ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე GTmedia-სთან ამბობს:
“რაც შეეხება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთი რთული იქნება, რა თქმა უნდა, სჯობს არჩევნები გადაიდოს. ზოგადად ასეთი რთული ვითარების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, სრული ლოქდაუნი თუ არა, საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესდეს. მაგრამ ხელისუფლება არ თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭიროა.
თუმცა, არჩევნები ისე ვერ გადაიდება, ყველაფერი რომ ღია დარჩეს. გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოცხადდება. ჯერ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, შემდეგ აქედან გამომდინარე გადაიდება არჩევნები. ამ პროცესის გადადება სხვაგვარად ვერ მოხდება, თუ მსგავსი მდგომარეობა არ გამოცხადდა, რადგან ასეა კონსტიტუციაში განსაზღვრული.
არჩევნების გადადება მთავრობისთვის მომგებიანი არ იქნება. იმიტომ, რომ ამაზე უკეთესი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარება, რაც დღეს არის, სავარაუდოდ აღარ ექნებათ. რაც შეეხება ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება ოპოზიციისთვის მომგებიანია. გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიციამ მაინცდამაინც ჩამოყალიბება ვერ მოახერხა, მას გარკვეული დრო სჭირდება, რომ რეაბილიტაცია შეძლოს და საარჩევნო მარათონიც უფრო დამაჯერებლად გაიაროს და არჩევნებს უფრო მომზადებული შეხვდეს. ამიტომ, ამ შემთხვევაში ინტერესები არის გაყოფილი. ოპოზიციამ არჩევნების მომზადება ვერ მოასწრო ისე,როგორც მას სურდა. ამიტომ, ამ შემთხვევაში ინტერესები არის გაყოფილი,.
დღეს თუ ქუჩაში გახვალთ, მიხვდებით, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ არის ნეიტრალური. არაა მოლოდინი, რომ ეს არჩევნები რაღაცას კარდინალურად შეცვლის. ამასთან, ხელისუფლებას აქვს გარკვეული პოზიციები. თუ არჩევნებზე ცოტა ხალხი მივა, ხელისუფლება უზრუნველყოფს საკუთარი ამომრჩევლის მიყვანას. ეს კოვიდი დღეს ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ამიტომ, რატომ უნდა გადადოს არჩევნები, როდესაც, ფაქტობრივად, მოგება გარანტირებული აქვს?
თუ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ აქციებს დაგეგმავს, ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არც დასჭირდება, რადგან დღეს საზოგადოებაში არ არის იმის განწყობა, რომ ქუჩის პროტესტმა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს.”
კომენტარები