რიგი დაავადებები უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ადვილად ხდება მისი დიაგნოსტირებაც და მკურნალობაც საწყის ეტაპზე. თუმცა, თუ დროულად არ მოხდება დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება, ავთვისებიან სიმსივნემდე და ფატალურ შედეგამდე მივყავართ.
კუჭის ეროზია ერთ–ერთი ასეთი ვერაგი დაავადებაა, დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევები სამწუხაროდ ხშირია.
რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, როგორია პრევენციის გზები, რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ პრევენციული კვლევები და როგორ ხდება მკურნალობა? – „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს ნიუ ჰოსპიტალსის ენდოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი გიორგი გოგინაშვილი უპასუხებს.
გიორგი გოგინაშვილმა განათლება მიიღო საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში, პროფესიული გამოცდილება კი საქართველოს წამყვან კლინიკებში, 2019 წლიდან არის საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი.
– რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა და რა არის თქვენი პროფესიის ყველაზე დიდი სირთულე?
– ექიმობა გადავწყვიტე ოჯახიდან გამომდინარე, ექიმების ოჯახში გავიზარდე. ექიმმა მშობლებმა უდიდესი გავლენა იქონიეს ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაზე. მთელი ბავშვობა იმას ვხედავდი, იმ მძიმე, 90–იან წლებში, როგორ ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს ჩემი მშობლები. დღესაც რომ ვირჩევდე თავიდან ჩემს გზას, აუცილებლად კვლავ იგივეს ავირჩევდი.
ჩემი პროფესიის მთავარი სირთულე ისაა, რომ მხოლოდ თეორიის სწავლა არ არის საკმარისი, არც მხოლოდ პრაქტიკა, მეტიც, თეორიის და პრაქტიკის ერთად შეჯერებაც არასაკმარისია. ამის გარდა აუცილებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა თმენის, მოსმენის, პაციენტის ჩივილების სწორად გაანალიზების, სწორი კომუნიკაციის უნარი, როგორც პაციენტთან, ისე მის ახლობლებთან.
ასევე თანამედროვე მედიცინის სირთულე ისიცაა რომ ძალიან ბევრი დაავადება შენიღბულია დღეს და როგორც ისწავლება და როგორც არის აღწერილი კლასიკურად სახელმძღვანელოებში ჩივილები, მთლად ასე აღარ არის. ბევრმა დაავადებამ ჩივილების გამოვლენის და დიაგნოსტიკის თვალსაზრისით სახე იცვალა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ექიმი ფლობდეს ინფორმაციას, ცოდნას, დაავადებების როგორც კლასიკური ჩივილების შესახებ, ასევე მის ატიპურ, კლინიკურ სურათზე.
– რამ გამოიწვია დაავადებების ჩივილების ცვლილება?
– ამის მიზეზია მუდმივად ცვალებადი გარესამყარო და ისევ ადამიანის მიერ მავნე ზემოქმედება გარემოფაქტორებზე. თუნდაც, ენერგეტიკული სასმელები, სხვადასხვა ახალი ნარკოტიკული საშუალებები – მათი დამზადების ტექნოლოგია ახალია. ასევე, შეიცვალა ალკოჰოლის დამზადების ტექნოლოგიები. საკვების დამზადებაში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მის ვარგისიანობას ახანგრძლივებს ხელოვნურად. მიზეზი ერთი რომელიმე ფაქტორი არაა, მიზეზია მრავალფაქტორული ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.
– რა არის კუჭის ეროზია?
– კუჭის ეროზია ეს არის კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანება, რომელიც მოიცავს მხოლოდ ლორწოვანს გარსს და მის სიღრმეს არ სცდება. ეროზიები შეიძლება იყოს მწვავე, ან ქრონიკული.
– რა არის მისი გამომწვევი მიზეზი?
