ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
მე მაქვს ძალიან კონკრეტული წინადადება:
იმისთვის რომ გეგმა ყოველთვის იყოს და იყოს ოპერატიულ რეჟიმში; იმისთვის რომ ოპოზიციამ ერთ ხმაში ილაპარაკოს ჩვენთანაც, საერთაშორისო პარტნიორებთანაც და ქოცებთანაც; იმისთვის რომ დავსახოთ შემდეგ ნაბიჯზე მისაღწევი ამოცანები, მოვითხოვოთ:
1. ნაცვლად ოცდაათკაციანი საკოორდინაციო საბჭოსი, გადაწყვეტილების მიმღები ხუთჯვრიანი საბჭო, შემდეგი შემადგენლობით: სალომე ზურაბიშვილი (თავმჯდომარე), ნიკა გვარამია, თინა ბოკუჩავა, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გახარია;
2. ამ საბჭოს ქვეშ შეიქმნას არაპარტიული ანალიტიკური უჯრედი, რომელიც თითოეულ თემაზე საბჭოსთვის ყოველდღიურ რეჟიმში მოამზადებს გადაწყვეტილების 2-3 ვარიანტს. საბჭო კენჭს უყრის გადაწყვეტილებებს და მათ მიიღებს უბრალო უმრავლესობით. ამ არაპარტიული ანალიტიკური უჯრედის შემადგენლობას პრეზიდენტი წარუდგენს საბჭოს და საბჭო მას ამტკიცებს ხმათა უბრალო უმრავლესობით;
3. საბჭოს მუშაობა იქნება დახურული. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება მისი წევრი ყველა სუბიექტისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც ამა თუ იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა ხმა. არც ერთი სუბიექტის მიერ არ გაკეთდება გადაწყვეტილებების საწინააღმდეგო კომენტარები (“მე ხმა არ მიმიცია და არ ვეთანხმები”-ს ჟანრში);
4. საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას გააცნობს პრეზიდენტი. ანალიტიკური უჯრედის შემადგენლობაში შეიქმნება სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფი, რომელიც ერთ ხმაში გაიტანს, განმარტავს მედიასთან მიღებულ გადაწყვეტილებებს და “თოქინგ ფოინთებს” მისცემს პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსები ვალდებულები იქნებიან დაემორჩილონ ამ მითითებებს;
5. საბჭოს სახელით უცხოელ პარტნიორებთან საუბრობს პრეზიდენტი და მხოლოდ პრეზიდენტი. უცხოელებს სჭირდებათ ერთი სუბიექტი და არა კაკაფონია;
6. თუ აღნიშნული ოთხი სუბიექტიდან რომელიმე უარს იტყვის აღნიშნული საბჭოს მუშაობაში მონაწილეობაზე, დარჩენილი სამი სუბიექტი+პრეზიდენტი შექმნის ამ საბჭოს. ხალხი გაყვება მათ, ხოლო თამაშგარეთ დარჩენილ სუბიექტი დაკარგავს ხალხის მხარდაჭერას და მასზე წავა საზოგადოებრივი წნეხი;
7. იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ოთხი სუბიექტი დარჩება საბჭოში, პრეზიდენტი არ ისარგებლებს ხმის უფლებით და გასწევს მხოლოდ მოდერაციას (სათათბირო ხმით იქნება წარმოდგენილი), რათა 2-2-ზე ვერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არ შექმნას კრიზისი. სამ სუბიექტს შორის 2-1-ზე ხმების უბრალო უმრავლესობით გადაწყდება საკითხები.
ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ აუცილებელია კონკრეტული შედეგების მისაღწევად, მაგრამ ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები ამ გადაწყვეტილებამდე თავისით ვერ მიდიან. ამიტომ, საჭიროა მათზე საზოგადოებრივი წნეხი. თუ ამას ეთანხმებით და გინდათ გეგმა, რომელსაც ასე ელით, გადააზიარეთ ეს პოსტი ათასებმა. პოლიტიკოსი თავის ფეისბუქ კედელს რომ გახსნის, ყველგან ამ მოთხოვნას უნდა ხედავდეს.
ორშაბათს აქციაზე აქცია მოვუწყოთ პოლიტიკოსებს და იქაც მოვთხოვოთ ასეთი პარიტეტული საბჭოს შექმნა.კრიზისები არ იმართება ბარდაგში და ოცდაათ ხმაში. კრიზისების მართვას სჭირდება ძალიან პატარა და ოპერატიული ჯგუფი, რომელთა უკანაც მართლა კომპეტენტური ტვინები დგანან. ასე არის ეს ამბავი ძველი რომიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე.
კომენტარები