ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, სავარაუდოდ საქართველოში დაბრუნდება.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოკლედ უამბო და აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით ვერ დასრულდა.
შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთნხმნენ. როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, მოგვიანებით, მისი და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ.
კომენტარები