ჟურნალისტის მოგონებები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია პირველი იყო, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიჭირეს, 2004 წლის იანვარში, გადასახადებისგან თავის არიდების გამო. კერძოდ, მას 720 000 ლარს ედავებოდა გამოძიება. ჟორდანიამ ეს თანხა შეიტანა ბიუჯეტში და ციხიდან გამოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საპროცესო შეთანხმება არ არსებობდა. მეორედ მერაბ ჟორდანია 2005 წლის აპრილში დაიჭირეს. ამჯერად მას თბილისის „დინამოს“ ბიუჯეტიდან, 1.3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისებაში დასდეს ბრალი. ასევე, „დინამოდან“ გამქრალი სხვა სოლიდური თანხების მითვისება-გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. ამ დროს ახალი მისული ვიყავი „ალია ჰოლდინგში“, ვწერდი „ალიასა“ და „კვირის ქრონიკაში“. მერაბ ჟორდანიას პირველად დაჭერამდე, „კვირის ქრონიკაში“ გამოვაქვეყნე ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება თბილისის „დინამოს“ შესახებ. უტყუარ მტკიცებულებებზე, შს სამინისტროს საგამოძიები სამსახურის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვწერდი იმ უამრავი დანაშაულის შესახებ, რაც მერაბ ჟორდანიამ და მისმა მეგობრებმა, მათ შორის, „მხედრიონელებმა“ ჩაიდინეს „დინამოში“ 1992 წლიდან 2003 წლამდე. რამდენიმე ფაქტს მოგახსენებთ.
1992 წლის 31 ოქტომბერს დაფუძნებული „დინამო“ იქცა „მხედრიონელთა“ და სხვა კრიმინალთა ლუკმად. ამ დროს დაიწყო საფეხბურთო კლუბის უკანონოდ მიტაცების არნახული საერთაშორისო მასშტაბის ფინანსური მაქინაციები. „მხედრიონის“ პატრონაჟით „დინამო“ რამდენიმე პიროვნებამ გადაიფორმა. შპს „საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამოს“ დამფუძნებელი 3 სუბიექტი გახდა. ყოფილი სპორტსაზოგადოება, იმჟამად (და ახლაც) სპორტკლუბი „დინამო“, ფირმა „ბერმუხა-92“ (პრეზიდენტი მერაბ რატიანი) და მოქალაქე მერაბ ჟორდანია.
„ბერმუხა-92“-სა და მერაბ ჟორდანიას ზურგს უმაგრებდნენ „მხედრიონის“ ლიდერები, რომლებიც იმ დროს არამარტო საფეხბურთო სამყაროს განაგებდნენ, ახალ შპს-ში წილებიც მათი ინტერესების შესაბამისად გადანაწილდა. „ბერმუხა-92“-ს ერგო 80%, მერაბ ჟორდანიას – 10% და სპორტკლუბი „დინამო“ შპს-ში მეწილედ შევიდა თავისი სოლიდური ქონებით – დიღმის საწვრთნელი და „ნორჩი დინამოელის“ საწვრთნელი ბაზა.
მერაბ რატიანს ფირმას საწესდებო კაპიტალში უნდა შეეტანა 3 მილიონ 204 ათასი მანეთი. ამ თანხის საფასურად შპს-ს ბალანსზე გადავიდა „ბერმუხა-92“-ის მიერ შეძენილი ავტომობილი „გაზ-31“, რომელიც 3 მილიონ მანეთად შეფასდა.
მერაბ ჟორდანიას უნდა შეეტანა 100 000 მანეთი, რაც არ შეუტანია. თუმცა მეწილე მაინც გახდა. სასაცილო ის არის, რომ, თუ რატიანმა ამ 3-მილიონიან „გაზ-31“-ში შპს-ს 80 პროცენტიანი წილი მიიღო, ორი ბაზის (დიღმის საწვრთნელი ბაზა 1 598 000 მანეთად შეაფასეს, „ნორჩი დინამოელისა“ კი _ 97 880 მანეთად) პატრონ სპორტკლუბ „დინამოს“, ანუ შსს–ს, რომელიც მანამდე კლუბის მფლობელი იყო, მხოლოდ 10 პროცენტიანი წილი მიუგდეს.
საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 21 ივნისის N251 ბრძანებულების შესაბამისად, საფეხბურთო კლუბი სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლების ყოველგვარი გადასახადებისგან გათავისუფლდა. ოღონდ იმ პირობით, რომ შეიქმნებოდა ე.წ. საპარტნიორო ფონდი, სადაც ამ თანხების აკუმულირება მოხდებოდა და იგი „დინამოს“ განვითარებას მოხმარდებოდა.
