დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის საგანგებო ბრიფინგი:
“ნებისმიერი წამალი და ვაქცინა არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან.
ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად – ეს გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-30 წუთში, ან მოგვიანებით… ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად, ან მძიმედ და შეიძლება წავიდეს ფატალურადაც.
იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ასეთი რეაქციები ხდება მილიონზე ერთი.
კოვიდვაქცინებს აქვს გვერდითი მოვლენები. აცრის ბარათზე წერია, რა არის ხშირი გვერდითი მოვლენა და რა ნაკლებად ხშირი. აცრის პროცესამდე არსებობს გამოკითხვის ბარათი, რომლითაც ექიმი ეკითხება ალერგიულ რეაქციებზე.
კოვიდვაქცინებს, 6-7 ვაქცინაა ასეთი, ყველას აქვს გვერდითი მოვლენების მანიფესტაცია, ბევრად უფრო ხშირი, ვიდრე კალენდარულ, რუტინულ ვაქცინებს. ეს ვაქცინები გახლავთ უფრო რეაქტოგენული, იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, თავის და სახსრების ტკივილით და ა. შ. ამ ტიპის გამოვლინებები არის დაახლოებით 10-დან 50-ზე და მეტ პროცენტში. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია.
3365 აცრა ჩატარდა დღემდე და ასეთი სერიოზული გვერდითი მოქმედება იყო მხოლოდ 4 – რომელზედაც შეტყობინება შემოვიდა! ანაფილაქსიური რეაქცია, შოკის სახით, არ ყოფილა.
დღეს ახალციხეში, „იმედის კლინიკაში“, სადაც უკვე 16 ადამიანია აცრილი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი. ის სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ ჰქონდა ალერგიული რეაცქციები. აცრის შემდეგ მან ერთ-ერთ არხს მისცა ინტერვიუ და მოუწოდა კოლეგებს ვაქცინირებისკენ.
30 წუთში მასთან განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ამჟამად ავადმყოფი თბილისში ჩამოჰყავთ.”
კომენტარები