ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. ქართულ მხარეს პარტნიორებთან უკვე ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ლუგარის ლაბორატორია მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.
დღემდე მოქმედი პრაქტიკით, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევდნენ, სადაც ხორციელდებოდა გამოკვლევა რამდენიმე ათეულ ვირუსზე, რომელთა შორის, ახალი კორონავირუსი არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ დადასტურდებოდა, მასალა საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიაში იგზავნებოდა, რათა დადგენილიყო, შეიცავს თუ არა ის ახალ კორონავირუსს. ეს პროცედურა კი რამდენიმე დღეს გრძელდება.
უკვე დღეიდან კი ანალიზების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ იქნება და ახალ კორონავირუსზე მასალა ადგილზე შემოწმდება, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმის საშუალებას იძლევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
კომენტარები