– გამომწვევი მიზეზი უამრავია, ყველაზე ხშირად გვხვდება ჰელიკობაქტერია პილორი, რომელიც ბინადრობს ადამიანის კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში და იმ ორგანიზმში სადაც გადალახავს ორგანიზმის დამცველობით ბარიერს, იწყებს ეროზიის განვითარებას. ეროზიების განვითარების ძალიან ხშირი მიზეზია ალკოჰოლის ხშირი მოხმარება და დაუბალანსებელი კვება – დაუბალანსებელ კვებაში ნახევარფაბრიკატების, ე.წ. ფასფუდების რეგულარულ მოხმარებას, გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების რეგულარულ მოხმარებას ვგულისხმობ. ასევე, დაავადების ძალიან მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია სტრესი.
– რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას? რა არის ის ნიშნები, რომელთა შემთხვევაშიც გადაუდებლად უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
– ეროზიული გასტრიტის, ეროზიული ანთების დროს, ხშირად პაციენტს არ აქვს ჩივილი და ეროზია აღმოჩნდება გასტროსკოპიის ჩატარებისას შემთხვევით, შემდეგ ბიოფსიისას კი აღმოჩნდება რომ აქვს ჰელიკობაქტერიაც, ასევე ჩივილების გარეშე.. ზოგადი ჩივილებია – ბოყინი, გულძმარვა, გულისრევა.
ეროზიამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ან შავი ფერის განავლით, ან სისხლიანი ღებინებით – ეს არის ყველაზე საგანგაშო ჩივილები, რომლებმაც პაციენტი აუცილებლად უნდა მიიყვანოს ექიმთან, ამ შემთხვევაში ენდოსკოპისთან და ქირურგთან,
– დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში, რა სახის გართულებები გვხვდება?
– თუ ეროზიის საწყის სტადიაზე ვერ მიეხედა და არ ემკურნალა პაციენტს, შემდგომი სტადიაა – წყლულის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლოა, ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. წყლული ლორწოვანის უკვე ღრმა დეფექტია. მომდევნო სტადიაა უკვე სიმსივნის წინარე მდგომარეობის განვითარება, მეტაპლაზია, დისპლაზია. შემდგომში კი უკვე სიმსივნის ჩამოყალიბება იწყება. ეს ცხადია, დროში გაწელილი პროცესია, ერთ თვეში არ ხდება, ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე და მის ბრძოლისუნარინობაზეა დამოკიდებული. მთავარი, რაც ყველამ უნდა იცოდეს, ისაა, რომ ეს დაავადება, არ ჩერდება მკურნალობის გარეშე, აზიანებს ორგანიზმს და საბოლოოდ ჩამოყალიბდება სიმსივნე.
დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევები, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ხშირია. საქართველოში, ერთი ექიმის მიერ, წელიწადში კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის რამდენიმე ათეული შემთხვევის აღმოჩენა ხდება. დამიჯერეთ ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს შედეგია დაგვიანებული დიაგნოსტიკის, ენდოსკოპიის გასტროსკოპიის არასასიამოვნო კვლევის გადადების და არჩატარების. მოსახლეობაში ზონდის გადაყლაპვა ასოცირდება არასასიამოვნო შეგრძნებებთან, დისკომფორტთან, რის გამოც თავს არიდებს ზოგი ამ კვლევას. სამწუხაროდ, ალბათ, არ იციან, რომ ეს არის ოქროს სტანდარტი და ყველა სხვა კვლევისგან განსხვავებით პირდაპირ ხდება ვიზუალიზაცია ლორწოვანი გარსის. როცა შეიძლებოდა ეროზიის სტადიაზე მიგვეხედა დაავადებისთვის, სამწუხაროდ, ხშირად, უკვე განვითარებული სიმსივნური დაავადებების აღმოჩენა ხდება ენდოსკოპიური კვლევისას. ცხადია პაციენტის მკურნალობა, მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ბრძოლა ბევრად რთულია, როდესაც მას უკვე აქვს დიაგნოზი – ავთვისებიანი სიმსივნე
– ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
– კუჭის ეროზიების განვითარების რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც არიან ჰელიკობაქტერია პილორის უსიმპტომო მატარებლები, ასევე, რისკ ჯგუფში არიან ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლები. ალკოჰოლი ლორწოვან გარს აზიანებს, დაზიანებული ლორწოვანი გარსის პირობებში, იგივე ჰელიკობაქტერიის, ან თუნდაც სტრესისას დაავადების განვითარების საფრთხე მაღალია. ეს განსაკუთრებით ეხება ძლიერი ალკოჰოლის რეგულარულ მომხმარებლებს – არაყი, კონიაკი და სხვა. ასევე რისკჯგუფში არიან ნარკოტიკების მომხმარებლები. არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ე.წ. ოჯახური ანამნეზი წყლულოვანი დაავადებების და ეროზიების.
