ვენეციაში, ახალი ტიპის COVID-19 კორონავირუსის გამო 23-25 თებერვალს ვენეციის კარნავალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AP ვენეტოს რეგიონის მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უქმეების განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3-დან 132-მდე გაიზარდა.
ეს ევროპაში ვირუსის ყველაზე დიდი აფეთქებაა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება პირველ დაავადებულს ამ დრომდე ვერ პოულობს, შესაბამისად არ იციან ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი და რამდენად გაიზრდება ავადმყოფების რაოდენობა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინი გამოაცხადა.
ხელისუფლებამ 50 000-მდე ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას პოლიცია და სამხედროები გააკონტროლებენ.
ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები