“ლელო” პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს და ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს, ამის შესახებ “ლელოს” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძემ, ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქარათველოსთვის” სახელით, განცხადება გააკეთა და უკანონო მოსმენები დაგმო. მისი თქმით, ქვეყანაში უკანონოდ უსმენენ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სასულიერო პირებს.
“ორი დღეა ინფორმაცია ვრცელდება, რომ ინტერნეტ სივრცეში არსებობს 30 ათასამდე ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და საეკლესიო პირების თვალთვალის და მიყურადების შედეგად უკანონოდ მოპოვებულ ინფომაციას,” – ბადრი ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ადასტურებს, რომ გავრცელებულ უკანონო ჩანაწებში მისი და ერთ-ერთი სასულიერო პირის კომუნიკაცია ჩანს. ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ბატონი ლილუაშვილის, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოსვლის აუცილებლობას ხედავს.
“ვადასტურებ ინფორმაციას, სადაც ასახულია ჩემი და ერთ-ერთი სასულიერო პირის სატელეფონო კომუნიკაცია. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობდა მოსმენა, სხვაგვარად ასეთი სიზუსტით ვერ აისახებოდა მოცემულ ფაილებში აღნიშნული დიალოგი. როგორც, ჩანს მოსმენა ხორციელდება რიგი საჯარო და სასულიერო პირების მიმართაც, გადაუდებელი საჭიროებაა იმისა, რომ პარლამენტმა განიხოლოს ეს უპრეცედენტო ვითარება, აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა ვართ უკანონო მიყურადების და თვალთვალის სუბიექტი. ამიტომ ფრაქცია ,,ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” იწყებს კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან იმისათვის, რომ მოწვეულ იქნას პარლამენტის საგანგებო სხდომა, რისთვისაც საჭიროა პარლამენტის სიით შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერა. აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილის დასწრება და ამისთვის ჩვენ დავიწყებთ საჭირო რაოდენობის ხმების შეგროვებას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ სახელმწიფოს დანგრევისკენ მიმართული პრაქტიკა, რაც გულისხმობს უკანონო მიყურადებას, პირად ცხოვრებაში ჩარევას. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დგას ამ საქმიანობის უკან, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, სრული სიმკაცრით,” – ბადრი ჯაფრიძე.
კომენტარები