„დინამოს“ თავკაცებმაც დიდი ფულის კეთება დაიწყეს. იმ პერიოდში, „დინამოს“ სახელით საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 215 შემთხვევაში შემოტანილი იყო 17 მილიონ 700 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად გადასახადების სახით ბიუჯეტის კუთვნილი, მაგრამ კლუბისათვის ნაჩუქარი 28 მილიონი ლარი, ანუ 20 მილიონი დოლარი საპარტნიორო ფონდს უნდა მიეღო.
გამოძიებისას გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა ყოველგვარი აღრიცხვისა და კონტროლის გარეშე განიავდა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში მისცეს მერაბ ჟორდანია, ვ. შალიკაშვილი (დირექტორატის წევრი), მ. რატიანი და ნ. მამეიანი (მთავარი ბუღალტერი). მათ ბრალად წაეყენათ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სიყალბის ჩადენა.1999 წლის 25 იანვარს დიდუბია რაიონის მოსამართლე მ. კოტრიკაძემ განიხილა ეს საქმე და ოთხივე ბრალდებული გაამართლა.
1995_2000 წლებში, თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ 15 ფეხბურთელის გაყიდვიდან სატრანსფერო თანხად მიიღო 5 მილიონ 50 ათასი აშშ დოლარი, 3 მილიონი გერმანული მარკა და 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი.
ამ თანხის უდიდესი ნაწილი მერაბ ჟორდანიამ, მერაბ რატიანმა და სხვა პირებმა მიითვისეს. შოთა და არჩილ არველაძის სატრანსფერო თანხას, რომლებიც 1995 წელს „დინამოდან“ თურქეთის „ტრაბზონპორში“ გაყიდეს, გამოძიებამ საერთოდ ვერ მიაკვლია და დღემდე გაურკვეველია, რამდენად გაყიდა „დინამომ“ „ტრაბზონპორში“ ძმები არველაძეები. თბილისის „დინამოს“ გადასცეს დიდუბეში მდებარე, შოკოლადის ფაბრიკა „მზიური“ და იქიდანაც დიდი ფული იყო „მოტეხილი“. ამ ჟურნალისტური გამოძიებიდან რამდენიმე დღეში, მერაბ ჟორდანია პირველად დაიჭირეს. ჩემს ტელეფონზე არ წყდებოდა მერაბ ჟორდანიას მეგობრების და ოჯახის წევრების სატელეფონო ზარები. უკანასკნელი სიტყვებით ხომ მლანძღავდნენ და ასევე, მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი შსს–ს აგენტი. სხვაგვარად, იმ დოკუმენტებს, რომელთა ნაწილიც გამოვაქვეყნე და მერაბ ჟორდანიას და „დინამოს“ დირექტორატის ძველი და ახალი წევრები არაერთ დანაშაულში ვამხილე, ვერ მოვიპოვებდი. ჰო, მთავარი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეში მასალებში იდო, კახი კალაძის კიევის „დინამოში“ გაყიდვის ხელშეკრულება იყო. ამ ტრანსფერის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი არსებობდა და მეორე ყალბი იყო, რომლის სიყალებასაც „დინამოს“ შეფები გულმოდგინედ მალავდნენ. არადა, ამ ყალბი დოკუმენტით, „დინამომ“ „აგრომრეწვბანკიდან“ სესხი აიღო, ეს ყალბი დოკუმენტი ბანკში გირაოში ჩადო. შსს–ს საგამოძიები ჯგუფმა, კალაძის ტრანსფერის რეალური დოკუმენტი კი კიევის „დინამოს“ ოფისიდან მოიპოვა. ადგილზე, კიევში ჩავიდნენ გამომძიებლები და ისე. ამ მეორე დოკუმენტით მტკიცდებოდა, რომ კახი კალაძის ოფიციალური სატრანსფერო თანხის გარდა, „კიევის“ დინამომ 200 000 დოლარი აჩუქა თბილისის „დინამოს“. ეს თანხა, სამოწყალეოდ, მერაბ ჟორდანიამ სთხოვა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტს, გიორგი სურკისს და მან უარი არ უთხრა. იმდენად გამჭირვალე იყო მერაბ ჟორდანიას და მისი გუნდის ჩადენილი დანაშაულებები, რომ დამწყები გამომძიებელი არაერთ ბრალს წაუყენებდა მათ, ხელის გულზე იდო ყველაფერი, შსს–ს ეფექტურად ჰქონდა ნამუშევარი. ეს და სხვა დოკუმენტები მომაწოდა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ჩხაიძემ. მასთან კი ჩემმა თანამშრომელმა მიმიყვანა, რომელსაც თავად არ სურდა ამ მასალების გამოქვეყნება და არც მიზეზი მიკითხავს. შეიძლება ითქვას, ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა ამ სტატიის გამოქვეყნებას სპორტულ და მეტადრე, საფეხბურთო სამყაროში. ვიმეორებ, საქმე ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს ეხებოდა.
