ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, კორონავირუსზე ინტერნეტით ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო ერთი პიროვნება დააპატიმრეს – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინჰუა”ავრცელებს. მათივე ცნობით, იგივე ქმედებისათვის მოხდა კიდევ 6 მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავება, 34-ს კი ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩაუტარეს
„ბოლო დღეებში, ტიანძინის საქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტმა პნევმონიის გავრცელების შესახებ ინტერნტში მავნე ჭორებზე მეთვალყურეობა გააძლიერა. ვირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანი დააკავეს, ასევე მოხდა ადმინისტრაციული წესით ექვსი კანონდამრღვევის დაკავება, კიდევ 34 მოქალაქესთან კი ჩატარდა ახსნა-განმარტებითი სამუშაოები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტიანძინის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქალაქში, ინტერნეტში კორონავირუსზე ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ 24- საათიანი მონიტორინგია დაწყებული. მისივე თქმით, ყალბი ამბების გავრცელების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება მტკიცებულებები შეგროვდება და პიროვნება კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება, რათა თავიდან იქნას აცილებული პანიკა მოსახლეობაში.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5974 ადამიანს მიაღწია და ოფიციალურად დადასტურებულია გარდაცვალების 132 ფაქტი.
კომენტარები