შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.
კოვიდკლინიკების მხრიდან ფინანსურ კრიზისის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა და სახელმწიფოს მხრიდან კოვიდხარჯები მოხსნის შესახებ დასმულ კითხვაზე, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კოვიდკლინიკებს ხარჯების შემცირების შესახებ ხუთი დღით ადრე აცნობეს.
„არანაირი ხუთი დღე არ ყოფილა. ამ ხუთი დღით, რატომ აპელირებენ, არ ვიცი. ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკებში დატვირთულობას. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების ათი-თორმეტი ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქ არის მიღების მკაცრი კრიტერიუმები, რა კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაშიც უნდა მიიღოს კლინიკამ პაციენტი და ასევე, გაწერის კრიტერიუმები. სამწუხაროდ, არც ერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ინდივიდუალურად, თითოეულ კლინიკაში უყურებდნენ როგორც შესვლის, ისე გაწერის კრიტერიუმებს. ზუსტად ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ იყო გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ სულ 6 000 პაციენტი იყო კლინიკებში. ის 9 200 მობილიზებული საწოლი, იანვრის დასაწყისში რომ მოვედი, პირველივე კვირაში დავინახე გასული და პიკური პერიოდიდან გამომდინარე, რომ არ იყო ამდენი საწოლის არსებობის აუცილებლობა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, 1 700 საწოლი მინისტრობის პირველივე კვირაში გააუქმა.
„მაშინაც იყო ძალიან ბევრი პრეტენზია, მაშინაც ტელევიზიებთან იყო საჩივრები, რომ თითქოს არასწორად ვაკეთებდით რამეს, თითქოს ქვეყანა პიკზე მიდიოდა და ჩვენ არ გვექნებოდა საკმარისი საწოლები. ახლა ხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინაც სწორი იყო, თან ვსაუბრობთ ისეთ საწოლებზე, რომლებიც იყო ცარიელი და რომელშიც სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში იხდიდა თანხას, არც თუ ისე ცოტას. თითოეულ ცარიელ საწოლში დაახლოებით 120+60 ლარს იხდიდა სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში. მთლიან დატვირთულობას რომ გადავხედოთ, ანუ მათი პრეტენზიების საპასუხოდ, საშუალოდ 60 პროცენტი იყო დატვირთულობა და წარმოიდგინეთ, ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 40 პროცენტ ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, სანამ შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ, სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ ორი წლის განმავლობაში ერთი მილიარდი ლარია მინიმუმ გადახდილი ამ ყველაფერში. დანაშაული, რასაც ჩემი აზრით სჩადიოდნენ, როცა ექთნებსა და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში არის შემთხვევები, როდესაც დირექტორები და მოადგილეები ხუთჯერ-ათჯერ იზრდიდნენ ყოველთვიურ ხელფასებს და სახელმწიფოს ხარჯზე. ინფექციის კონტროლის ხარვეზებთან, ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, როცა გვექნება საერთო სურათი, გპირდებით, კონკრეტული კლინიკის დასახელებებს, სად რა პრობლემაა ინფექციის კონტროლის, მკურნალობის პროტოკოლის შეუსრულებლობის კუთხით, ფინანსური დარღვევების კუთხით, აუცილებლად გაცნობებთ. დანაშაულს თუ ვინმე სჩადიოდა, აუცილებლად გამოიკვეთება მათი პასუხისმგებლობის საკითხი და მათი პასუხისმგებლობაც დადგება. შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და ამ გზით კლინიკები შოულობდნენ ფულს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ ნამდვილად არის შემთხვევები, როდესაც პანდემიის პერიოდში კლინიკები სახელმწიფოს მიერ ჩარიცხულ თანხებს დასაქმებულებს არ უხდიდნენ.
„შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს იმ კლინიკებთან შეთანხმებას, მოლაპარაკებას, რომელთაც, სამწუხაროდ, დღეისთვისაც აქვს ექთნების, ექიმების დავალიანება. ეს არ არის ის დავალიანება, რაც მათ თავიანთი ხარჯით უნდა გაესტუმრებინათ, რადგანაც სახელმწიფო კონკრეტული მიზნობრიობით რიცხავდა ამ კლინიკებში თანხას და სამწუხაროდ, პერსონალამდე ეს თანხა არ მიდიოდა. მიხარია, რომ ამ კლინიკების სია ყოველდღიურად მცირდება, მაგრამ პრობლემები ისევ რჩება. ვფიქრობ, რომ ის რამდენიმე ათეული კლინიკა, სადაც ისევ პრობლემაა, ძალიან მალე დაასრულებს მუშაობას და გამომუშავებულ კუთვნილ ანაზღაურებას, რასაც პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ექთნებსა და ექიმებს უხდიდა, ადრესატამდე მიიყვანს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
რაც შეეხება კოვიდკლინიკებში ინფექციების კონტროლისა და პროტოკოლების შესრულების შემოწმებას, მინისტრის თქმით, შემოწმების შედეგად, უკვე იკვეთება პრობლემები, რომელთა გამოსასწორებლად კლინიკებს ვადა ეძლევათ.
„ამ ტიპის შემოწმებები აქტიურად გვაქვს დაწყებული. ამ მომენტისთვის 125 კოვიდკლინიკიდან შემოწმებულია 20-ზე მეტი და უკვე იკვეთება ის პრობლემები, რასაც პრინციპში მოველოდით. სისტემური პრობლემები, რომლებიც საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად სწრაფად გამოსასწორებელია, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა დაცულ, უსაფრთხო გარემოში იმკურნალონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირობები, სტანდარტები, რაც არის გათვალისწინებული რეანიმაციაში ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე ინტენსიურსა და თერაპიულში, ეს პირობები და სტანდარტები აუცილებლად შესრულდეს. ამის გამოა ზუსტად ის პრობლემები, რაც იკვეთება და ის მითითებები, რასაც ვაძლევთ კლინიკებს. გამოსწორების ვადებს ვაძლევთ და ამას ექნება მუდმივი, სისტემატური ხასიათი. გარკვეული შენიშვნებისა და პრობლემების ვერაღმოფხვრის შემთხვევაში, საბოლოოდ შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში მივიდეთ კლინიკების ფუნქციონირების დროებით შეჩერებამდე. სამწუხაროდ, ამას სისტემური ხასიათი აქვს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
პირველი არხი.
კომენტარები