“ამის ჩემგან გაგონება ეწყინება ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ რა ვქნა, სიმართლეს ვამბობ!”
ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ, „ალიას“ პოლიტიკური დევნილი, „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, დავით ნემსაძე ესაუბრება.
– დათო, ირაკლი ღარიბაშვილი რომ დანიშნეს თავდაცვის მინისტრად, თქვენ საკმაოდ ლოიალურად იყავით მის მიმართ განწყობილი. მახსოვს, ინტერვიუშიც მითხარით, რომ იმედი გქონდათ, შეიარაღებულ ძალებში კორუფციის, მექრთამეობის, ნეპოტიზმის, სამხედრო ბაზაზე ოფიცერთა მიერ ბავშვთა წამების ფაქტებსა და სხვა უკანონობებს გამოიძიებდა, უღირს ოფიცრებსა მოაცილებდა სამინისტროდან და წესრიგს დაამყარებდა. სოციალურ ქსელში გავეცანი თქვენს რამდენიმე პოსტს და მივხვდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გაგიცრუათ იმედები.
– ირაკლი ღარიბაშვილი როდესაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მაშინ მას მივაწოდე მტკიცებულებები იმ უკანონობის შესახებ, რაც შეიარაღებულ ძალებში ხდებოდა. კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ დანაშულებებზე კონკრეტული ფაქტები, ნეპოტიზმის ფაქტები. ახლად დანიშნული მინისტრი შემპირდა, რომ შეისწავლიდა ფაქტებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენდა. შესაბამისად, ვიცდიდი, რადგან კარგად ვიცი, იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც მისგან ველოდი, რამდენიმე დღეში არ ხდება. უკვე რამდენი ხანია ღარიბაშვილი მინისტრია და არაფერი შეცვლილა სამინისტროში, ასი დღეც გავიდა და ხუთასიც, მაგრამ ჩემს მიერ მიწოდებულ არც ერთ ფაქტზე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება. ეს არის მისი გადასაწყვეტი, აღადგენს თუ არა სამართლიანობას შეიარაღებულ ძალებში, დაუბრუნებს თუ არა მას წართმეულ ღირსებას. ის უკანონობები, რაც შეიარაღებულ ძალებში ხდებოდა, კვლავ გრძელდება და სამომავლოდ, როდესაც ბევრი უკანონობა გამოაშკარავდება, მინისტრი ვეღარ იტყვის რომ ამის შესახებ არ იცოდა და დანაშაულის პრევენცია ვერ მოახდინა. მე ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენე და ყველაფერი დეტალურად იცის. თუ დაზარალდება, ისევ თვითონ დაზარალდება, თორემ მე აქ, საფრანგეთში საქმის კურსში ჩავაყენე უფლებადამცველი საზოგადოებები, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ დანაშაულებებს მალავს, მათ შორის, სამხედრო სფეროში.
