ნანა კვარაცხელია:
“სტუდენტი, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთი სკოლა დაამთავრა (შეგნებულად არ დავასახელებ არც სტუდენტს და არც სკოლას), ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში “ლექტორების” მიერ გახდა ბულინგის მსხვერპლი.
მან აცრემლებულმა ასეთი შეტყობინება გამომიგზავნა:
“ნანა მას, გამარჯობათ.როგორ ხართ.
მოკლედ ჩემი ამბის მოგვარება არ იქნა, საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მომეყოლა ეს ყველაფერი. ორი კვირა ხო გამიცდა და ჩამოვრჩი სასწავლო მასალას, გარდა მაგისა სიაში კიდე არ ვარ. ძალიან ბევრი თემები დამიგროვდა, ძალიან, რადგან არ ვიყავი წინა ორი კვირა. გუშინ დავიწყე სწავლა პირველი თემის, რომელიც პირველ სემინარზე გადასცეს ბავშვებს. მეთქი მერე მეორეს ვისწავლი, მესამეს და დავეწევი სასწავლო მასალას თქო. დილის 5 საათამდე ვსწავლობდი, იმის იმედით რო ჩავაბარებდი სემინორის თემას და ქულას დამიწერდა, რადგან ქულების დაგროვება მინდა, იმისთვის რო შუალედურზე დამიშვან. მივედი სემინორთან, მეთქი აფხაზეთიდან ვარ და ბრძანებამ
დაიგვიანა, ამიტომ თუ შეიძლება ჩაგაბაროთ თქო წინა თემები რო ქულები დამიწეროთთქო. შენ ეხლა არარსებულს მეუბნებიო, სიაში არ ხარო და რომელ ქულაზე მესაუბრებიო. ან რომელ
ჩაბარებაზეო. მეთქი აბა რა გავაკეთო, ასე ვიჯდე თქო და მეო სიაში რო არ ხარ ეგრე ვერაფერს ვიზამო, სიაში შეყვანის მერეც არ გამომკითხავს წინა მასალას და ქულასაც არ დამიწერს და ასე როგორ უნდა დავაგროვო ჩამკეტი ქულები.
გარდა ამისა, პარასკევს როცა მივედი სემინარზე (აკადემიური წერის სემინარზე) და თვითონ სემინორი მეკითხება, შენ ვინ ხარო? ავუხსენი სიტუაცია და მერე შენ აქ რა გინდაო, მეთქი რას ნიშნავს რა მინდა, წადიო და რუსულად ისწავლეო, მე შენ რა გასწავლოო, იქით რუსულად სწავლობდიო. წერა კითხვა იციო? იქ ხართო და რუსებს ეპადხალიმებითო ხო? და გაიცინა.
მე არ ვიციო შენ რას ისწავლიო აქო. მეთქი ვისწავლი, ქართული ჩვეულებრივად ვიცი, და ვისწავლი თქო და მერე კარგიო ჩაიწერეო და ოსწავლეო ეგო. ძაან დაძაბულად ვარ, აი ძაან ამის მერე საერთოდ. იმ მომენტში, როცა ასე მესაუბრებოდა ის ქალი – მიწა გამისკდა. მეთქი სად ვარ, ჩემი თავი საქართველოში არ მეგონა, ისეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს სადმე გადამთიელ ქვეყანაში ვიყავი, სამშობლოს გამყიდველის სახით.
მოკლედ არ ვიცი რაა, აწიც როგორ
იქნება, რაც დრო მიდის მით უფრო იკარგება დრო და პირველ სემესტრში უნდა ჩავრჩე?
ბოდიში, რომ გაწუხებთ”.
ჩვენო სტუდენტებო ოკუპირებული ტერიტორიიდან, მოგიწოდებთ, არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დამალოთ. მომწერეთ პირადად ან მოდით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში (ვაჟა-ფშაველას #16) და მოგვიყევით. თითოეული უმაღლესი საბჭოს წევრი და აპარატის ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტები იქნებიან თქვენს გვერდით. ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწა-წყის მცველების დამცირებას.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები არიან გმირები და ის ჯარისკაცები, რომლებიც 29 წლის განმავლობაში დარაჯობენ ქართულ მიწას, უნახავენ საქართველოს და თითოეულ აფხაზეთელს.
შენ კი ჩემო ძალიან ძვირფასო ადამიანო – ხარ საუკეთესო და ყველაფერი გექნება საუკეთესოდ. ხარ ყოჩაღი და როცა მიაღწევ ძალიან ბევრს, რაშიც მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმ ლექტორებს ეტყვი, რომ მადლობა მაშინდელი საქციელისთვის ი.რ. თქვენ მიბიძგეთ უფრო მონდომებული ვყოფილიყავი და უფრო მეტად შემეგრძნო სამშობლოს სიყვარული.
ძალიან მიყვარხარ!!!”
კომენტარები