ლენტეხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციიდან ყველა მოქალაქე მოიხსნა. მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების იზოლაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 55 წლის კაცსა და მისი ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სოფელ მელეს მცხოვრებლები დაინფიცირებულების ახლო და მეორადი კონტაქტებია. ხუთი შემთხვევის დადასტურების შემდეგ გამკაცრებულია ზომები, ცაგერი-ლენტეხის გზაზე განთავსებულია ბლოკ-პოსტი და მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია.
კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში არ გამოვლენილა. სულ რეგიონში 137 პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 5 პაციენტი. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში – 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579, – ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
კომენტარები