ირაკლი ღარიბაშვილი, ჩემი აზრით, მოექცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საინფორმაციო ველში, არ მოინდომა ლევან იზორიას დისკრედიტირებული კადრების შეცვლა, მაგრამ ეს ხალხი მის დისკრედიტაციასაც მოახდენს და მერე ინანებს. არ მოხსნა ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ მიყვანილი და დაწინაურებული კადრები. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანიც ისევ ადგილზეა, რომელმაც რა დამსახურების გამო მიიღო გენერლის წოდება, ყველასთვის უცნობია. მისი და, სიძე, შვილის ნათლია დასაქმებულნი არიან სხვა და სხვა თანამდებობებზე, მისი შვილი კი დაუმსახურებლად მუშაობს სუს–ში. მე გეტყვით კორუფციის კონკრეტულ მაგალითს. რამდენიმე დღის წინ, ერთ–ერთ სამხედრო ბაზაზე ქრთამის აღების ფაქტი მოხდა და ამას გულმოდგინედ მალავენ. ლელა ჩიქოვანის სიძე, ჯაბა პერანიძე უშუალოდ კურირებს ამ თანხების აღებ–მიცემობას. როდესაც თავის დროზე ამ თემაზე დავიწყე ლაპარაკი, ქრთამის აღების ფაქტზე დაიჭირეს ავღანეთის მისიაში წასასვლელი ჯარისკაცების საქმეზე, შტაბის უფროსი. თუმცა, ეს არ კმარა. ღარიბაშვილის გასაგონად ვამბობ, როდესაც კორუფციის ფაქტზე მესამე და მეოთხე ხელს იჭერ, ხელს არ ჰკიდებ შენი პირველი მოადგილის ნათესავს, ეს კორუფციაში თანამონაწილეობაა. ვიცი, ეწყინება ჩემგან, მაგრამ რა ვქნა? სიმართლეს ვამბობ. როდესაც ვუყურებ, რომ ლელა ჩიქოვანი ისევ მინისტრის მოადგილეა, ჯაბა პერანიძე ისევ ძველ პოსტზეა და ამ პოსტის შეუსაბამო გავლენა აქვს, ბევრად მეტი, ვიდრე უნდა ჰქონდეს, ამის შემდეგ აღარ მიკვირს კორუფცია თავდაცვის სამინისტროში. ეს ადამიანები ყველა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ თავიანთ საქმეს, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ. თუ ჯაბა პერანიძეს პრეტენზია გაუჩნდება, მაშინ მოგცეთ თქვენ ინტერვიუ და ჰკითხეთ, მომთხოვა თუ არა მან ქრთამი, როდესაც მე თანამდებობაზე უნდა გადავნიშნულიყავი „ალექსეევკის“ ბაზაზე. მაშინ იყო „ალექსეევკის“ ბაზაზე კადრების სამსახურის უფროსი და პირადად მომთხოვა ქრთამი.
– როდის მოხდა ეს ამბავი?
– 2008 წელს, კოპიტნარიდან „ალექსეევკაში“ მინდოდა გადმოსვლა და ამაში მომთხოვა ფული. მაშინ, ძირითადად, ტერიტორიული ერთეულის შეცვლისთვის იღებდნენ ფულს.
– რამდენი მოგთხოვათ?
– მაქამდე საქმე არ მისულა, ასე შორს მე არ წავიდოდი. პირდაპირ მითხრა, ამას სჭირდება ფულიო და აქ მორჩა ჩვენი ლაპარაკი. თუმცა, შემიძლია გითხრათ, სხვა ჯარისკაცებისგან რამდენს იღებდა – 1000–დან 2000 დოლარამდე. ეს 2008 წელს და მას შემდეგ გაიზარდა „სტავკები“. ამის შემდეგ ეს ყველაფერი არ გაჩერებულა. ათასჯერ დავწერე, მივმართე სამხედრო პოლიციას, მოვითხოვე საქმის განხილვა და არ დადგა შედეგი. არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, სიახლე ის არის, რომ ამ კორუფციას დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უწყობს ხელს, რომელიც არ ცვლის კადრებს სამინისტროში, არ ებრძვის კორუფციას. ვეკითხები ირაკლი ღარიბაშვილს, რა მართებს ეგეთი ლელა ჩიქოვანისა და ჯაბა პერანიძისა, რა ვალი აქვს, რომ ხელს ვერ ახლებს?
– 2008 წელს, ლელა ჩიქოვანი სად მუშაობდა?
– თავდაცვის სამინისტროში, დავით კეზერაშვილის მინისტრობისას ადმინისტრაციაში ეკავა მაღალი პოსტი, შემდეგ ბაჩო ახალაიას მინისტრობისასაც ადმინისტრაციაში იყო. ახალაიას ყავის მომდუღებელი იყო და ამბობენ, რომ ბაჩოს ძალიან მოსწონდა მისი მოდუღებული ყავა. იზორიას დროს განიცადა წინსვლა და მინისტრის მოადგილე გახდა, დღესაც ამ პოსტზეა. ღარიბაშვილი მითვლის, – მე რა ვქნა, ვერ ვცვლი, მე ვერ ვწყვეტ მაგის მოხსნასო. თუ ვერ წყვეტს კიდევ, რისი მინისტრია, ადგეს და წამოვიდეს. პირდაპირ გეუბნებით აგერ, არ ვმალავ, ეს შემომითვალა ირაკლი ღარიბაშვილმა.