ამაზე არ გავჩერებულვარ და რამდენიმე თვეში, მეორე წერილი გამოვაქვეყნე „კვირის ქრონიკაში“, შეიძლება ითქვას, ამ ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელება. ცხადია, გამოვაქვეყნე მაშინ, როდესაც მასალების მეორე ნაწილი მოვიპოვე. ვიდრე მეორე სტატიას გამოვაქვეყნებდი, იყო უამრავი მუქარა, თხოვნა, აღარ შევხებოდი მერაბ ჟორდანიას. 14 წელი სპორტულ ჟურნალისტიკაში ვიყავი. „ალიაში“ მისვლიდან რამდენიმე თვეში დავანებე თავი სპორტზე წერას. ცხადია, ვწერდი ფეხბურთზეც და პირადადაც ვიცნობდი ჟორდანიას და არა მხოლოდ ჟურნალისტები, ბევრი სხვა საერთო ნაცნობები და ახლობლები გვყავდა. მიუხედავად ამისა, არავინ გამოუგზავნია ჩემთან იმ მიზნით, რომ გავეჩერებინე, არავის მისი სახელით არ უთხოვნია, მერაბს თავი დაანებეო. ამას ნამდვილად ვაფასებ და გულწრფელად ვიტყვი: სულ არ გამხარებია, რომ მერაბ ჟორდანიას ორჯერ დაჭერაში ჩემი წილიც იყო, რადგან ამ კაცს ბევრი დადებითი თვისება გააჩნია და ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული შეჭირვებული ადამიანებისთვის. მასთან დასახმარებლად მისული არავინ გაუწბილებია. მე, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მოკლედ, მეორე სტატია რომ გამოვაქვეყნე, მუქარებმა იმატა და უკვე საკუთარი და ოჯახის წევრების სიკვდილით მემუქრებოდნენ. ისევ მეუბნებოდნენ, რომ შსს–ს და პროკურატურის „ნასედკა“ ვიყავი, მათ ჟორდანიას მეორედ დაჭერა სურდათ, მე კი ამაში ვეხმარებოდი. მეორედ სწორედ „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებული მასალის, გამოძიების გაგრძელების საფუძველზე აღძრავდნენ საქმეს, რასაც კანონი ავალდებულებდა კიდეც პროკურატურას. ამ მუქარებს დიდად არ შევუშინებივარ, არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. თუმცა, საქმე იმაზე სერიოზულად იყო, ვიდრე მეგონა. თუმცა, ეს ჯერ არ ვიცოდი.
ერთ დღეს, სამსახურში მისული დამიბარა „ალია ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, გიორგი ბრეგვაძემ და მითხრა, ისეთი ხალხი გემუქრება, ყველაფერზე არიან წამსვლელები, ყოფილი „მხედრიონელები“, „ვერის საძმოს“ წევრები და მოდი, თავი დავიზღვიოთ და ერთი კვირა ქალაქგარეთ გადი, ოღონდ არავინ უნდა იცოდეს, სად იქნებიო. თან დასძინა, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ დღეებში მერაბ ჟორდანია, შესაძლოა, მართლა მეორედ დაიჭირონ და თუ ასე მოხდა, აუცილებლად შენ დაგბრალდებაო. თავიდან ვიუარე, მაგრამ გიორგიმ დამარწმუნა, საფრთხე რეალურია, დამიჯერე, რასაც გეუბნები, თორემ მე და „ალიას“ ჟურნალისტებს იმდენი გადაგვიტანია, კარგად ვარჩევ, რეალური საფრთხე რომელია და ფუჭად ვინ ემუქრებაო. დავუჯერე შეფს. ჩავედი ბუღალტერიაში, ავიღე „დასამალი“ ფული, რეალურად, მივლინება გამომიწერეს ბათუმში. მივედი სახლში, ჩავდე ზურგჩანთაში საჭირო ნივთები და ტანსაცმელი და საჩხერეში წავედი. ოჯახში ვთქვი, რომ ბათუმში მივდიოდი. გიორგი ბრეგვაძემ ისიც მითხრა, რომ საკუთარი ტელეფონით და ნომრით არავისთან დამერეკა, ახალი ტელეფონის საყიდელი ფული და ახალი სიმ–ბარათი მომცა.
