ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ინფექციური საავადმყოფოდან ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს. მათ გუშინ უარყოფითი ტესტები ჩაუტარდათ. შესაბამისად, ჯამში გყავს 3 გამოჯანმრთელებული. ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა და არასრულწლოვანია. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გუშინ ჩვენთან 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, 20 იყო უარყოფითი. დღეს ასაღები გვაქვს ტესტი 8 პაციენტისგან, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ერთი მძიმე პაციენტი გვყავდა პნევმონიით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რაც შეეხება ასაკოვან ქალს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ გაუმჯობესებას ჯერჯერობით არც ველოდებით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა.
კომენტარები