– ბოლო ინტერვიუში თქვენ მითხარით, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ინტერვიუები არასრულყოფილად თარგნა თარჯიმნმა და ისე მიაწოდეს საფრანგეთის საინფორმაციო სამსახურს. ეს თარჯიმანი კი საგარეო დაზვერვის აგენტი იყო. ამ უწყებას მაშინ ლევან იზორია ხელმძღვანელობდა.
– კი, გითხარით, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის ინტერვიუები მიზანმიმართულად არასრულყოფილად თარგმნეს აქ. ეს გააკეთა ლევან იზორიას დაქირავებულმა აგენტმა, გოგონამ, რომელიც მუშაობდა თარჯიმნად, საემიგრაციო სამსახურში. მან ინტერვიუებიდან ამოიღო ის ეპიზოდები, რომლებიც ადასტურებდნენ ჩემს პოლიტიკური ნიშნით დევნას, ჩემზე თავდასხმის, დევნის, შანტაჟის, თვალთვალის ფაქტებს, თუ როგორ ანხორციელებდა ჩემზე ზეწოლას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გენშტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. არ თარგმნა სამხედრო ბაზაზე ბავშვების წამების ფაქტი და ამ ამბის დეტალები, წერილები და საქმის აღძვრის ნომრები, ექსპერტიზის დასკვნები იმ საქმეზე, როდესაც თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ ლევან იზორიას დავალებით, არ თარგმნეს იმ ჯარისკაცების ახსნა–განმარტებები, რომლებიც წამების ობიექტები გახდნენ. ამის უკან იდგნენ ლევან იზორია და ირაკლი სესიაშვილი. ჩვენი ჩვენებებიდან ეს ეპიზოდები გააქრო, საერთოდ არ თარგმნა. ეგონათ, ამით მორჩებოდა ყველაფერი და გააცურებდნენ საფრანგეთის ხელისუფლებას. ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი ფრანგული სახელმწიფოს მიმართ და ამის შესახებ ვაცნობე საფრანგეთის საელჩოს საქართველოში. ჩემი მეგობრების დახმარებით ვათარგმნინე ინტერვიუების სრული ვერსიები, სხვა დოკუმენტები ფრანგულად და მივაწოდე საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურს, ფრანგულ პოლიციას, სხვა კომპეტენტურ უწყებებს. ვისაც უნდა ეთარგმნა, მან არ თარგმნა წინასწარი ანგარებითა და დანაშაულებრივად. ეს გოგონა კი, ვინც არ თარგმნა ეს ყველაფერი და საქმის ჩაფარცხვას შეეცადა, დღეს უმუშევარია, იმ ბიუროში აღარ მუშაობს და რესტორანში ეძებს სამსახურს. რამდენადაც ვიცი, ჰონორარული სისტემით მუშაობდა საფრანგეთში, მაგრამ დღეს უმუშევარია, ჩემს საქმეს გადაჰყვა. დავძენ, რომ მან არა მხოლოდ არ თარგმნა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ინტერვიუები სრულყოფილად, ჩემგან ფულის გამოძალვა სცადა სხვა ქართველების მეშვეობით და შემოთვლები დამიწყო ფრანგული უწყების გვერდის ავლით, რომ თუ მინდოდა, რომ ჩემი საქმე ბოლომდე მისულიყო, ამაში ფული უნდა გადამეხადა. მე ქრთამს არავის მივცემ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომც გადამეხადა, ისევ ის შედეგი დადგებოდა, რაც დადგა. ძალიან ვწუხვარ, რომ ბიუჯეტის, პენსიონერების ფული იხარჯება იმაში, რომ საგარეო დაზვერვამ კვანტი დაუდოს პოლიტიკურ ოპონენტებს საზღვარგარეთ. მინდა შევუთვალო საგარეო დაზვერვას, რომ ყველა ინფორმაციას, საფრანგეთის ხელისუფლების გარდა, მივაწვდი ბრიუსელს და საერთოდ, მათი უკანონობის შესახებ, ყველას ვაცნობებ, სადამდეც ხელი მიმიწვდება.
