ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსის შემთხვევების სიმრავლის გამო შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფანჯარა სულ უფრო ვიწვროვდება.
„შეშფოთებულები ვართ ახალი შემთხვევების რაოდენობით, რომლებსაც ეპიდემიის ეპიცენტრთან კავშირი არ აქვთ, ვგულისხმობ მოგზაურობის ისტორიას ან კონტაქტს დაავადებულთან“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობა 76 288-ს შეადგენს, კორონავირუსს ქვეყანაში უკვე 2 345 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა ბოლო მონაცემებით, დაღუპულების და ახალი დაავადებების შემთხვევები მცირდება. ამასთან, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 26 სახელმწიფოში უკვე 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 8-ს მიაღწია.
კომენტარები