“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, შოთა შალელაშვილი, რომელმაც 2019 წელს დატოვა პარლამენტი, სოციალური ქსელით, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
“მიმართვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს,
ბატონო ბიძინა, მინდა, შემოგთავაზოთ ხედვა როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან.
გადავწყვიტე მომერთა თქვენთვის ღია წერილით, რადგან ქვეყანაში უკვე საკმაოდ რთული ვითარებაა და გამოსავალი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ, მე კი კრიზისიდან გამოსვლის ჩემეულ ხედვას გთავაზობთ:
1. მტკიცედ განაცხადეთ, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, მაგრამ კონსტიტუციაში შეიტანთ ცვლილებებს, რომ 2024 არჩევნები ჩატარდება სრული პროპორციული სისტემით, 2-3%-იანი ბარიერით.
2. სთხოვეთ ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს – გიორგი კვირიკაშვილს და გიორგი გახარიას, გადაიბარონ მთავრობისა და ქვეყნის ხელმძღვანელობა როტაციის პრინციპით და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პირობით. აგრეთვე, მათ ჩაატარონ შემდეგი არჩევნები აბსოლუტურად დემოკრატიულ და გამჭვირვალე პირობებში.
3. “გადაუვადეთ” ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის მოხდის ვადა, ამის პრაქტიკა და პრეცედენტი არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში და მიეცით მას თავის დაცვის უფლება. იგივე სასამართლო, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს, სამართლიანადაც გაასამართლებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
ამით თქვენ საბოლოოდ ქვეყანას გამოიყვანთ არსებული კრიზისიდან და დაიმკვიდრებთ ერთ-ერთ გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსის, გამჭრიახი ადამიანის სახელს საქართველოს ისტორიაში.
არის ასეთი ებრაული სიბრძნე – “თუ ღმერთი გაგიწყრეთ, ღმერთი მოწყალეა, პატიება თხოვეთ და გაპატიებთ, მაგრამ თუ ხალხი გაგიწყრეთ, მაშინ გადაიხვეწეთ”. მე მჯერა, რომ გონივრული გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს, შეძლებთ ხალხის განწყობის შეცვალსაც.
პატივისცემით, შოთა შალელაშვილი”
კომენტარები