103 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, მაიკლ დუგლასმა გაავრცელა.
“მე და ჩემი ძმები უდიდესი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს ჩვენ კირკ დაგლასმა დაგვტოვა. მსოფლიოსთვის ის იყო ლეგენდა, კინემატოგრაფიის ოქროს ხანის მსახიობი, რომელმაც ოქროს ასაკამდე მიაღწია, ჰუმანისტი, რომელიც ჩვენ გვაძლევდა მაგალითს, სამართლიანობისა და იდეალებისადმი ერთგულებით,” – წერს მაიკლი.
კირკ დუგლასმა 100-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ყველაზე პოპულარულია “სპარტაკი”, “ვიკინგები” და “ჩემპიონი”. იგი სამჯერ იყო ნომინირებული “ოსკარზე, თუმცა, მხოლოდ საპატიო ოსკარის მფლობელია, რომელიც მას ამერიკის კინოაკადემიამ 1996 წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა. იგი ასევე ფლობდა “ოქროს გლობუსს” ფილმისთვის “სიყვარულის წყურვილი”, სადაც მან ვინსენტ ვან გოგის როლი შეასრულა.
საინტერესოა, რომ ის თავისი ლამაზი და ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ორჯერ არის ბეწვზე გადარჩენილი.
1991 წელს ვერტმფრენი, რომელშიც 74 წლის კირკ დუგლასი იმყოფებოდა, ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი კირკის გარდა.
1996 წელს კირკ დუგლასს დაემართა ინსულტი და წაერთვა ფაქტიურად ყველა სასიცოცხლო ფუნქცია. ექიმების აზრით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ კირკი არ იცავდა ამერიკელებისთვის ჩვეულ ჯანმრთელი ცხოვრების წესს – დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა და საერთოდ არ აკონტროლებდა წნევას. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, მაგრამ ცოტა ხანში მას აღუდგა თითქმის ყველა ფუნქცია. მხოლოდ საუბარი შეუნელდა, რაზეც კირკმა იხუმრა კიდეც: „მერე რა, რომ ინსულტის გამო მეტყველების დეფექტი მაქვს, მოსესაც ასე ჰქონდა და რაში შეუშალა ხელი?“
კომენტარები