ქვეყანაში გახშირებული კრიმინალური მოვლენების გამო , 24 ივლისს 21:00 საათზე თბილისში მთავრობის კანცელარიასთან და ბათუმში ევროპის მოედანზე „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით სოლიდარობის აქცია – “შვილების გადასარჩენად“ გაიმართა.
აქციაზე “შვილების გადასარჩენად” ლელოს მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს მთავარი პროკურორი და შსს მინისტრმა დატოვოს თანამდებობა. “ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით ქალებს, დედებს, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებას გავაგონოთ ხმა, რათა შეასრულონ ძირითადი მოთხოვნები:
1. უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადოს ძალადობის წინააღმდეგ,
2. დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა დანაშაული,
3. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობის პრევენციის და მისი აღმოფხვრისკენ,
4. დროულად დააყენოს ყველა იმ უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ ან არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების განცხადებით, ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობების სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო. საზოგადოებაში მატულობს დაუცველობის განცდა, შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
აქცია “ლელო საქართველოსთვის” ქალთა საბჭოს ხელმძღვანელმა დეა მეტრეველმა გახსნა და იმ ოჯახებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს, სოლიდარობა გამოუცხადა.
“ის, რაც უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში ხდება, ამაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა. ყოველდღე ვიგებთ უმძიმეს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ჩვენს შვილებს ქუჩაში ხოცავენ. ყველაზე დიდი სენი, რაც ჩვენს ქვეყანაშია, გაბატონებული უიმედობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის საცხოვრებლად, რადგან აქ უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს. ჩვენ ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ და ხალხს იმედი დავუბრუნოთ,”-განაცხადა დეა მეტრეველმა.
კომენტარები