-დათო, ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა და გავრცელდა ხმები, რომ პოლიციის ბევრი თანამშრომელი აღფრთოვანებული შეხვდა ამ ფაქტს. საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ მერაბიშვილი შეძლებს პოლიციაში არეულობის შეტანას, საბოტაჟის გზით ამ სისტემის ჩამოშლას, რომ პოლიციელების ნაწილი არ დაემორჩილება ბრძანებებს, უარს იტყვიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე კრიტიკულ მომენტებში. რამდენად რეალურისა ეს საფრთხე?
– ვანო მერაბიშვილი ავტორიტეტული პიროვნებაა პოლიციელთათვის. შეიძლება ასეც ითქვას, რომ მაგან გარკვეული სისტემა შექმნა შსს–სი. რა თქმა უნდა, მისი უამრავი კადრია არა მარტო პოლიციაში, არამედ სუს–ში, თავდაცვის სამინისტროში. ეს არის ადამიანი, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ დაისისას დაიბარა კონკრეტული, მაღალი რანგის პირები და განუცხადა, რომ ყველა საქმეზე შეიძლება ლაპარაკი, ჩვენების მიცემა, მაგრამ არსებობს კონკრეტული საქმეები, რომლებზედაც კრინტი არავინ უნდა დაძრასო. ეს შეხვედრა გაიმართა კუდ–ის შენობაში. ასეც მოხდა, რაღაცებზე ხმა არავის ამოუღია დღემდე. ვანო მერაბიშვილი რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს, ძალიან რთულია, ძნელია, ორი გვამით სადმე მიხვიდე, მაგრამ ჩვენს რეალობაში ორი გვამითაც მიდიან და ოთხი გვამითაც, რადგან საზოგადოება გვყავს ისეთი მომთმენი, ამას ჩვეულებრივად აღიქვამს. პოლიტ–ტექნოლოგიებით ეს ყველაფერი კარგად ირეცხება და „თეთრდება“. დღეს „ქართული ოცნება“ სამოქალაქო აქტივობებისას იყენებს ისეთ პერსონებს, როგორიცაა, დავუშვათ, ირაკლი ლატარია, რომელიც თავის დროზე, დათა ახალაიას და მერაბიშვილის დავალებით აყალბებდა არჩევნებს. უკვე ისეა ყველაფერი აზელილი, ვერ გაარკვევ, სად მერაბიშვილის კადრია და სად „ქართული ოცნებისა“. შესაბამისად, საბოტაჟის მოხდენის ალბათობა აღარც არის, რადგან საბოტაჟი უკვე ხდება რეალობაში. რაც შეეხებათ პოლიციურ დანაყოფებს, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ. თუნდაც ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას მხილების ფაქტი არ მოხდებოდა, ცხადია, პოლიციელ გიორგი დვალიშვილს რომ არ მოენდომებინა, მას ყველაფერი სწორად ჰქონდა გაკეთებული და მას სოლიდარობაც კი გამოვუცხადე. თუმცა, 2014 წელს მომხდარი ფაქტი დამალა ამდენ ხანს და მაშინ გაასაჯაროვა, როდესაც ეს შედიოდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესებში. ნახეთ, რა მოხდა. ლევან იზორიას „ნაცმოძრაობამ“ გააკეთებინა ყველაფერი, რაც სურდათ, შეინარჩუნეს თავიანთი კადრები თავდაცვის სამინისტროში და მერე, როდესაც იზორია უკვე მინისტრი აღარ იყო, უკვე უსარგებლო გახდა, გამოუქვეყნეს ეს კადრები. ახლა თავად გააკეთეთ დასკვნა, რა შეუძლია მერაბიშვილს და ზოგადად, „ნაცებს“. მერაბიშვილის