– პრევენციის რა გზები არსებობს და რა პერიოდში ერთხელაა სასურველი პრევენციული კვლევის ჩატარება?
–პრევენციის გზებია, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი საკვების მიღება, ნაკლებად მოხმარება გაზიანი, ენერგეტიკული სასმლის, ალკოჰოლის, თამბაქოს. დაბალანსებული კვება და წყლის მიღება არაერთი დაავადების, მათ შორის ეროზიისაც, პრევენციაა.
რა პერიოდშია რეკომენდებული პრევენციული კვლევები? – არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, თუ ადამიანს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ადრეული ასაკიდან, 20 წლიდან უნდა დაიწყოს საპრევენციო კვლევის ჩატარება. თუ არ აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა, 40 წლიდან. თუნდაც არ ჰქონდეს ჩივილები, მაინც უნდა ჩაიტაროს პრევენციული კვლევა.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა და როდის არის აუცილებელი ენდოსკოპიური გამოკვლევა?
– ჰელიკობაქტერიის გამოვლენა სხვა საშუალებითაც შეიძლება – სუნთქვითი ტესტით, განავალში ჰელიკბაქტერიის ანტიგენის განსაზღვრით. თუმცა, არც ერთი ეს კვლევები არაა ოქროს სტანდარტი. თუ სხვა ტესტით დაუდასტურდება, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ენდოსკოპია. თუ არ დაუდასტურდა, შესაძლო გარკვეული დროით გადადო ენდოსკოპიური კვლევის. საბოლოოდ, მაინც ამ კვლევამდე მივდივართ, რადგან პირდაპირი დათვალიერება, მხოლოდ ენდოსკოპიის საშუალებით ხდება.
ნიუ ჰოსპიტალსში კუჭის ეროზიების დიაგნოსტირების 2 მეთოდი არსებობს, ეს არის ეზოფაქოგასტროდუოდენოსკოპია, ეს გახლავთ ყველაზე გავრცელებული კვლევა მსოფლიოში და ასევე არსებობს ენდოკაფსულა.
– ნიუ ჰოსპიტალსში კუჭის ეროზიის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
– კუჭის ეროზიების მკურნალობა, პირველ რიგში, ევალება გასტროენტეროლოგს, მისი პრეროგატივაა და ნიუს ჰოპისტალსში გვყავს პროფესიონალი გასტროენტეროლოგი, რომელიც ატარებს შესაბამის, ადეკვატურ მკურნალობას, იმისდა მიხედვით რა გენეზის ეროზიებია კუჭში,. ასევე ეროზიებს მკურნალობენ ჩვენი კლინიკის ოჯახის ექიმებიც, ისინი დატრენინგებულნი არიან ამ დაავადების მკურნალობისთვის.
– და ბოლოს, ყველა პროფესიას ახლავს მითები, რომელი მითი გხვდებათ თქვენ პროფესიაზე ყველაზე ხშირად?
–პაციენტების ძალიან დიდი რაოდენობაა, ვისაც ეს კვლევა ესაჭიროება და არ იტარებს, სწორედ იმ გავრცელებული მითის გამო, რომ მტკივნეულია. სინამდვილეში კვლევას ახლავს მცირედი დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, მაგრამ არა ტკივილი. ეს გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთი. თუმცა, ვისაც არ სურს რამდენიმე წუთიც კი განიცადოს ეს მცირედი დისკომფორტი, შესაძლებელია, დაძინების პირობებში ჩაუტარდეს კვლევა და ვერაფერს ვერ გაიგებს.
(R)
კომენტარები