ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
– უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მილიონიან არმიას შექმნის. რუსეთმა კი უკრაინაში ახალი სამხედრო შენაერთები 6 თვის ვადით გაგზავნა. ამ ომის დასრულებას პირი არ უჩანს, ფაქტია, ორივე მხარე ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. ბორის ჯონსონმა და ჯო ბაიდენმაც განაცხადეს ადრე, რომ ეს ომი მალე არ დასრულდება, სხვა ქვეყნების ლიდერებზე აღარაფერს ვიტყვი.
– კი, შეიძლება ორ-სამ წელიწადს გაგრძელდეს ეს ომი და მეტხანსაც. ახლა უკვე ვერც ერთი მხარე ვერ დაიხევს უკან. ეს თუ გააკეთა, მაგის პუტინის 85%-იანი რეიტინგი განულდება და ხალხის მხარდაჭერა რომ აღარ ექნება. აი, მაშინ კი, მისმა გარემოცვამ შეიძლება მართლა გაუბედოს ის, რაზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ – გადატრიალება მოუწყონ, ან მოკლან კიდეც. რუსეთში არ უყვართ დამარცხებული მთავარსარდალი. მთავარი ის არის, რომ ეს ომი უკვე ახალ სტადიაში გადავიდა, რესურსების ომში და რუსეთის რესურსები ამოწურვადია. კი, რუსეთს აქვს რაკეტები, სხვა სახის შეიარაღება, მაგრამ ამოეწურება, ათასობით ხომ არ აქვს? ახალს ვერ გააკეთებს, რადგან უცხოური მასალები აღარ აქვს, აღარ აწვდიან. ახლა, თავად რომ შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლითაც ის მასალები მზადება, მაგას წლები სჭირდება და კადრები. არ ჰყავს რუსეთს იმდენი და იმ დონის მეცნიერები, ეს ტექნოლოგიები რომ შექმნან. უკრაინის რესურსი კი ამოუწურავია. ამერიკული „ლენდ ლიზის“ პროგრამა კმარა მარტო რესურსების ომში რუსეთის დასამარცხებლად, „ლენდ ლიზი“ ამოუწურავს სამხედრო რესურსს რუსეთს და ამას დაამატე ევროკავშირის ქვეყნების, ავსტრალიის, კანადის, შვედეთის, ფინეთის, სამხრე კორეისა და სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარებები. 35 ქვეყანა ეხმარება უკრაინას იარაღითა და სამხედრო კომპონენტებით და განა რა სამხედრო რესურსი აქვს რუსეთს იმდენი, რომ ამას გაუძლოს? რაც უფრო მეტხანს გასტანს ომი, რუსეთისთვის არის უარესი, რადგან არსებული სამხედრო რესურსი გამოელევა და ახალს ვერ შექმნის. თუ შექმნის, ისეთ ეფექტურს ვერა, რომლებიც უცხოური ტექნოლოგიებითა და მასალებით გააკეთა. ადრეც გითხარი, ურალის ყველაზე დიდი ტანკების ქარხანა ერთი თვეა გაჩერებული იმის გამო, რომ ტანკის ლულის ფრანგული დეტალები აღარ აქვს. რუსეთის დუმაში გამოვიდა დეპუტატი ვალენტინა მატვიენკო და გაკვირვებულმა თქვა, ამდენი რკინა გვაქვს რუსეთში და ახლა გავიგე, რომ ლურსმანს უცხოეთში ვყიდულობთ, რუსეთი ლურსმანს არ აწარმოებსო. ეს ადრე უნდა ეფიქრათ რუსებს. როდესაც მთელ მსოფლიოს ეკონომიკაში ასე ხარ ინტეგრირებული, სხვა და სხვა ქვეყნების სამხედრო და ტექნოლოგიურ კომპანიებზეა მიბმული შენი სამხედრო წარმოება, ცოტა წინ უნდა გაიხედო.
„ლენდ ლიზზე“ ვიტყვი მოკლედ. საინტერესო ფაქტებს ვუამბობ თქვენს მკითხველს. ამერიკის პრეზიდენტს უკვე შეუძლია, განუსაზღვრელი რაოდენობით, ყოველგვარი კონგრესთან შეთანხმების გარეშე, უკრაინას მიაწოდოს შეიარაღება, ფული, საკვები. „ლენდ ლიზმა“ მოიგო მეორე მსოფლიო ომი. მაშინ მთელი დეტროიტის ავტომრეწველობა, სადაც მთელი ამერიკის ავტოწარმოება იყო თავმოყრილი, უცებ გადაერთო სამხედრო მრეწველობაზე. „ჯენერალ მოტორსი“ ტანკებს აწარმოებდა, „ფორდმა“ დაიწყო სამხედრო თვითმფრინავების კეთება. საათში ერთ თვითმფრინავს აწყობდნენ, გინდ დაიჯერე და გინდა – არა. „კრაისლერმა“ დაიწყო სამხედრო „ჯიპების“ წარმოება. ამერიკის შესაძლებლობა ამოუწურავია, რუსეთს შემოდგომაზე შეიძლება ყუმბარები აღარ ჰქონდეს.
– ბატონო სოსო, ბევრი ამბობს, რომ რასაც „ლენდ ლიზის“ პროგრამით აძლევს ამერიკა უკრაინას, მერე ამ ყველაფერის ფული უნდა გადაუხადოს უკრაინამ, ანუ ეს ჩვეულებრივი ვალიაო. მკითხველს იქნებ განუმარტოთ, რას ნიშნავს „ლენდ ლიზი“, რა პირობებით აძლევს ამდენ შეიარაღებას ამერიკა უკრაინას?
