თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და „ტვ პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის დაკავებულ დავით კუტალაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ცნობით, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას.
„კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება“, – აცხადებს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა კუტალაძე 12 ივლისს დააკავეს, მომხდარიდან 7 დღის შემდეგ!
შეგახსენებთ, იგივე შსს გვიმტკიცებს, რომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრები, 65 ვიდეოკამერიდან ერთ დღეში ამოიღო და დაამუშავა.
ლექსო ლაშქარავასა და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტზე, მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის, დაკავებულია ხუთი პირი, მათგან უკვე ხუთივეს პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჯამში, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე 21 პირია ბრალდებული.
კომენტარები