ საკითხს ვერ გააკონტროლებენ უცოდინარი და უვარგისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისა და კვალიფიციური კადრების უქონლობის გამო. სამხედრო ხელმძღვანელობაშია ისეთი ხალხი, რომელთაც არ იციან, ასეთ ვითარებაში როგორ გააკონტროლონ სიტუაცია. გენშტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია საერთოდ აზრზე არ არის, რა ხდება შეიარაღებულ ძალებში. დღეს ქართული შეიარაღებული ძალები არ წარმოადგენს დაცვის მექანიზმს, ის წარმოადგენს იმ ქვედანაყოფს, რომელიც შექმნეს უცხოელებმა, დააფინანსეს და ეს არის უცხოურ მისიებში გამოსაყენებელი ქვედანაყოფი. ის საქართველოს საზოგადოებას ამ ეტაპზე არ წაადგება არაფერში.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №11
კომენტარები