– „ლენდ ლიზის“ 1941 წლის 12 მარტს მიღებულ კანონში, იყო გაწერილი 1 მილიარდ 300 მილიონის დახმარების გაწევა, ოღონდ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა უსაფრთხოებაც ამერიკის ინტერესებში შედიოდა. მარტო ეს თანხა, 1.3 მილიარდი დღეს 30 მილიარდის შესატყვისია. შემდეგ, რუზველტი კონგრესს აღარ შეეკითხა და ჯერ 7 მილიარდზე ავიდა, შემდეგ 12 მილიარდზე. ეს იყო მხოლოდ და კონკრეტულად საბჭოთა კავშირისთვის გაწეული დახმარება. სპარსეთის ყურეში ამერიკელებმა ღია ცის ქვეშ მოაწყეს ავტომობილებისა და სამხედრო ტექნიკის ასაწყობი საამქროები, „პატარა დეტრიოტი“ დაარქვეს იმ ადგილს. აწყობდნენ „სტუდებეკერებს“, თვითმფრინავებს, ჯავშანმანქანებს… მერე ეს ყველაფერი გადმოჰქონდათ გემებით და რუსეთში მიდიოდა, საქართველოს გავლითაც ბევრი გაუტანიათ. საბჭოთა კავშირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ იარაღი, რომელიც ომის დასრულების შემდეგ გადარჩებოდა, სრულიად უხმარი იქნებოდა, უკან უნდა დაებრუნებინა ამერიკისთვის, რასაც ომში მოიხმარდა, იმას ჩამოაწერდნენ. თუ გადარჩენილ იარაღს არ დააბრუნებდა საბჭოთა კავშირი, მაშინ უნდა შეესყიდა ეს იარაღი. კი, ზოგიერთი ამბობს, „ლენდ ლიზით“ რაც მისცა ამერიკამ საბჭოთა კავშირს, არაფერი უჩუქებია, ყველაფერში ფული გადაიხადაო. ეს ტყუილია. რაც ომის შემდეგ უხმარი იარაღი დაიტოვა საბჭოთა კავშირმა, მხოლოდ იმ იარაღის ფული გადაიხადა, ხრუშჩოვის პერიოდში გადაუხადეს ეს თანხა ამერიკას. ეს იყო ამერიკული შეირაღების მცირე ნაწილის საფასური. სტალინი მთლიანად აპირებდა იმ შეიარაღების მუქთად დატოვებას, რაც ომს გადაურჩა. ჩვენ სისხლით გადავიხადეთ ამ იარაღის საფასურიო, ეს იყო სტალინის არგუმენტი. ამერიკელებმა უარი უთხრეს სტალინს მთელი იარაღის დატოვებაზე. ნავსადგურ ნახოდკაში გემებით დიდი, გიგანტური საპრესი მანქანები ჩამოიტანეს და ეს ახალთ-ახალი ტექნიკა დაპრესეს და ჯართად წაიღეს ამერიკაში. მემუარები მაქვს წაკითხული და იქ დაწვრილებით არის მოთხრობილი ეს პროცესი. თვითმფრინავებს და ტანკებს, ჯავშანმანქანებს ნავიგაციის სისტემებს ხსნიდნენ ამერიკელები და დანარჩენს პრესავდნენ. 105 000 ერთეული, ახალთახალი „სტუდებეკერი“ დაპრესეს და წაიღეს. რუს გენერლებს ცრემლები მოსდიოდათ, ამას რომ უყურებდნენ, ახალთახალი ტექნიკა და მანქანები რომ იპრესებოდა. უკრაინამ მშვენივრად იცის, რომ რასაც „ლენდ ლიზით“ მიიღებს, იმ დახმარებას ვერასდროს გადაიხდის. არც გადაახდევინებენ. რაც ომში განადგურდება, იმას თავისთავად ჩამოაწერენ და რაც დარჩება, იმას გადაიხდის ისევ ამერიკელთა ფულით. რამდენიმე მილიარდი დოლარი მისცა ამერიკამ უკრაინას, ახლა 40 მილიარდი აქვს გამზადებული, რომ ეტაპობრივად მისცეს და ამის შემდეგ, კიდევ დაეხმარება უკრაინას, ეს ბოლო არ არის. დაეხმარება ომის შემდეგაც. მთავარი ის არის, რომ ახლა უკრაინა მიიღებს თანამედროვე ამერიკულ შეიარაღებას, ფულს, საკვებს ჯარისთვის და დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, რაც გადარჩება, იმასაც ყველაფერს ჩამოაწერს ამერიკა და არ დაიწყებს იმის გარკვევას, რა გაიხარჯა ომში და რა არა. მექსიკას 100 მილიარდი დოლარი ვალი ჩამოაწერა და არც უკრაინას დაახრჩობს, რაც არ იხმარე, იმ სამხედრო ტექნიკის ფული გადამიხადეო. მოკლედ, ტყუილია ის ვერსია, რომ ამერიკა უკრაინას ვალით აკაბალებს, რომ უკრაინა „ლენდ ლიზით“ რასაც მიიღებს, იმ 40 მილიონი დოლარის ჩათვლით, გადასახდელი ექნება. არაფერი ექნება გადასახდელი და თუ დაიტოვებს რაიმეს, იმის საფასურსაც ამერიკელების ნაჩუქარი ფულით გადაუხდის ამერიკელებს. უკრაინის მილიონიანი არმია და „ლენდ ლიზი“ რადიკალურად შესცვლის ომში ვითარებას, რასაკვირველია, უკრაინის სასარგებლოდ.
კომენტარები