იზოლაცია–დეიზოლაცია ციხით არ ხდებოდა. მან შექმნა ეს სისტემა, ძალიან კარგად იცოდა ვინ იყო ივანიშვილი, იცოდა, ვინ მოდიოდა ამ უწყებებში და ვინ მიდიოდა. ასეთ მხილებას „ქართული ოცნებისას“ არჩევნების პერიოდში ვნახავთ ბევრს. ჩვენ მოვისმენთ ქართული ენის ამ უცოდინარის, ამ უწიგნური მერაბიშვილის პოლიტიკურ შეფასებებს, თუ რა კარგები იყვნენ ისინი და როგორ ცუდები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს ყელამდე გასვრილი ვანო მერაბიშვილი, იოლად გაიშვერს ხელს მისკენ და მერაბიშვილს აწყობს დღევანდელი ხელისუფლება, რადგან მის ლიდერებზე ბევრი კომპრომატები აქვს დასადები, რომელთა ნაწილი მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე შეაგროვა და ნაწილი მისმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მმართველობისას შეაგროვა და ციხიდან გამოსულს დაახვედრეს. `ქართული ოცნება“ კი იმ ფირებს მალავს, რომლებიც კასრებში აღმოაჩინეს და რომლითაც ერთ დღეში შეუძლიათ „ნაცმოძრაობის“ დასრულება. მინი–ფაშისტური რეჟიმი იყო „ნაცმოძრაობა“ და არ გაასამართლეს. დასასრულს, ერთსაც გეტყვით. ესტონეთის დაზვერვის სამსახური ხელმძღვანელმა, ნიკ მარანმა განცხადება გააკეთა, თითქოს საქართველოში, ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმული ადამიანები, ეს „ქართული მარში“ იქნება თუ სხვა ეროვნულად განწყობილი ადამიანები, თურმე არიან რუსეთის აგენტები. კრიმინალ „ნაცებს“ ეძახის პოლიტდევნილებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ხალხს, ომის ვეტერანებს კი რუსეთის აგენტებს. ერთ ამბავს გაგიმხელთ ექსკლუზიურად ესტონეთის დაზვერვის შეფის შესახებ. ეს პიროვნება, ნიკ მარანი, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობისას ჩამოსული იყო საქართველოში. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის სამხედრო აღმშენებლობის პოლიტიკური სკოლა, სადაც იკრიბებიან სხვა და სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია იქ შეხვდა ნიკ მარანს. ზოგადად, ამ შეხვედრებზე, გარკვეული პირების მიერ, სამხედრო ატაშეებისთვის ხდება გარკვეული ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ არასასურველ პერსონებზე, პოლიტიკურ ძალებზე, რომ მათ საკუთარი ქვეყნების ხელისუფლებას მიაწოდონ ეს ინფორმაცია და შემდეგ, საზღვარგარეთიდან მოხდეს ამ პერსონებისა თუ ძალების ბომბარდირება. მოკლედ, ბათუ ქუთელია აწვდის ინფორმაციას ნიკ მარანს და იმან მოახდინა ეროვნული ძალების დაბომბვა, მისი ჭკუით დისკრედიტაცია. ესტონეთის ხელისუფლება არ იხდის ბოდიშს ნიკ მარანის ამ ბრიყვულ განცხადებაზე და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. კონტრდაზვერვა კიდევ, ჩვენ, ფაქტიურად, არ გვყავს. ახლა მე გეკითხებით, მერაბიშვილია ამ ყველაფრის შუაში?
ლევან ჯავახიშვილი
ალია №7
კომენტარები