ავდექი და საჩხერეში წავედი. ძალოსან გია ასანიძეს მივადექი სახლში. გიასთან ვმეგობრობდი და ვიცოდი, ცოცხალი თავით არ გამთქვამდა, თუ ვინმე მართლა ძებნას დამიწყებდა და იეჭვებდა, რომ საჩხერეში ვიყავი. მაგრამ გიასთან დღეში ათასი კაცი მიდი–მოდიოდა და მასთან ვერ დავრჩებოდი. ერთ ოთახში ხომ არ გამოგკეტავ, ცოდო ხარო. ცოტა მოშორებით, მისი ბიძაშვილი, გიზო გაბრიჭიძე ცხოვრობდა. მასთან მიმიყვანა და ერთი კვირა გიზოსთან დავრჩი. მესამე დღეს ტელევიზიით გავიგე, რომ მერაბ ჟორდანია მეორედ დააკავეს. მერე „დინამოს“ დორექტორატის წევრი, რომან შოთაძე და კიდევ რამდენიმე პირი დაიჭირეს, ზოგი „დინამოს“, ზოგი „მზიურის“ საქმეზე. გიორგი ბრეგვაძე მართალი იყო, ტყუილად არ მირჩია დაჟინებით გარიდება. 8 დღე დავრჩი საჩხერეში. ქეიფში გავატარე მთელი ის დრო და ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ საფრთხე მემუქრებოდა. ვიცოდი, იქ ვერავინ მომაგნებდა. ყოველდღე შემოგვირბენდა გია ასანიძე, ხორაგით დატვირთული. მეხუმრებოდა, იმერელი კაცისთვის სტუმარი რას ნიშნავს ხომ იცი და დევნილი სტუმარი ორმაგად პატივსაცემიაო. მე–8 დღეს, გიორგი ბრეგვაძის ნებართვით, „ტყვეობას“ თავი დავაღწიე და თბილისში წამოვედი. გია ასანიძისა და გიზო გაბრიჭიძის სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები. თბილისში ჩამოსული პირდაპირ რედაქციაში მივედი. გიორგი ბრეგვაძე არ იყო სამსახურში, მაია ფურცელაძესთან შევედი ოთახში და ცხადია, მერაბ ჟორდანიას დაჭერაზე ვსაუბრობდით.
მაშინ მითხრა მაიამ, რომ „ვერის საძმოს“ ყოფილ წევრს, მერაბ ჟორდანიას იმჟამინდელ ძმაკაცს, ლერი სულაბერიძეს უთქვამს ჩემზე, რომ ეს უნდა გავასაღოო. საღამოს იგივე მითხრა გიორგი ბრეგვაძემაც. ლერი სულაბერიძე „ვერის საძმოს“ იმ თავზეხელაღებულ ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომელთაც „ბოროტებს“ ეძახდნენ, რომელთა კისერზე არაერთი დაუმტკიცებელი დანაშაულია, მათ შორის, თორაძეების ოჯახის ამოჟლეტა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ლერი სულაბერიძეს განზრახვაზე ხელი მერაბ ჟორდანიამ და მერაბ რატიანმა ააღებინეს, ციხიდან სთხოვეს, ჩემთვის თავი დაენებებინა. ისიც გავიგე, რომ სულაბერიძემ თავად გადაიფიქრა ჩემი მოკვლა. არ ვიცი, რომელია მართალი. ისე, ლერი სულაბერიძეს არც მერაბ ჟორდანიას და არც „დინამოს“ დირექტორატის დაჭერილი წევრების დარდი არ ჰქონდა, თუ მომკლავდა, ეს მათი დაჭერისთვის შურისძიების აქტი არ იქნებოდა. ლერი სულაბერიძეს ეგონა, რომ გამოძიება მასაც მიადგებოდა, საკუთარი დარდი ჰქონდა უპირველესად. მით უფრო, იმ დროს ვრცელდებოდა ხმები, რომ მერაბ ჟორდანიას მეორედ დაჭერა იმის ნიშანი იყო, რომ პროკურატურა ძირისძირობამდე ჩაჰყვებოდა „დინამოს“ საქმეს და ყველას სათითაოდ „აკრეფდა“, ვისაც კი „დინამოს“ სახელით, ფინანსური მაქინაციებით ფული ჰქონდა ნაშოვნი. ლერი სულაბერიძე კი ერთ დროს „დინამოს“ დირექტორატის წევრი იყო. თუმცა, ასე არ მოხდა. ყველა გამოუშვეს, ფული გადაახდევინეს და გამოუშვეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური გადასახადის გარდა, რაც ბიუჯეტში შეიტანა, მერაბ ჟორდანიამ 5 მილიონი დოლარი გადაიხადა თავისუფლებისთვის.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“ 24
კომენტარები