კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები უმეტესად უსიმპტომოდ ვითარდება და სამწუხაროდ მათი აღმოჩენა ხშირ შემთხვევაში გვიან სტადიაზე ხდება. რომელი კვლევის მეშვეობითაა შესაძლებელი აღნიშნული დაავადების აღმოჩენა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? – „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს ენდოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი გიორგი გოგინაშვილი უპასუხებს.
გიორგი გოგინაშვილმა განათლება მიიღო საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში, პროფესიული გამოცდილება კი საქართველოს წამყვან კლინიკებში. 2019 წლიდან არ ის საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი და არაერთი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ენდოსკოპიის, ზოგადი ქირურგიისა და ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით.
– რამდენად მნიშვნელოვანია ენდოსკოპია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის დიაგნოსტიკაში? ითვლება თუ არა ოქროს სტანდარტად?
– ენდოსკოპიას გადამწყვეტი როლი აქვს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების სიმსივნეების დიაგნოსტირებაში, როგორც წესი მისი ჩატარებისას პირველად ხდება დიაგნოსტირება საყლაპავის, კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნეების. კვლევა არის სრულფასოვანი, რამეთუ გამოკვლევის პროცესში, არათუ დათვალიერება, არამედ ბიოფიის მასალის აღება ხდება სიმსივნურად შეცვლილი ქსოვილებიდან და შესაბამისად დგინდება ზუსტი დიაგნოზი. იგივეს ვიტყოდი მსხვილნაწლავის ნაწლავის სიმსივნეების დიაგნოსტირების შემთხვევაშიც.
– რომელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავრცელებული სიმსივნეები?
– კუჭნაწლავის ტრაქტში ყველაზე გავრცელებულია ლორწოვანი გარსიდან ამოფენილი ეპითელური ქსოვილით განვითარებული კიბო ანუ ადენო კარცინომა, შემდეგ მოდის გისტი – კუჭ–ნაწლავის ორგანოების სტროგიდან განვითარებული სიმსივნე, ასევე ხშირია ლეიომიომა, ლიმფომა კუჭში და ა.შ.
– როგორ განსხვავდება მათი დიაგნოსტიკა ენდოსკოპიური მეთოდებით?
– სიმსივნეები განსხვავდება მათი სანათურში ზრდით, რომელსაც ეგზოფიტური ზრდა ჰქვია ან თვითონ ორგანოს ქსოვილში ინვაზიური ზრდით, რომელსაც ქვია ენდოფიტური ზრდა. ვისაც აქვს ენდოსკოპიაში მუშაობის გამოცდილება, აუცილებლად დაინახავს განსხვავებას. ადენო კარცინომა ენდოსკოპიკური აგებულობით ბევრად განსხვავდება გისტისგან რომელიც მოცულობითია, უფრო დიდია. როცა სიმსივნეა კუჭის ლორწოვანის ქვეშ არსებულ გარსში, უშუალოდ ლორწოვანზე არ არის ცვლილება. იგივეა მსხვილ ნაწლავზეც, როცა სიმსივნე იზრდება ნაწლავის ლორწქვეშა სივრცეში, მაშინ ლორწოვანზე მხოლოდ ამობერილობაა.
– მართალია, თუ არა, რომ ენდოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია სიმსივნის I ან II სტადიის აღმოჩენა აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტებში?
– ენდოსკოპიური კვლევის ჩატარებისას, განსხვავებით კვლევის სხვა მეთოდებისგან შესაძლებელია სიმსივნე აღმოვაჩინოთ მის პირველ ან მეორე სტადიაზე. პირველ და მეორე სტადიაზე, კუჭ–ნაწლავის სიმსივნეებს ჩივილები თითქმის არ აქვს. ამიტომაცაა ენდოსკოპია მიჩნეული, ოქროს სტანდარტად. ენდოსკოპისტი კვლევისას, განსაკუთრებით იმ თანამედროვე აპარატურით, რომელიც გააჩნია ნიუ ჰოსპიტალს ხედავს 1–2 მილიმეტრიან წარმონაქმნებსაც კი, კუჭშიც და ნაწლავებშიც და შესაბამისად, ამ სტადიაზევე ხდება ამ შეცვლილი უბნებიდან მასალის აღება და დიაგნოსტირება, მოგვიანებით კი, ცხადია, მკურნალობა.
