გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკის პარკის ტრაგედიისას გადარჩენილი მოზარდის, ლაზარე ლობჟანიძის ოჯახის მეგობარია, “ამბები.ჯი”-თან ამბობს:
“კახის აქამდეც ჰქონდა ლაზარესთან ურთიერთობა (ძველი ფოტოებიც არსებობს), ერთმანეთისთვის უცხონი არ იყვნენ. მათი შეხვედრის ინიციატივა კი მე მეკუთვნის. კახიმ მითხრა, უხერხული ხომ არ არის მისვლაო, მაგრამ რადგან ბავშვს უნდოდა ძალიან მასთან შეხვედრა, კახის ვუთხარი, ლაზარეს ძალიან გაახარებ-თქო.
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ბავშვმა გაიხაროს, ვიდრე ის, ვინ რა კომენტარს დაწერს. კახიმ მკითხა, რა ავუტანოო, ვუთხარი, ვკითხავ, რა გაუხარდება და გეტყვი-თქო. ბავშვმა მითხრა, ყველაზე მეტად მაისური და ბურთი გამიხარდებაო (კახიმ ადრეც აჩუქა მისი ხელმოწერით ბურთი), ეს იყო და ეს. ფოტოებს რაც შეეხება, თვითონ ბავშვმა დადო მის “ფეისბუკ” გვერდზე.
ვუთხარი, ლაზარე, იცოდე, რომ ამას შეიძლება ცუდი კომენტარები მოჰყვეს და ამისთვის მზად თუ ხარ-თქო. მიპასუხა, მინდა დადება და არ მაინტერესებს, ვინ რას დაწერსო, თვითონ გადაწყვიტა ასე. ლაზარეს მამა გიორგი იგივე ჩემი ძმაა, ჩვენ არა მარტო ვმეგობრობთ, ლამის ერთად ვცხოვრობთ, ჩვენი შვილები ერთად იზრდებიან. გიორგი ლობჟანიძე ჩემი ბიუროს თანამშრომელიცაა.
ლაზარე კი, ჩათვალეთ, იგივე ჩემი შვილია. ბავშვმა რადგან მთხოვა, თხოვნა შევუსრულე. კახი როცა ჩემთან მოდიოდა, ლაზარე სულ ერთობლივი ფოტოს გადაღებას სთხოვდა. ვიცოდი, ძალიან გაუხარდებოდა და საერთოდ არ მაინტერესებდა, ამ ფაქტს ვინ რა ინტერპრეტაციას მისცემდა. ამხელა სტრესის შემდეგ, მთავარია, ბავშვმა გაიხარა. ვიცოდი, ეს ფაქტი კახისთვის არც ისეთი მომგებიანი იქნებოდა (პიარული თვალსაზრისით), ერთი ამბავი ატყდებოდა, და რაც უფრო ნაკლებად გამოჩნდება, მით უკეთესია.
მისი მხრიდან ვინმემ თავის გასაპრავებლად რომ აღიქვას ასეთი შეხვედრები, ეს ლოგიკურია. კახი სულ ამბობდა, მთავარია, გადარჩენილი ბავშვები იყვნენ კარგადო. სამი ღამე არ მეძინა, საავადმყოფოში ვიყავი და კახი მუდმივად მირეკავდა, სულ იმას მეხვეწებოდა, ბავშვს არ მოშორდე და თუ რამე დასჭირდა, ეგრევე დამირეკეო, მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია. სალაპარაკოც არაა, რა დღეშია და როგორ ნერვიულობს ადამიანი… თუ დასჭირდებოდა, ბავშვის უცხოეთში წაყვანაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ არ დასჭირდა. მეუბნებოდა, ბავშვს თუ რამე დასჭირდა, არაფერზე დაიხიო უკან, იცოდე, რომ ყველაფერზე თანახმა ვარო. შეხვედრას რაც შეეხება, ეს ბავშვის სურვილი იყო, გუშინ უნდა მოსულიყო კახი, მაგრამ ვერ მოახერხა და შეხვედრა დღეს შედგა.”
კოტე ზარნაძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან აცხადებდა:
“ლაზარეს ცოტა ამოვარდნები აქვს მეხსიერების, არ ახსოვს რაღაცეები, ის მომენტი, რაც იქ მოხდა უშუალოდ, საერთოდ არ ახსოვს და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობთ, ამას რაც უფრო გვიან გაიგებს და ფსიქოლოგებთან ერთად მოხდება ამ ყველაფრის მისთვის მიწოდება, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი.”
კომენტარები