უფრო გასაგებად რომ ავხსნა პროცესი, ენდოსკოპიური კვლევისას, გამოიყენება სხვადასხვა რეჟიმები, რომლებიც ცვლის ნათებას საყლაპავის, კუჭის ან ნაწლავების სანათურში და ამ შეცვლილი ნათებით ენდოსკოპისტი მკვეთრად ასხვავებს სიმსივნურ და საღ ქსოვილებს ერთმანეთისგან, ზუსტად ადგენს მათ საზღვრებს. სწორედ ამ მაღალტექნოლოგიური აპარატის რეჟიმებით მარტივდება ბიოფსიის აღება. ნათება სხვადასხვა ფერით გვიჩვენებს სიმსივნურ და საღ ქსოვილებს. დამიზნებით, ზუსტი წერტილიდან იღებ ბიოფსიისთვის მასალას, ზუსტად იმ უბნიდან, რომელიც შეცვლილია.
– როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის? და აქვე რომ გვითხრათ, რამდენად უსაფრთხოა?
– როცა საქმე ეხება საყლაპავის, კუჭის და ნაწლავის გამოკვლევას და მათი სიმსივნეების აღმოჩენას, პაციენტმა კვლევამდე 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოს საკვები და წყალი. ხოლო რაც შეეხება მსხვილ ნაწლავს, მის დიაგნოსტიკას, და მისი სიმსივნეების აღმოჩენა, ამ შემთხვევაში, პაციენტი კვლევამდე, წინა რამოდენიმე დღე უნდა იცავდეს შესაბამის დიეტას, ხოლო კვლევის წინა დღეს უნდა დალიოს ნაწლავის სპეციალური დამცლელი საშუალება, რათა ნაწლავის ლორწოვანი გარსი სულაც გასუფთავეს და პატარა ზომის სიმსივნეების აღმოჩენის საშუალება მოგვეცეს.
კვლევის ჩატარება სრულიად უსაფრთხოა, კვლევები ტარდება როგორც ადგილობრივი ანესთეზიით, ასევე ხანმოკლე ინტრავენური სედაციის პირობებში. ორივე მათგანი, კიდევ მეტად უმტკივნეულოს ხდის კვლევას.
– შესაძლებელია პრევენციისთვის ჩატარება ენდოსკოპიის? და თუ კი, რა პერიოდში ერთხელაა რეკომენდებული?
– პრევენციისთვის ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია. გააჩნია პაციენტს და მის ოჯახურ ანამნეზს. თუ პაციენტს, მისი პირველი ან მეორე რიგის ნათესავებს – მშობლებს, ბაბუა–ბებიებს, ანამნეზში კუჭ–ნაწლავში აქვთ ტრაქტის სიმსივნეები, ონკოლგიური სიფხიზლე მეტად აქტუალურია ამ შემთხვევაში. თუ პირს ჰქონდა დადგენილი სიცოცხლეში სიმსივნური დაავადება, აუცილებლად, მისმა შვილმა და შვილიშვილებმა უნდა აკონტროლონ 30–35 წლის ასაკიდან. თუ ადამიანს, მის წინაპრებს, არ ჰქონდათ სიმსივნე, თუკი არანაირი ჩივილიც არ აქვს, რეკომენდებულია 50 წლის ასაკში ჩაიტაროს გასტროსკოპია და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, რამეთუ სიმსივნე პირდაპირ არ ჩნდება, მას აქვს სიმსივნის წინარე ცვლილებები ლორწოვან გარსზე – მეტაპლაზია, დისპლაზია. თუ სიმსივნე წინარე პერიოდშივე იქნება
აღმოჩენილი, ეს საუკეთესო ვარიანტია, რადგან შესაბამის ზომებს, გადაგვარების ეტაპზევე მივიღებთ.
– რა მნიშვნელობა აქვს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებს კვლევის პროცესში?
– რა თქმა უნდა, დროის ცვლილებასთან ერთად, ტექნიკა, ენდოსკოპები ძალიან დაიხვეწა, აღიჭურვა ხელოვნური ინტელექტით, არსებობს ენედოსკოპები, რომლებიც რამდენიმე ასეულჯერაც ადიდებს ლორწოვან გარს, გადიდების ხარისხი, სპეციალური რეჟიმები, გვაძლევს საშუალებას სისხლძარღვოვანი ქსელის განვითარებაც გვიჩვენოს. ეს ნაწილიც ძალიან აქტუალურია სიმსივნის პირობებში, რამეთუ სიმსივნისას იწყება ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა, ნეოანგიოგენეზი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს იცოდეს ექიმმა! როდესაც უკვე ვხედავთ სიმსივნეს და ვიცით, რომ იგი მარაგდება შესაბამისი სისხლძარღვებით – აპარატი, თავისი რეჟიმებით გვაძლევს საშუალებას არ ავიღოთ ბიოფსია იმ სისხლძარღვიდან რომლითაც მარაგდება სიმსივნე. ეს თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს მინიმუმამდე დავიყვანოთ სისხლდენა სიმსივნური ქსოვილიდან. თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი დახვეწილი რეჟიმები, ყოველდღიურად გვეხმარება ადამიანებს დროულად დავუსვათ დიაგნოზი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
(R)
კომენტარები